ამერიკული ისტორია X – შთამბეჭდავი და ემოციური დრამა პრობლემურ ძმებზე, რომლებიც სკინჰედების ნეონაცისტური მოძრაობის წევრები ხდებიან, ამერიკაში არსებული, ნაცისტურად განწყობილი ჯგუფების მიერ შექმნილი კონტრკულტურის გულახდილ სურათს წარმოადგენს. 1998 წლის ფილმი, მთავარ როლში ედვარდ ნორტონით (რომელიც ამ როლისთვის ოსკარზეც იყო ნომინირებული) გამოსვლიდან 20 წლის თავზეც არ კარგავს აქტუალობას.
დღეს გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ ამერიკული ისტორია X და წარმოგიდგინოთ 10 უცნობი ფაქტი მის შესახებ.
1. “ამერიკული ისტორია X”-ის სცენარი ნაწილობრივ რეალურ ამბავს ეფუძნება.
ამერიკული ისტორია X სცენარისტ დევიდ მაკკენას დებიუტია. მან სცენარის წერა რეალური ამბის მიხედვით, სულ სხვა ფილმისთვის – კოკაინისთვის დაიწყო (ამ ფილმში მთავარ როლს ჯონი დეპი ასრულებს). მაკკენას სცენარი ყოფილი სკინჰედის, თეთრების უპირატესობის მომხრე ფრენკ მეენიკის ცხოვრებისეულ ფაქტებზე იყო დაფუძნებული. მეენიკი 17 წლისა დაიჭირეს და სამი წელი ციხეში გაატარა, სადაც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებს დაუმეგობრდა, რამაც მას საკუთარ ნაცისტური შეხედულებებზე უარი ათქმევინა. დღეს იგი მწერალი და ლექტორია.
2. ხოაკინ ფენიქსმა მთავარ როლზე უარი თქვა.
ედვარტ ნორტონი მთავარ როლის პირველი პრეტენდენტი არ ყოფილა. ხოაკინ ფენიქსმა, რომელსაც როლი გლადიატორამდე შესთავაზეს, ფილმის თემატიკის გამო მთავარ როლზე უარი განაცხადა. როცა როლი ნორტონს შესთავაზეს, იგი მნიშვნელოვანი დილემის წინაშე აღმოჩნდა – მას შეთავაზება ჰქონდა ფილმიდან რიგითი რაიანის გადასარჩენად, საბოლოოდ კი არჩევანი ამერიკული ისტორია X-ის სასარგებლოდ გააკეთა.
3. ფილმის რეჟისორმა სახელი მუსიკალური ვიდეოების გადაღებით გაითქვა
წარმოშობით ბრიტანელ ტონი კეის ამერიკულ ისტორიამდე მხატვრული ფილმი არ ჰქონდა გადაღებული. მან სახელი სატელევიზიო რეკლამებითა და მუსიკალური ვიდეოებით გაითქვა. მას ეკუთვნის Soul Asylum-ის ცნობილი ჰიტის Runaway Train-ის კლიპი. ამერიკული ისტორიის შემდეგ კეი იყო Red Hot Chili Peppers-ის ცნობილი Dani California-ს (რომელმაც გრემის მუსიკალურ დაჯილდოებაზე საუკეთესო კლიპის ნომინაციაში გაიმარჯვა) და ჯონი კეშის God’s Gonna Cut You Down-ის მუსიკალური ვიდეოების რეჟისორი. გარდა ამისა, მას უთანამშრომლია იგი პოპთან, ბონოსთან, კანიე ვესტთან და სხვა ვარსკვლავებთან.
4. რეჟისორს მთავარ როლზე ედვარდ ნორტონი არ სურდა.
თავდაპირველად კეიმ მუშაობაზე უარი განაცხადა, რადგან დერეკ ვინიარდის როლზე ედვარდ ნორტონი განიხილებოდა.“ედვარდი ფანტასტიკური მსახიობია. ჩემი აზრით, ის ტექნიკურად ბრწყინვალეა, მაგრამ არ აქვს ის ფსიქოპათია და ანარქიული ემოციურობა, რაც ამერიკული ისტორია X-ისთვის მჭირდება”, – განაცხადა რეჟისორმა 1998 წლის ინტერვიუში. 2002 წელს კეიმ ეს ფაქტი “მოინანია”: “ედვარდის როლზე დამტკიცებას ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით შეხედულებებს სცენარის გაუმჯობესების თაობაზე. მისი აყვანით გადამღებმა ჯგუფმა ახალი სცენარისტი შეიძინა”.
5. ნორტონი როლზე გასაოცარი მონდომებით მუშაობდა.
ის, რომ ნორტონი ამ როლში მართლაც ფანტასტიკურია, მისი დიდი შრომის დამსახურებაა. მან თითქმის ათი კილო დაიკლო, მუცელზე კუნთები დაიყენა და შესანიშნავად მოირგო სკინჰედის როლი, რაც კინოაკადემიამ საუკეთესო მსახიობის ნომინაციით დაუფასა. როგორც ზემოთ აღინიშნა, რეჟისორთან ერთად აქტიურად მუშაობდა სცენარზეც და მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო მონტაჟშიც.
6. ფილმში ეპიზოდურ როლებს ჰარდკორ ბენდების მუსიკოსები ასრულებენ.
ცნობილია, რომ ჰარდკორ სცენა ნეონაცისტების აქტიური მოწინააღმდეგეა და კლუბებსა თუ სცენებზე გამართულ წარმოდგენებზე ანტინაცისტური მესიჯებით გამოდიან. სწორედ ამიტომ, სასაცილოა ის ფაქტი, რომ Orange County hardcore community-ის (ბენდების: 1134, Mean Season, The Third Degree) წევრები ამერიკულ ისტორიაში ეპიზოდურ როლებს ასრულებენ.
7. რეჟისორმა ფილმის მონტაჟს ერთი წელი მოანდომა.
სტუდია New Line ამერიკული ისტორია X-ის საბოლოო მონტაჟით კმაყოფილი არ დარჩა და რეჟისორს შენიშვნების ჩამონათვალი გაუგზავნა, რომელთა მიხედვით ახალი ვარიანტის დამზადებას ერთი წელი დასჭირდა. 2002 წელს ტონი კეიმ ბრიტანულ Guardian-თან ინტერვიუში გაიხსენა: “ამ დროს მე სრულიად ახალი ფილმი აღმოვაჩინე – ის, რომლის გამოქვეყნების უფლებას ისინი არასდროს მომცემდნენ”.
8. საბოლოო მონტაჟზე ედვარდ ნორტონიც მუშაობდა.
მას შემდეგ, რაც სტუდიამ ტონი კეინის მეორე მონტაჟიც დაიწუნა, მონტაჟის რეჟისორ ჯერი გრინბერგთან ერთად ფილმის მესამე და ფინალურ მონტაჟზე მუშაობაში ედვარდ ნორტონი ჩაერთო. კეი იმდენად გააცეცხლა სტუდიის პრეტენზიამ, რომ კედელს მუშტი ჩასცხო და ხელი მოიტეხა. იყვირა და ძირს გაასწორა სტუდია, ვიდეოკასეტაზე ჩაწერილი ნორტონის მონტაჟის ასლი ძირს დააგდო და ფეხებით შედგა, შემდეგ კი ეცადა, ნარჩენები უნიტაზში ჩაერეცხა. სტუდიის აღმასრულებლებთან შეხვედრაზე კი რაბინი, მღვდელი და ტიბეტელი ბუდისტი ბერი მიიყვანა “დამხმარეებად”.
9. ტონი კეიმ სცადა, საკუთარი სახელი ტიტრებიდან საერთოდ ამოეღო.
კეი პოსტპროდუქციის პროცესითა და საბოლოო მონტაჟის შედეგით ძალზე უკმაყოფილო დარჩა და სურვილი ჰქონდა, ტიტრებიდან მისი სახელი, საერთოდ ამოეღოთ. ამიტომ ამერიკის რეჟისორთა გილდიის ძველი ტრადიცია გაიხსენა, რომლის მიხედვითაც ინკოგნიტო რეჟისორის ფსევდონიმად “Alan Smithee”-ს იყენებდნენ. გილდიამ მისი იდეა უარყო, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კეის სახელი უკვე ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, მაშინ როცა “Smithee”-ის გვარი მართლაც უცნობ პიროვნებას შეეძლო აეღო. ამის შემდეგ მან “ჰამფთი დამფთი” დაირქვა და იმასაც კი ეცადა, ლეგალურად შეეცვალა სახელი. გარდა ამისა, მან სტუდია New Line-ს უჩივლა და 200 მილიონი დოლარი მოითხოვა.
10. ნორტონის მონტაჟი თავდაპირველ ვარიანტზე ოცი წუთით ხანგრძლივია.
სტუდიას უფლება ჰქონდა, ამერიკული ისტორია X-ის მოწონებული ვარიანტის რეალიზაცია თავად მოეხდინა. კეის თქმით, ნორტონმა ფილმში სცენები მხოლოდ იმიტომ ჩაამატა, რომ ეკრანზე უფრო მეტხანს გამოჩენილიყო. თუმცა კეის გადაღების პროცესის საკუთარი დოკუმენტური ასლი შემორჩა, რომელიც, რეჟისორის თქმით, ბლუ-რეი დისკებზე უნდა გამოსულიყო. კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან მრავალი ჩხუბისა და ურთიერთობის გაფუჭების გამო კეის რამდენიმე წლის განმავლობაში ფილმი აღარ გადაუღია. სკანდალური ქცევით გამორჩეული კეი 9/11-ის შემდეგ სამუშაოზე ოსამა ბინ ლადენის ფორმით ცხადდებოდა, რამაც მის რეპუტაციას დიდი ჩრდილი მიაყენა. რაც შეეხება ნორტონის არასამსახიობო მოღვაწეობას, მან შესანიშნავ ჰალკზე მუშაობისას ფაქტობრივად გადაწერა სცენარი და პოსტპროდუქციის პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული, თუმცა მისი ვერსია სტუდია Universal-ის მიერ მოთხოვნილზე 23 წუთით ხანგრძლივი აღმოჩნდა. მას შემდეგ ნორტონმა ჰალკის თამაშზე უარი განაცხადა.