ამერიკელი მსახიობი კურტ რასელი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული სახეა. მსახიობს თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთხელ აუღია ტაიმ-აუტი და მიუხედავად ამისა, როგორც რეჟისორებისთვის, ასევე მაყურებლისთვის ის დღესაც საინტერესო პერსონაა. კურტ რასელი ხშირად აღნიშნავს, რომ ფილმებში თამაშზე უარს მაშინ ამბობს, როცა გრძნობს, რომ შემართება აკლია, ან უბრალოდ, მუშაობის განწყობაზე არაა. თუმცა, ფაქტია, რომ როცა ეკრანზე ჩნდება, თავის საქმეს ბრწყინვალედ ასრულებს.
სინემანია წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს კურტ რასელის შესახებ:
1.კურტ რასელი 1951 წელს, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდში დაიბადა. მამა – ბინგ რასელი, წარმატებული მსახიობი, დედა კი – მოცეკვავე ჰყავდა. კურტ რასელი ძალიან პატარა იყო, როდესაც ეკრანზე პირველად გამოჩნდა. დიდ კინოში მოხვედრამდე, მსახიობი სხვადასხვა სატელევიზიო სერიალში თამაშობდა როგორც მთავარ, ასევე ეპიზოდურ როლებს.
2. 1960-იან წლებში კურტ რასელმა The Walt Disney Company-სთან კონტრაქტი გააფორმა და 1970-იანი წლებში ამ სტუდიის ვარსკვლავიც გახდა. წლების განმავლობაში, ახალგაზრდა მსახიობმა Disney-ს არაერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

3. კურტ რასელის მამა, მსახიობის გარდა, ბეისბოლის კლუბის – Portland Mavericks მფლობელიც გახლდათ. კურტ რასელს ეს სპორტი ბავშვობიდან უყვარდა და ყოველთვის ფიქრობდა, რომ სპორტსმენისა და მსახიობის პროფესიის შეთავსებას უპრობლემოდ შეძლებდა: როდესაც წამოვიზარდე, იმასაც კი ვფიქრობდი, რომ არჩევანის გაკეთება თუ მომიწევდა, აუცილებლად ბეისბოლს ავირჩევდი. თუმცა, შემდეგ ისე მოხდა, რომ მსახიობობით ბევრი ფული ვიშოვე და საბოლოოდ, ამ პროფესიაში დავრჩი.
4. კურტ რასელი შვიდი წლის განმავლობაში ეუფლებოდა პილოტის პროფესიას. საბოლოოდ, მსახიობმა მიზანს მიაღწია და ლიცენზირებული პილოტი გახდა. რასელი არაერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ საკუთარი თავის უკეთ შესწავლაში სწორედ ფრენა დაეხმარა.
5. კურტ რასელი ლიბერტარიანელია. მას სოციალურ საკითხებზე ლიბერალური შეხედულებები აქვს და მემარცხენე ძალის აქტიური მხარდამჭერია. თუმცა, მეორე მხრივ, ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსერვატიული პოზიცია აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერმინი – ლიბერტარიანელი სწორედ ამგვარი შეხედულებების მქონე ადამიანებთან ასოცირდება. კურტ რასელი ხშირად აღნიშნავს, რომ თავისი შეხედულებების გამო თავი ჰოლივუდური წრეებისგან დისტანცირებულად ხშირად უგრძვნია.

6. კურტ რასელს რეჟისორ ჯონ კარპენტერთან ახლო მეგობრობა აკავშირებს. ეს ფაქტი, ალბათ, არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რადგან მსახიობმა კარპენტერის ფილმებში არაერთი საკულტო გმირი განასახიერა.
7. კურტ რასელის ცხოვრების მთავარი სიყვარული ასევე ცნობილი მსახიობი – გოლდი ჰოუნია. ისინი ერთმანეთს პირველად 1966 წელს, Disney-ს ფილმის გადაღებებზე შეხვდნენ, თუმცა მაშინ გოლდი ჰოუნი 21, ხოლო კურტ რასელი – 16 წლის იყო. წლების შემდეგ, 1983 წელს მათი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა და მას შემდეგ მსახიობები ერთად არიან.
8. კურტ რასელის კიდევ ერთი დიდი გატაცება მეღვინეობაა. მსახიობი ღვინით დიდი ხნის წინ დაინტერესდა და მეღვინეობის შესახებ ყველაფერი შეისწავლა. მას საკუთარი ღვინის სალონიც აქვს, ამ ყველაფერს საკმაოდ დიდ დროს უთმობს და როგორც თავად აცხადებს, უდიდეს სიამოვნებას იღებს, როდესაც მის ღვინოს აგემოვნებენ და მოსწონთ. ის ხშირად ამბობს, რომ “ღვინის დაყენება ფილმის გადაღებას ჰგავს.”

9. უცნაურია, მაგრამ მრავალწლიანი ურთიერთობის მიუხედავად, კურტ რასელი და გოლდი ჰოუნი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან. მსახიობები ამ ფაქტს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით ხსნიდნენ. თუმცა, მათ საერთო შვილები ჰყავთ და როგორც ცნობილია, რასელი შესანიშნავი მამაა და ოჯახი ერთად საკმაოდ დიდ დროს ატარებს.
10. მიუხედავად იმისა, რომ კურტ რასელი ერთდროულად საკმაოდ ბევრ პროფესიას ითავსებს და ამასთან, სხვადასხვა საქმიანობითაა გატაცებული, მსახიობი დროს გოლფის თამაშისთვისაც ნახულობს. როგორც მსახიობი ამბობს, გოლფის თამაში მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშულებაა, ამიტომ ის და მისი პარტნიორი, გოლდი ჰოუნი ხშირად დადიან შეჯიბრებებზე კალიფორნიაში.