როგორც ძველი, ისე ახალი თაობის არაერთ მსახიობს სამშობლოს წინაშე ვალი მოხდილი ჰქონია. წარმოგიდგენთ შვიდ მსახიობს, რომელიც სხვადასხვა მიზეზებით ჯარში მსახურობდნენ.
კირკ დაგლასი
მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას კირკ დაგლასი გამწვევმა კომისიამ ცუდი მხედველობის გამო დაიწუნა. მომავალმა სპარტაკმა ფარ-ხმალი არ დაყარა და სამ თვეში ხელმეორედ გაიარა შემოწმება. რიგითი დაგლასი წყნარი ოკეანის ფლოტში ჩარიცხეს. 1943 წელს იგი მსუბუქად დაიჭრა და საავადმყოფოში მოხვდა, სადაც მომავალი მეუღლე დაიან დილი გაიცნო. მოგვიანებით დაგლასს დიზენტერია დაემართა, რის გამოც ჯარის დატოვება მოუხდა.
ადამ დრაივერი
2001 წელს ადამ დრაივერი საზღვაო ქვეითი კორპუსის წევრი გახდა. მომავალი მსახიობის გადაწყვეტილებაზე 11 სექტემბრის ტერაქტმა იმოქმედა. ერაყში გამგზავრების წინ დრაივერმა წრთვნების დროს მკერდი დაიშავა. ტრავმამ მისი სამხედრო კარიერა დაასრულა. მსახიობი დადებითად იხსენებს ჯარში გატარებულ პერიოდს, მეუღლესთან ერთად მან ორგანიზაცია “ხელოვნება შეიარაღებულ ძალებში” ჩამოაყალიბა, რომელიც ჯარის კულტურულ განვითარებას ემსახურება.
კლინტ ისტვუდი
21 წლის კლინტ ისტვუდი სამსახიობო კარიერაზე საერთოდ არ ფიქრობდა, როდესაც ჯარიდან მოწვევა მიიღო. იმ პერიოდში კორეის ომი მიმდინარეობდა, მაგრამ ახალგაზრდას გაუმართლა და სამხედრო სამსახური ამერიკის ტერიტორიაზე მოიხადა. ჯარში წასვლა ისტვუდის კარიერაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა, სწორედ აქ გაიცნო მან რეჟისორის ასისტენტი, რომელმაც შემდგომში კოვბოის როლზე სერიალ Rawhide-ში დაასაქმა.
მორგან ფრიმანი
ხუთი წლის განმავლობაში მორგან ფრიმანი ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში მსახურობდა. 18 წლის ასაკიდან იგი მფრინავი-გამანადგურებლის პროფესიაზე ოცნებობდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომავალ მსახიობს შეხედულებები შეეცვალა და ჯარიდან დაბრუნებულმა სამსახიობო გასაუბრებებზე სიარული დაიწყო.
ჩაკ ნორისი
კარლოს რეი ნორისი ბავშვობიდან პოლიციელობაზე ოცნებობდა. სკოლის დამთავრებისთანავე იგი სამხედრო-საჰაერო ძალებში ჩაეწერა. 1959 წელს ნორისი სამხრეთ კორეაში გაამგზავრეს, სწორედ სამხედრო ბაზაზე თანამებრძოლებმა ჩაკი შეარქვეს. სამხედრო სამსახური მოსაწყენად მიმდინარეობდა და ახალგაზრდა ჯარისკაცმა ძიუდოში, შემდეგ კი ტანსუდოში მომზადება დაიწყო. ჯარიდან ჩაკი შავი ქამრით დაბრუნდა და აღმოსავლური ორთაბრძოლების სკოლა გახსნა, მისი ერთ-ერთი მოსწავლე სტივ მაკქუინი გახლდათ, რომელმაც ნორისს კინოროლის მიღებაში დაეხმარა.
ჯეიმს ერლ ჯონსი
წარმოიდგინეთ სამხედრო შენაერთი, რომელშიც მეთაური ბრძანებებს დარტ ვეიდერის ხმით გასცემს. ჯეიმს ერლ ჯონსმა სამხედრო სამსახურს 9 წელი დაუთმო, მაგრამ 1962 წელს ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, ჯარი მიატოვა და სამსახიობო ოსტატობის შესწავლას შეუდგა. იმ დროისთვის ჯონსს უკვე ლეიტენანტის წოდება ჰქონდა მოპოვებული.
გალ გადოტი
ისრაელში სქესის განურჩევლად ყველა მსახურობს, გამონაკლისი არც მის ისრაელის წოდების მფლობელი გალ გადოტი გახდა. ორი წლის განმავლობაში მომავალი ქალი საოცრება იარაღის ფლობასა და ხელჩართულ ბრძოლაში ვარჯიშობდა. ჟურნალ Maxim-ის რედაქციამ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ახალგაზრდა, მიმზიდველი მებრძოლის სურათი ნომრის გარეკანზე განათავსა, რომელმაც გადოტს საყოველთაო ცნობადობა და პოპულარობა მოუტანა.