ფილმის გადაღება რთული პროცესია და ხშირად ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. მოულოდნელ მომენტში ფუჭდება დეკორაცია, ტყდება რეკვიზიტი, მსახიობს ტექსტი ავიწყდება… და ასე უსასრულოდ. თუმცა გამოცდილი მსახიობები ასეთ სიტუაციებშიც პროფესიონალებად რჩებიან და არ იბნევიან – ისინი უხმოდ იტანენ ტრავმებს, ახალი რეპლიკებით ანაცვლებენ დავიწყებულ სიტყვებს ან იმპროვიზაციას მიმართავენ. ხანდახან მსახიობები კასკადიორების ფუნქციებსაც ითავსებენ ან, მეტი ბუნებრიობისთვის, მტკივნეულ პროცედურებს განგებ იტარებენ. ასეთი მომენტები ფილმში უმეტესად არ ხვდება, მაგრამ ზოგიერთი “წარუმატებელი” სცენა მონტაჟის შემდეგ ფილმში მაინც დაუტოვებიათ და სწორადაც მოქცეულან.
წარმოგიდგენთ შემთხვევით დუბლებს, რომლებიც ფილმიდან ამოჭრას გადაურჩნენ და შემდეგ მაყურებლების ფავორიტ კადრებადაც იქცნენ.
1. 40 წლის ვაჟიშვილი
გახსოვთ მომენტი, როცა სტივ კარელის გმირს მკერდზე ეპილაციას უკეთებენ? თავდაპირველად ამ სცენის გადაღებას სპეცეფექტებით და გრიმით აპირებდა, მაგრამ მსახიობმა მოითხოვა, მკერდზე არსებული თმა ნამდვილი დეპილაციის საშუალებით მოეცილებინათ. ამიტომ, ყველა ემოცია, რომელსაც ამ მტკივნეული პროცესისას მსახიობი გამოხატავს, ნამდვილია.
2. ფორესტ გამპი
ერთ-ერთ სცენაში რეპლიკის – “მე მქვია ბენჯამინ ბაფორდ ბლუ. ხალხი ბაბას მეძახის” – პასუხად ტომ ჰენკსის გმირმა უპასუხა: “მე მქვია ფორესტ გამპი. ხალხი ფორესტ გამპს მეძახის”. სინამდვილეში მსახიობმა ბოლო წინადადება თავისით დაამატა, მაგრამ რეჟისორს ეს “წარუმატებელი” დუბლი ისე მოეწონა, რომ ფილმის საბოლოო ვერსიაში დატოვა.
3. ბანქო, ფული და ორი ლულა
ცნობილი სცენა, რომელშიც ნიკი ისე ძლიერად ანარცხებს მაგიდაზე ჭიქას, რომ ეს უკანასკნელი იმსხვრევა, სულაც არ ყოფილა დაგეგმილი. ეს შემთხვევით მოხდა და სწორედ ამიტომ, მსახიობის სახეზე გამოსახული გაკვირვება და შიში თამაში სულაც არაა. ეს “ინციდენტი” რეჟისორს მოეწონა და ფილმში დატოვა.
4. ქალის სურნელი
უსინათლო ფრენკ სლეიდი დამაჯერებლად რომ ეთამაშა, ალ პაჩინო დიდხანს ვარჯიშობდა იმაში, რომ საგნებზე მზერა არ შეეჩერებინა. საბოლოოდ მან ისე გაითავისა როლი, რომ თავის წინ მართლაც ვეღარ ამჩნევდა საგნებს. სცენა, რომელშიც ის სანაგვე კალათას წამოედება და ეცემა, სცენარში გათვალისწინებული არ იყო. მსახიობი ნამდვილად დაეცა და ეს იმდენად ბუნებრივი იყო, ფილმში დატოვეს.
5. იყო ჯონ მალკოვიჩი
ფილმში არის ეპიზოდი, რომლის დროსაც მალკოვიჩი გზას მიუყვება, გვერდით ჩავლილი მანქანიდან კი მას ქილას ესვრიან შეძახილით: “ეი, მალკოვიჩ, უფრო სწრაფად იფიქრე!” გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს მანქანა კადრში შემთხვევით მოხვდა – მას მასობრივი სცენების ერთ-ერთ მსახიობი მართავდა, რომელიც იმ დროს გალეშილი მთვრალი გახლდათ. რეჟისორი სპაიკ ჯონსი ამ სცენით აღფრთოვანდა და გადაწყვიტა, ფილმში დაეტოვებინა.
6. რკინის საფარი
ეპიზოდი, რომელშიც სერჟანტი ჰარტმანი ახალწვეულებს ყვირილით ასწავლის “დისციპლინას”, მთლიანად იმპროვიზებულია. ლი ერმი სინამდვილეში ყოფილი სამხედრო ინსტრუქტორი იყო და მთელ იმ რეპლიკებს, რომლებსაც ჯარისკაცებს უღრიალებს, გზადაგზა იგონებდა.
7. ამერიკული სილამაზე
ეფექტური სცენა, რომელშიც მთავარი გმირი თეფშს კედელს მიანარცხებს, კევინ სპეისის დამსახურებაა. მსახიობი ეკრანულ მეუღლესთან ჩხუბისას როლში იმდენად შეიჭრა, რომ დაწერილ სცენარს გადაუხვია და იმპროვიზაციას მიმართა.
8. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება
ფილმში არის მომენტი, როცა ქეით უინსლეტის გმირი მოულოდნელად უჩინარდება. ჯიმ კერი ამის შესახებ არ გააფრთხილეს და სწორედ ამიტომ, მისი გაოცებული სახე ნამდვილია.
9. უცხო
“უცხოს” დაბადების საკულტო სცენაში ჩანს, თუ როგორ აშინებს გარშემომყოფებს კაცის მკერდიდან გამოჭრილი ურჩხული. მათი შიში გათამაშებული არა – რიდლი სკოტმა განგებ არ უთხრა მათ, რომ მსახიობის მკერდიდან მართლა ამოსჩქეფდა სისხლისა და ბუტაფორიული ურჩხულის ნაზავი, სამაგიეროდ, ამ უსიამოვნო სიურპრიზისგან ნატურალური, ბუნებრივი რეაქცია მიიღო.
10. ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი
დევიდ ტენანტის მიერ გენიალურად შესრულებული ბარტი კრაუჩ უმცროსის ჩვევა – დროდადრო ენის გველივით გამოყოფა და ტრიალი – იმპროვიზაცია იყო. ეს ჟესტი ყველას იმდენად მოეწონა, რომ მას მრისხანეთვალა მუდის როლის შემსრულებელ ბრენდან გლისონიც იმეორებს (გაგახსენებთ, ბარტი კრაუჩ უმცროსი თითქმის მთელი ფილმის განმავლობაში მუდიდ ასაღებს თავს).
11. მისის დაუთფაიერი
ყველას გვახსოვს ის სასაცილო მომენტი, როცა მისის დაუთფაიერს ნიღაბი ფანჯრიდან უვარდება და სახის დასამალად თავს კრემიან ტორტში ჩაყოფს. შუა გადაღებისას რობინ უილიამსის სახეზე კრემი გალღვა და სახიდან წვეთა დაიწყო. როცა უილიამსს სახიდან თავისი ორიგინალური “ნიღაბის” მორიგი წვეთი ჩამოეღვარა და ჩაიში ჩავარდა, გენიალურმა მსახიობმა თავი ვერ შეიკავა და იხუმრა: “ესეც ნაღები შაქრით – ნამდვილი კაპუჩინოა!” ამ რეპლიკაზე ბევრი იცინეს და ფილმშიც დატოვეს.
12. კივილი
ფილმში არის სცენა, როცა მეთიუ ლილანდის გმირი გაიგებს, რომ პისტოლეტი დაიკარგა და ამბობს: “ე…ე…ე… ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს.” ეს რეპლიკა სცენარში არ ყოფილა და მსახიობმა იმწამს გამოიგონა.
13. ბედის ირონია, ანუ გაამოთ!
ლეგენდარული ფრაზები: “რა საზიზღრობაა ეს თქვენი ლაბასხმული თევზი!” და “უი, თბილი წამოვიდა!” – იური იაკოვლევის იმპროვიზაცია იყო.
14. მატრიცა
სცენა, რომელშიც ნეო ცათამბჯენის გარე შვერილს მიუყვება, თავად მსახიობის შესრულებულია. კიანუ რივზმა არამარტო კასკადიორის დახმარებაზე თქვა უარი, არამედ დაზღვევის გარეშე შეასრულა ეს “სასიკვდილო ნომერი”.
15. ბინძური ცეკვები
ცნობილი ეპიზოდი, რომელშიც მთავარი გმირები საცეკვაო დარბაზში რეპეტიციისას ერთმანეთისკენ დაოთხილები მიხოხავენ, თავდაპირველად გათვალისწინებული არ იყო. მსახიობები დუბლის გადაღების დაწყებამდე უბრალოდ ოხუნჯობდნენ, თუმცა რეჟისორს ეს კადრი ძალიან მოეწონა და ფილმში დატოვა. და ვინ არ დაგვეთანხმება, რომ ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო.