უკვე ორ საუკუნეზე მეტია, მადამ ტიუსოს მუზეუმი გამოჩენილი ადამიანების ცვილის ასლებს ამზადებს, რომლებიც იმდენად ჰგვანან “ორიგინალებს”, რომ მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამ მსგავსების გამო გაითქვა “მადამ ტიუსომ” სახელი და დღეს ის უბრალოდ მუზეუმი კი არა, ცნობილი ბრენდია, რომელსაც ფილიალი მსოფლიოს მრავალ ადგილში აქვს. მაგრამ, თუ თეატრი კოსტიუმებით იწყება, მუზეუმი – ნამდვილად სახელოსნოდან. ოდესღაც ცნობილი ადამიანების ასლებს თავად მადამ ტიუსო ამზადებდა, დღეს თითოეული ფიგურის მიღმა სპეციალისტების მთელი ჯგუფი დგას: ერთნი თმისა და თვალების ფერს არჩევენ, სხვები მაკიაჟზე ზრუნავენ, დანარჩენები კი – საჭირო აქსესუარებზე.
დღეს ჩვენ მადამ ტიუსოს მუზეუმის საიდუმლოებებს გაგიმხელთ და გიჩვენებთ, როგორ შრომობენ მისი თანამშრომლები და რა ოსტატობით ამზადებენ თითოეულ ცვილის ფიგურას. ასევე გაიგებთ, საიდან და როგორ დაიწყო მუზეუმის ისტორია და რატომ მოიძებნება ტიუსოს კოლექციაში სერიული მკვლელების ფიგურები, ამასთან, შეიტყობთ, რატომ უნდა მოინახულოთ მუზეუმის ლონდონის ფილიალი.
ისტორიის სიღრმეებში
ანა მარია საფრანგეთში დაიბადა, თუმცა შემდეგ დედასთან ერთად საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა. სწორედ აქ დაიწყო მისი კარიერა: დედამისი ცნობილი მოქანდაკის, ფილიპ კერტისის სახლში მნედ მუშაობდა, ანა კი მისი ასისტენტი და მოსწავლე გახდა. როცა თავისი პირველი ნამუშევარი – ვოლტერის ბიუსტი შექმნა, ანა მარია სულ რაღაც 17 წლის იყო.
ახალგაზრდა ოსტატმა სახელი შორს გაითქვა და 1779 წელს იგი სამეფო კარზე მიიწვიეს, რათა მას მეფის დისთვის, ელისაბედისთვის ქანდაკება ესწავლებინა. სამწუხაროდ, მისი დალხინებული პერიოდი ცოტა ხანს გაგრძელდა – 10 წლის შემდეგ რევოლუცია მოხდა და ანა როიალისტების მხარდაჭერის ბრალდებით დაიჭირეს. მას დასჯაც კი ემუქრებოდა, თუმცა “დანაშაული” აპატიეს და სანაცვლოდ, სამსახური მოსთხოვეს: ამჯერად ანა ვალდებული იყო, დასჯილი პატიმრების სიკვდილის შემდგომი ნიღბები დაემზადებინა. მისი პირველი საშინელი და ცნობილი “მოდელები” გახდნენ ლუი XVI და მარია ანტუანეტა.
რევოლუციონერები ახალი რეჟიმის ყველა მოწინააღდეგეს დაუნდობლად სჯიდნენ, ამრიგად ანას კოლექცია თანდათან შეივსო. მას დამნაშავეების სახეების რამდენიმე ვარიანტიც კი ჰქონდა, რომელთა ფიგურად გაერთიანება გადაწყვიტა და ასე შექმნა პირველი კომპოზიცია.


პირველი სტაციონარული მუზეუმი მაშინ გაიხსნა, როცა მადამ ტიუსო უკვე 74 წლისა იყო. ამ დროიდან მისმა პოპულარობამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. მის გამოფენებს უამრავი ხალხი მიაწყდა, ანა კი მუშაობას აგრძელებდა, მათ შორის კვლავ თანამშრომლობდა ჯალათებთან, რომ სერიული მკვლელებისა და ცნობილი დამნაშავეების ნიღბები აეღო.
როგორ მზადდება ცვილის ფიგურები?
ცვილის ფიგურის დამზადება ძალზე შრომატევადი საქმეა. თითოეულ ფიგურის დამზადებას საშუალოდ 3-4 თვე სჭირდება და მის სრულყოფაზე დაახლოებით 15 მხატვარი და დიზაინერი მუშაობს. მუზეუმში ყოველწლიურად 200 ახალი ფიგურა მზადდება.
სამუშაოს მოსამზადებელი ეტაპი ცნობილ პიროვნებასთან შეხვედრა და “ზომების აღებაა”.
დიზაინერები გარეგნობის სხვადასხვა მახასიათებლის საშუალოდ 250 ნიმუშს იღებენ: კანის ზუსტ შეფერილობას, თვალების ფერს, სტრუქტურას და თმის ელფერს, სახის ფორმას და ა.შ.
ზომებისა და ნიმუშების შეგროვების შემდეგ სამუშაოს პირველი ეტაპი იწყება: სკუპლტორი ფიგურის პროტოტიპს თიხისგან ძერწავს, მათ შორის თმასაც. ეს სამუშაოს ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ფიგურა და ორიგინალი დასაწყისიდანვე მაქსიმალურად უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს.
ამის შემდეგ მაკეტს ცვილის ფენით ფარავენ და აცდიან, ფენა კარგად გაიყინოს. ამ პროცესს ერთი კვირა სჭირდება. მერე კი ყველაზე რთული ეტაპი იწყება: მხატვარი ზეთის საღებავების დახმარებით კანს საჭირო შეფერილობას აძლევს, ცვილის ფიგურას უსვამენ თვალებს და კბილებს. თვალის ფერი ზუსტად იმეორებს ცნობილი ადამიანის თვალების ფერს, ხელოვნურ კბილებს კი საწყის ეტაპზე ამზადებენ.
თვალებს აკრილის ფისისგან ამზადებენ და მისი დამზადებისას დიდ ყურადღებას აქცევენ პერსონის თვალის ინდივიდუალურ აგებულებას. მაქსიმალური რეალობისთვის, თვალებში უწვრილეს კაპილარებსაც კი “ხატავენ” აბრეშუმის ძაფების დახმარებით.
თვალების თითოეულ ასეთ წყვილზე სამუშაოდ ოსტატს 15 საათი სჭირდება, თუმცა შედეგი ამად ღირს: ტიუსოს საამაყო ცვილის ფიგურებს საოცრად ცოცხალი თვალები აქვთ.
შემდეგი შრომატევადი ეტაპი თმების დამაგრებაა. ცალ-ცალკე ამაგრებენ თმის თითოეულ ღერს, რათა ფიგურა რეალურად გამოიყურებოდეს. ამ პროცესს შეიძლება თვე-ნახევარიც კი დასჭირდეს.

მთელი პროცესი, თავიდან ბოლომდე, ასე გამოიყურება:
მორიგი ეტაპი შესაფერისი ტანსაცმელი და მაკიაჟია. როგორც წესი, ვარსკვლავები მუზეუმს საკუთარი გარდერობიდან უთმობენ სამოსს.
ამის შემდეგ ფიგურას უმატებენ აქსესუარებს, უკეთებენ მაკიაჟს და ვარცხნილობას.
აი, მაგალითად, ასე გაალამაზეს დედოფალ ელიზაბეთ II-ის ფიგურა:
ალბერტ აინშტაინის ფიგურა კი ასე შეღებეს:
ბონუსი: აბა, თუ გამოიცნობთ, რომელ ფოტოზეა ცნობილი ადამიანი და რომელზე – მისი ცვილის ფიგურა?
პასუხი:
ნამდვილი სანდრა ბულოკი მარჯვნივაა, შავ კაბაში.
სკარლეტ იოჰანსონიც (რომლის ცვილის ფიგურაც, დაგვემოწმებით, ძნელი ამოსაცნობია) ასევე მარჯვნივაა.
კიდევ ერთი ბონუსი: მუზეუმში შეგიძლიათ პრინც უილიამის ცვილის ფიგურას აკოცოთ.