უსიმპათიურესი და უნიჭიერესი კილიან მერფი 1976 წლის 25 მარტს ირლანდიის ქალაქ კორკში დაიბადა. მისი დამატყვევებელი ცისფერი თვალები და ახალგაზრდული იერი, ნიჭიერება და ქარიზმა არის მთავარი ფაქტორები, რის გამოც მსახიობს ფანატების მილიონიანი არმია ჰყავს.
შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ კილიან მერფი უკვე 42 წლისაა. მისი სამსახიობო დებიუტი თეატრში შედგა, შემდეგ კი ირლანდიური კინოინდუსტრია დაიპყრო. 2002 წელს ფილმით 28 დღის შემდეგ მერფი საერთაშორისო ასპარეზზეც გახდა ცნობილი, რასაც მოჰყვა მნიშვნელოვანი ფილმები შავი რაინდი, წითელი თვალი, დასაწყისი და სხვა ნამუშევრები, რომლებმაც ვარსკვლავს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.
თუმცა მერფის ერთ-ერთ გამორჩეულ როლად ნამდვილად უნდა ჩავთვალოთ ტომი შელბის პერსონაჟი სერიალში ალესილი კეპები, რომლის სიუჟეტიც პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ბირმინგემში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების საქმიანობის გარშემო ვითარდება.
გადავწყვიტეთ, უკეთ გაგაცნოთ ირლანდიელი ვარსკვლავი და წარმოგიდგენთ 18 საინტერესო ფაქტს მის შესახებ.
1. კინომოღვაწეობის დაწყებამდე მერფი როკვარსკვლავობაზე ოცნებობდა
მერფი თავის ძმასთან, პაიდისთან ერთად უკრავდა ბენდში სახელწოდებით “The Sons of Mr. Greengenes” და ხმის ჩამწერი სტუდიის, Acid Jazz Record-ისგან დისკის ჩაწერის შემოთავაზებაც ჰქონდა. კილიანმა შეთავაზებაზე უარი იმ მიზეზებით თქვა, რომ მისი ძმა ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მოსწავლე იყო და თანაც, შემოთავაზებულმა ანაზღაურებამ არ დააკმაყოფილა. მუსიკა მისი ერთ-ერთი ძლიერი გატაცებაა, ის ათი წლიდან უკრავს და წერს სიმღერებს
2. ბენდი, სახელად The Sons of Mr. Greengenes
მერფები The Beatles-ის დიდი მოყვარულები იყვნენ, ხოლო ბენდს სახელი თავიანთი კიდევ ერთი კერპის, ფრენკ ზაპას 1969 წლის ცნობილი სიმღერის მიხედვით დაარქვეს. ბენდში, რომელიც “სახალისო, ირონიული ტექსტებითა და უსასრულო გიტარის სოლოებით გამოირჩეოდა”, გიტარისტი სწორედ კილიანი გახლდათ.
3. კილიანი კოლეჯში სწავლის პირველ წელს ყველა გამოცდაში ჩაიჭრა
კილიან მერფის იურისტობა სურდა და ამ პროფესიის შესწავლა კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯში (UCC) დაიწყო 1996 წელს. კინომოყვარულთა საბედნიეროდ, მან პირველ წელს ყველა გამოცდა ჩააფლავა, რადგან, მისივე თქმით “არავითარი მოტივაცია არ გააჩნდა”. მას შემდეგ, რაც კილიანმა “მექანიკური ფორთოხალის” სცენური ვერსია იხილა, მსახიობობით დაინტერესდა და იმავე კოლეჯში დრამის ფაკულტეტზე ჩააბარა.
4. კენ ლოუჩის ფილმში მოსახვედრად მერფიმ სინჯები ექვსჯერ გაიარა
ირლანდიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ გადაღებულ კენ ლოუჩის დრამაში ქარი, რომელიც ქერს არხევს დამიანის როლზე კილიანს სინჯების გავლა ექვსჯერ მოუწია. ლოუჩმა ამ ფილმის გადაღება სწორედ კორკში – კილიანის მშობლიურ ქალაქში გადაწყვიტა, რაც მსახიობისთვის დიდ კინოში მოხვედრის დიდებული შანსი იყო.
5. კილიანისთვის განსხვავებული სქესის ადამიანის განსახიერება პრობლემას არ წარმოადგენს
2005 წლის ფილმში საუზმე პლუტონზე, მერფიმ ტრანსვესტიტ პატრიკ/კიტენ ბრადენის როლი შეასრულა. თავად ფილმი ზოგიერთმა ჯგუფმა გააკრიტიკა, თუმცა კილიანის დიდებული თამაში ყველამ ერთხმად აღნიშნა. ამ როლისთვის იგი ოქროს გლობუსის ნომინანტიც იყო კატეგორიაში: მიუზიკლის ან კომედიის საუკეთესო მსახიობი.
6. 2005 წელს მან ორი ფსიქოპათის როლი ითამაშა
2005 წელი კილიან მერფისთვის ფსიქოპათური გამოდგა. მან ბრწყინვალედ ითამაშა დოქტორი ჯონათან ქრეინი (საფრთხობელა) ფილმში ბეტმენი: დასაწყისი და ჯექსონ რიპნერი წითელ თვალში.
7. ბეტმენიდან საფრთხობელამდე
მერფიმ ფილმისთვის ბეტმენი: დასაწყისი თავდაპირველად ბეტმენის როლისთვის გაიარა სინჯები, მაგრამ მთავარი როლი კრისტიან ბეილს ერგო. თუმცა რეჟისორ კრისტოფერ ნოლანს მერფის თამაში იმდენად მოეწონა, რომ მას ბეტმენის დაუძინებელი მტრის, საფრთხობელას როლი შესთავაზა, რომელიც სერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, განვითარებადი პერსონაჟია.
8. ის მშვენივრად ერკვევა ყასბის პროფესიაში, მიუხედავად იმისა, რომ ვეგეტარიანელია
მერფი ვეგეტარიანელია, მაგრამ ფილმში გოგონა მარგალიტის საყურით ყასბის როლისთვის გულდასმით შეისწავლა ხორცის დაჭრა.
9. მისთვის სცენა არაა შეჯიბრი, რომელშიც უნდა გაიმარჯვოს
მერფი საკმაოდ კარჩაკეტილად ცხოვრობს და სელებრითი სცენის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენს. მისი აზრით, წითელი ხალიჩისკენ სწრაფვა “შეჯიბრია, რომელში გამარჯვებაც მისთვის საინტერესო არაა”.
10. კილიანი დაქორწინებულია
კილიან მერფი 2004 წელს თავის დიდი ხნის შეყვარებულზე, მხატვარ ივონ მაკგინესზე დაქორწინდა. წყვილს ორი ვაჟი – მალაქია და არანი ჰყავს. კილიანმა და ივონმა ერთმანეთი 1996 წელს, მერფის როკბენდის ერთ-ერთ შოუზე გაიცნეს.
11. ტაბლოიდებზე კილიან მერფის სახელი იშვიათად ხვდება
მერფი საკმაოდ წყნარი ცხოვრებით ცხოვრობს, რაც ჭორების მოყვარული ჟურნალებისა თუ გამოცემებისთვის მიმზიდველი არაა, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი საკმაოდ მცირეა. მსახიობის თქმით, მას “არაფერი კონტროვერსიული არ გაუკეთებია, მისი ღალატის ამბავი არ გახმაურებულა, სხვადასხვა ადგილას მთვრალი არ გამოუჭერიათ” და ასე შემდეგ. ის უბრალო, წყნარი, თუმცა, ვაღიაროთ, რომ საოცრად მიმზიდველი ადამიანია.
12. კილიანი აგნოსტიკოსი იყო, თუმცა ამჟამად იგი ათეისტია
მსახიობმა აღიარა, რომ ათეიზმი მის მსოფლმხედველობად ფილმ მზის ნათებაზე მუშაობისას იქცა. მანამდე მას სწამდა, რომ სიცოცხლის შემდეგ არსებობის შესახებ შეუძლებელია რამე ვიცოდეთ, შესაბამისად, აგნოსტიკოსი იყო. მაგრამ აღნიშნულ ფილმზე მუშაობამ მისი შეხედულებები შეცვალა და ამჟამად მას აღარ სჯერა სიცოცხლის შემდეგ არსებობის.
13. იგი პედაგოგების ოჯახიდანაა
კილიანის მამა ირლანდიის განათლების განყოფილებაში მუშაობს, დედა კი ფრანგულის მასწავლებელია. არამარტო მშობლები, მისი ბაბუაც მასწავლებელი იყო და ბიძები და დეიდებიც პედაგოგები არიან.
14. ალესილ კეპებზე მუშაობისას მას უამრავი სიგარეტის მოწევა მოუწია
მსახიობი არამწეველია, მაგრამ სერიალში ალესილი კეპები მის პერსონაჟს სიაგრეტის გარეშე ფაქტობრივად ვერ ნახავთ. მთლიანი შოუს მანძილზე მას ათასობით ღერი სიგარეტის მოწევა მოუხდა, საბედნიეროდ, ეს ნიკოტინი არ ყოფილა. “არ ვეწევი, თუმცა როლისთვის საჭირო იყო. ვარდის ფურცლებისგან დამზადებულ სიგარეტს ვეწეოდი, დღეში დაახლოებით 5 ღერს. გადამღები ჯგუფის წევრს ვთხოვე, დაეთვალა, რამდენი ღერი იწეოდა თითო სერიაში 3000 დაითვალა!”.
15. ის საკმაოდ კარჩაკეტილი პიროვნებაა
კილიანი საჯაროდ იშვიათად საუბრობს პირად ცხოვრებაზე და მხოლოდ პრემიერებს ესწრება. გაგაოცებთ ის ფაქტი, რომ მსახიობი პირადი დაცვისა და თანმხლებების გარეშე მოგზაურობს, არ ჰყავს პირადი აგენტი და წარმოიდგინეთ, არც სტილისტი. კილიანი სატელევიზიო შოუში პირველად 2010 წელს გამოჩნდა თავისი ფილმის, პერიეს გულუხვობის პრომოციის ფარგლებში. ის დღემდე ასეთ ცხოვრებას აგრძელებს.
16. მერფიმ უახლოესი მეგობრების უმეტესობა ჯერ კიდევ კინოში გამოჩენამდე შეიძინა
რადგან უკვე ვიცით, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებას მაინცდამაინც არ სწყალობს, გასაგები იქნება ის ფაქტი, რომ კილიანს მეგობრების უმეტესობა იმ დროიდან მოჰყვება, როცა სამსახიობო კარიერა დაწყებული არც ჰქონდა, თუმცა მის მეგობრებში ორი მსახიობი მაინც ურევია: ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ირლანდიელი კოლინ ფარელი და ასევე ირლანდიელი ლიამ ნისონი, რომელსაც კილიან მერფი ბეტმენი: დასაწყისის გადაღებებისას დაუმეგობრდა და თავის “მსახიობ მამას” უწოდებს.
17. დიდი წარმატების მიუხედავად, კილიან მერფი ჰოლივუდის მსახიობი მაინც არაა
მისი პირადი ცხოვრების მცირე ცნობილი დეტალებიდან ერთ-ერთი ისაა, რომ კილიანი თავის ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს. იგი ძირითადად ბრიტანეთში მუშაობს და ჰოლივუდში გადასვლის არავითარ სურვილს არ გამოთქვამს.
18. მისი პერსონაჟი ყოველთვის სახასიათოა
ყველამ, ვისაც კილიან მერფის ერთი როლი მაინც უნახავს, იცის, რასაც ვგულისხმობთ: მისი პერსონაჟი არასდროს დაგვავიწყდება. მერფი ისე თამაშობს, რომ არასდროს “უჩინარდება” როლში და ყოველთვის ინარჩუნებს საკუთარ ხასიათს. ეს მის ყველა როლში იგრძნობა, იქნება ეს მსუბუქი თუ მძიმე. კილიან მერფის გამორჩეულობა და ხასიათი ნებისმიერ როლში ანათებს და სწორედ ესაა მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის საიდუმლო.