ყველა კინომოყვარულს აინტერესებს სცენის მიღმა კადრები და უცნობი ამბები ფავორიტი ფილმებიდან. მართლაც, ხშირად ფილმების გადასაღებ მოედანზე იმდენი საინტერესო, უცნაური, საშიში და სახალისო რამეები ხდება, რომ მის შექმნელებსა და მონაწილეებს ეს რამეები უფრო მეტად ამახსოვრდებათ, ვიდრე თავად პროდუქტი.
წარმოგიდგენთ 15, აქამდე ნაკლებად ცნობილ საინტერესო ამბავს, რომელიც გადასაღებ მოედანზე მოხდა და დიდწილად განსაზღვრა ამა თუ იმ ცნობილი ფილმის ბედი.
1. უორნერ ბრაზერსს ფილმ ბითლჯუსის დასახელება საშინლად არ მოსწონდა.
სტუდიას სურდა, ფილმისთვის “სახლის მოჩვენებები” დაერქმია. რეჟისორმა ტიმ ბარტონმა ფილმის ალტერნატიულ სათაურად ხუმრობით Scared Sheetless (“შიშისმომგვრელი ზეწრები”) შესთავაზა (რადგან ფილმში ზეწარჩამოცმული მოჩვენებები დადიან) და სტუდიამ ეს სათაური მოიწონა. ამით გაოგნებული ბარტონი გაჯიუტდა და მაინც თავდაპირველი ვერსია გაიტანა.
2. ფილმ მოჩვენების რეჟისორები ფიქრობდნენ, რომ პატრიკ სუეიზი ემოციურ გმირს კარგად ვერ განასახიერებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბინძურ ცეკვებში პატრიკს ცოტა ხნის წინ ეთამაშა შეყვარებული პერსონაჟი, მოჩვენების სცენარისტსაც და რეჟისორსაც ეჭვი ეპარებოდათ, მსახიობი (მის მიერ 1989 წლის ფილმებში – ბარი გზის პირას და უახლოესი ნათესავი ნათამაშები როლების გათვალისწინებით) “ნაზი გრძნობების” გამოხატვას რამდენად დამაჯერებლად შეძლებდა. მაგრამ მათ, ნახეს რა, როგორ ტიროდა სუეიზი ერთ-ერთ ინტერვიუში თავის ახლად გარდაცვლილ მამაზე, აზრი შეიცვალეს და დარწმუნდნენ, რომ მსახიობი ამ როლისთვის “საკმარისად მგრძნობიარე” იყო.
3. სემუელ ელ ჯექსონი ფილმ გველების რეისში მონაწილეობას მხოლოდ მისი სათაურის გამო დათანხმდა.
ფილმი ნახევრად გადაღებული ჰქონდათ, როცა შემქმნელებმა გადაწყვიტეს, მისთვის სახელი შეეცვალათ და Pacific Air Flight 121 (“წყნარი ოკეანის ავიაციის გაფრენა 121”) დაერქმიათ. ასეთი რამ ფილმის გადაღებისას საკმაოდ ხშირად ხდება. მაგრამ სემუელ ელ ჯექსონი სასტიკად შეეწინააღმდეგა ფილმის სათაურის შეცვლას და მოითხოვა, თავდაპირველი სახელი დაებრუნებინათ. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ფილმში გამოჩენას დათანხმდა, ის იყო, რომ სცენარის კითხვისას “სათაური ყველაზე მეტად მოეწონა”.
4. ტომ კრუზის ცნობილი კოცნა საუკეთესო მსროლელიდან მოულოდნელი იმპროვიზაცია იყო.
მანქანით რბოლის სცენის შემდეგ ტომ კრუზს მსახიობ კელი მაკგილსისთვის სათქმელი ამაღელვებელი ტექსტი დაავიწყდა და სანაცვლოდ მოულოდნელად აკოცა. მისი იმპროვიზებული კოცნა საბოლოო მონტაჟის შემდეგ დატოვეს და დღემდე ფილმის ერთ-ერთ საუკეთესო მომენტად ითვლება.
5. უცხოს ერთ-ერთ სცენაში მაკეტის მცირე ზომის გამო მსახიობების ნაცვლად რიდლი სკოტმა ბავშვები გადაიღო.
როცა ფილმში ხომალდის ბინადრები პირველად აღმოაჩენენ მასიურ Space Jockey-ის, მიზეზი, რის გამოც სიცოცხლის ეს უცნაური ფორმა ადამიანებთან შედარებით ასეთი დიდი ჩანს, ისაა, რომ სინამდვილეში ზრდასრულების ნაცვლად სკაფანდრებში ჩაცმული ბავშვები არიან გადაღებულები. საერთოდაც, საპროდიუსერო კომპანიას ამ სცენის სრულად ამოღება უნდოდა, რადგან მათი აზრით, ამ კოშკივით მაღალი სტრუქტურის შექმნა ძალზე ძვირი დაჯდებოდა. სწორედ ამიტომ, რიდლი სკოტმა ასეთ ეშმაკობას მიმართა.
6. სტენლი კუბრიკმა ფართოდ დახუჭული თვალების გადასაღები მოედნიდან ტომ კრუზი გააძევა, რათა მას ეეჭვიანა.
იმისათვის, რომ გადაღებებისას ტომ კრუზს ეჭვიანი ქმრის როლი ბუნებრივად შეესრულებინა და ცოლ-ქმრის პერსონაჟებს შორის მეტი დაძაბულობა და დრამა წარმოქმნილიყო, კუბრიკმა კრუზი გადაღებებიდან ექვსი დღით გააძევა – თანაც იმ დროს, როცა ნიკოლ კიდმანს (რომელიც ჯერ კიდევ მისი ცოლი იყო) ახალგაზრდა მამაკაც დუბლიორთან სექსის სცენაში იღებდნენ.
7. დიდი ლებოვსკის ბიუჯეტის 150,000 დოლარი ერთადერთი ფრაზის წყალობით დაიზოგა.
ფილმის ტიტრებში The Rolling Stone-ის სიმღერა “Dead Flowers” ისმის. ამ სიმღერის გამოყენებისათვის Rolling Stone-ის მენეჯერმა ალან კლაინმა 150,000 დოლარის ჰონორარი მოითხოვა. თუმცა, ფილმის შემქმნელთა საბედნიეროდ, კლაინმა ფილმის თავდაპირველი ვერსია ნახა და მათ შორის ის მომენტიც, როცა Dude შემდეგ ფრაზას ამბობს: “მეზიზღება ეს დამპალი Eagles*, ძმაო” და წამოიძახა: “ეგ არის! წაიღეთ სიმღერა!”
(*ცნობილი ამერიკული როკბენდი)
8. ვინ დიზელს ფილმში xXx თამაშ Dungeons and Dragons-ის ცრუ ტატუ ჰქონდა – მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გიჟდება ამ თამაშზე.
ვინ დიზელი გატაცებულია როლურ სათავგადასავლო თამაშით Dungeons and Dragons და ხშირად აღუნიშნავს, რომ მას ოც წელიწადზე მეტია თამაშობს. ამიტომ, თავისი სიყვარულის ნიშნად მან ფილმ xXx-ში მუცელზე სხვა ცრუ ტატუებთან ერთად D & D-ის ერთ-ერთი ფავორიტი გმირის, “მელკორის” უზარმაზარი ტატუც დაახატინა.
9. ერთმა ოსკარის ნომინანტმა ფილმმა მეორე, ასევე ოსკარის ნომინანტი ფილმის გადაღებას ხელი შეუშალა. ესენია: მოხუცების ადგილი აქ არ არის და ნავთობი.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ორივე ზემოაღნიშნულ ფილმს ტეხასში, კერძოდ მარფაში იღებდნენ – ერთმანეთისგან სულ რამდენიმე მილის დაშორებით, რაც ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა: ნავთობის გადაღებებზე გამოყენებული კვამლის უზარმაზარი ღრუბლის გამო მოხუცების ადგილი აქ არ არის გადაღება მთელი დღით შეწყდა.
10. მექანიკურ ფორთოხალში ალექსს შინაურ ცხოველად გველი ჰყავს – და ეს იმიტომ, რომ მისი როლის შემსრულებელს ყველაზე მეტად გველების ეშინია.
როგორც ზედა, ფართოდ დახუჭულ თვალებთან დაკავშირებული ფაქტიდანაც შევიტყვეთ, რეჟისორი სტენლი კუბრიკი ყოველთვის ცდილობდა, მსახიობებისთვის როლში შესვლის მიზნით დისკომფორტი შეექმნა და რასაკვირველია, თავის ერთ-ერთ ყველაზე კონტროვერსიულ ფილმში ამას კიდევ უფრო მეტი მონდომებით იზამდა. როცა მან გაიგო, რომ მსახიობ მალკოლმ მაკდაუელს სიკვდილამდე ეშინოდა რეპტილიების, გადაწყვიტა (და აბსოლუტურად საკუთარი სურვილით, რადგან არც ფილმსა და არც თავდაპირველ სცენარში გველის სცენა არ ყოფილა), მთავარ გმირს, ალექსს საკუთარი გველი ჰყოლოდა.
11. ფილმის – როგორ მოიპარა გრინჩმა შობა – გადაღებებზე ჯიმ კერის ფიზიკურ ამტანობაში ვარჯიში დასჭირდა, უსქელესი გრიმისთვის დიდი ხნით რომ გაეძლო.
მსახიობმა აღნიშნა, რომ გრინჩის გრიმის გაკეთების რვასაათნახევრიანი პროცედურა ისე აწამებდა, თითქოს “ცოცხლად წვავდნენ”. მან აღიარა, რომ გადაღების პირველი დამქანცველი დღის შემდეგ რეჟისორის კაბინაში შესულმა “სიბრაზისგან კედელს წიხლი ამოსცხო” და რეჟისორ რონ ჰოვარდს განუცხადა, რომ ფილმში მონაწილეობა არ შეეძლო. პროდიუსერმა ბრაიან გრეიზერმა გამოსავალი (თუმცა საკმაოდ დაუნდობელი გამოსავალი) მოძებნა და წამოაყენა იდეა, მსახიობის დასახმარებლად დაექირავებინათ ჯენტლმენი, რომელიც CIA-ის თანამშრომლებს ხანგრძლივი ფიზიკური წამების ატანის მიზნით წვრთნიდა. “აი, ასე გავხდი გრინჩი” – განაცხადა მოგვიანებით ჯიმ კერიმ.
12. ძირითადი ეჭვმიტანილების საკულტო სცენაში პერსონაჟები ბენისიო დელ ტოროს “მარცხზე” იცინიან.
კინოისტორიის ერთ-ერთი საკულტო და დასამახსოვრებელი სცენა მოულოდნელობის დამსახურებაა. სერიოზული და ზრდასრული მამაკაცები ასე გემრიელად, არც მეტი, არც ნაკლები, კუილზე იცინიან. ერთ-ერთ ინტერვიუში კევინ პოლაკმა აღიარა, რომ ეს მომენტი, როცა მსახიობების სიცილს არავინ ელოდა, სრულიად გენიალური და სპონტანური იყო. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დელ ტოროს სრულიად მოულოდნელად “მარცხი მოუვიდა” და ზედიზედ რამდენჯერმე ხმამაღლა გაუშვა გაზები, რაზეც დანარჩენები სიცილით დაიხოცნენ. რეჟისორს კი სიცილის ეს სცენა იმდენად მოეწონა, რომ ფილმში დატოვა.
13. შონ კონერის ბონდიანას ფილმ აღარასოდეს თქვა არასოდეს გადაღებისას ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორთან ორთაბრძოლაში მხარი მოიტეხა.
ჯეიმს ბონდის მორიგი ფილმის აღარასოდეს თქვა არასოდეს გადაღებისას კონერი ინტენსიურად ვარჯიშობდა საბრძოლო ხელოვნებაში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ინსტრუქტორის საკმაოდ ძლიერი დარტყმისას მსახიობმა მაჯა მოიტეხა. და გაინტერესებთ, ვინ იყო ინსტრუქტორი? სტივენ სიგალი!
14. სიგურნი უივერმა უცხო 4-ში ბურთი კალათში უკუღმა ნამდვილად ჩააგდო.
გგონიათ სიგურნი უივერი ცხოვრებაში ისეთ მაგარი გოგო არაა, როგორც ფილმებში? ძალიან ცდებით! უცხოს მეოთხე ფილმის ცნობილი სცენა ითვალისწინებდა, რომ მას კალათბურთის ბურთი უკუღმა უნდა ესროლა და ჩაეგდო. პროდიუსერები ბურთის კალათში ჩაგდების კომპიუტერულად კორექტირებას აპირებდნენ, მაგრამ მსახიობმა ყველასთვის მოულოდნელად ბურთი მართლა ჩააგდო უკუღმა! რონ პერლმანის ღიმილი კადრსმიღმა ვიდეოდან ცხადად გვიჩვენებს, რა შოკირებული დატოვა სიგურნიმ მთელი გადამღები ჯგუფი.
15. კანიბალების ჰოლოკოსტის რეჟისორს მსახიობების სიცოცხლის დამადასტურებელი საბუთები მოსთხოვეს.
მოკუმენტარულ, ანუ სატელევიზიო-დოკუმენტური შოუს სტილში გადაღებული 80-იანების სასტიკი ფილმი, რომელიც ამაზონის ჯუნგლებში გამართული სასტიკ ხოცვა-ჟლეტაზე მოგვითხრობს, იმდენად რეალისტური გამოვიდა, რომ ბევრმა დაიჯერა, თითქოს ეს მოვლენები სინამდვილეშ მოხდა და ადამიანები მართლა დაიხოცნენ. ამის დაჯერებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მსახიობებს კონტრაქტი ავალდებულებდა, ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებაში არ გამოჩენილიყვნენ, რათა ფილმი მართლაც რეალობად მიეღოთ. პრემიერიდან 10 დღის შემდეგ ფილმის კონფისკაცია მოახდინეს და რეჟისორ რუგერო დეოდატოს იტალიური სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწია იმის დასამტკიცებლად, რომ ფილმში მონაწილე მსახიობებიდან ყველა ცოცხალი და ჯანმრთელი იყო.