ჩვენი თაობა ტელევიზიის აღმასვლის მომსწრეა – უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, საპნის ოპერებითა და სიტკომებით დაწყებული საქმიანობა მაღალი ხარისხის სერიალებში გადაიზარდა, რაც კინოს საკმაოდ ღირსეულ კონკურენციას უწევს.
რა თქმა უნდა, კარგი სცენარის, რეჟისურისა და მსახიობების გარდა, ამ წარმატებაში დიდი წვლილი უნაკლოდ შერჩეულ ლოკაციებსაც მიუძღვის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მოგვეძიებინა იმ ადგილების სია, რომელთა ნახვაც როგორც ჩვენს საყვარელ სერიალებში, ასევე რეალურ ცხოვრებაშიც შეგვიძლია:
1. სამეფო კარის თამაშები – ქინგსროუდი
როგორც ლორდი სტარკი ამბობს, სერიალში მიმდინარე მოვლენების დროს ზღვა უფრო უსაფრთხო ადგილია, ვიდრე ქინგსროუდი, თუმცა სინამდვილეში ეს ულამაზესი ადგილი ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარეობს და მისი სტუმრობა ნებისმიერ მსურველს, ყოველგვარი ხიფათის გარეშე შეუძლია.
2. მისტერ რობოტი – ევილ კორპის სათავო ოფისი
სერიალის საპილოტე სერიებში ელიოტი Evil Corp-ის სათავო ოფისში ხვდება, სადაც მას ახალ სამსახურს სთავაზობენ. სინამდვილეში ეს ცათამბჯენი ნიუ იორკში, 57-ე ქუჩაზე მდებარეობს.
3. მძიმე დანაშაული – ვაითების სახლი
სახლი, სადაც უოლტერი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ნიუ მექსიკოში მდებარეობს და საკუთარი მაცხოვრებლებიც ჰყავს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია გზად გაჩერდეს და შენობა გარედან დაათვალიეროს, თუმცა გირჩევთ, სახურავზე პიცის შეგდება არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ!
4. ახლა სტაფილოსფერია ყველაზე მოდური – დიმიტრის რუსული დელი
დიმიტრის რუსული დელი, რომელსაც რედის ქმრის სახელი ქვია, სინამდვილეში როზარიო დელია და ქვინსში მდებარეობს. მართალია, სერიალში იქ ხშირად გვამებსაც კი ინახავენ, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ამ ლოკაციას კრიმინალურ სამყაროსთან სრულებით არაფერი აკავშირებს და იქ მოხვედრილ სტუმარს საკმაოდ გემრიელი პიცისა თუ სენდვიჩების დაგემოვნება შეუძლია.
5. უცხოელი – ლალიბროში
სერიალის მთავარი პერსონაჟის, ჯეიმი ფრეიზერის სახლი, რომელსაც მაყურებელი ლალიბროშის სახელით იცნობს, სინამდვილეში მიდჰოუფის სასახლეა და სოფელ აბერკორნში მდებარეობს. შოტლანდიური ტურისტული სააგენტოს თანახმად, შენობა კერძო მფლობელობაში არ არის და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
6. სოპრანოს კლანი – ჰოლსტენსი
ცნობილი სასადილო ამავე სახელწოდებით ნიუ ჯერსიში მდებარეობს და სტუმრებს განსაკუთრებული ნაყინით უმასპინძლდება. თქვენ შეგიძლიათ მას ყოველდღე ესტუმროთ და იმ მაგიდასაც კი მიუსხდეთ, სადაც სოპრანოების ოჯახი იჯდა, თუმცა გაითვალისწინეთ – შაბათობით მაგიდა სპეციალურად სოპრანოს ავტოტურის მგზავრებისთვისაა დაჯავშნილი.
7. ამერიკული საშინელებათა ისტორია – მკვლელობის სახლი
ლეგენდარული სახლი, საიდანაც ბევრი ჩვენგანის საყვარელი შოუს ისტორია დაიწყო, ლონ ანჯელესში მდებარეობს. სიუჟეტის თანახმად მას ოჯახი ძალიან იაფად ყიდულობს და ეს გასაკვირი არც არის – იქ ხომ საზარელი ამბები ხდება! თუმცა, სინამდვილეში, შენობა 3,5 მილიონ დოლარადაა შეფასებული. გარედან მისი დათვალიერება, რა თქმა უნდა, ნებისმიერს შეუძლია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის ამჟამად კერძო საკუთრებაშია, შიგნით შეღწევას ცოტა თუ მოახერხებს.
8. მეგობრები – მონიკასა და რეიჩელის კორპუსი
ეს ლეგენდარული შენობა ნამდვილად გრინვიჩ ვილიჯში მდებარეობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ინტერიერში გადაღებული სცენები სპეციალურად მოწყობილ სტუდიაში, მაყურებლის თვალწინ იქმნებოდა.
9. სკანდალი – ოლივიას ოფისი
შენობა, რომელსაც სერიალის თითქმის ყველა ეპიზოდში ვხედავთ, თეატრი პალასია და ლოს ანჯელესში, ბროდვეიზე მდებარეობს. ის მოქმედი დაწესებულებაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია სპექტაკლს დაესწროს, თუმცა, სამწუხაროდ, შენობის ზედა სართულები, სადაც სიუჟეტის თანახმად ოლივიას ოფისია, საზოგადოებისათვის დაკეტილია.
10. შერლოკი – ჰოლმსის ბინა და სპიდის კაფე
ბეიკერ სტრიტის 221B სერიალის შემქმნელებმა ლონდონში, ნორს გოუერის 187-ში მოაწყვეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სპიდის ცნობილი კაფე რეალურად მართლაც არსებობს, სადაც სტუმრებს ძალიან გემრიელი სენდვიჩებით უმასპინძლდებიან, ხოლო თუ გაგიმართლათ, შესაძლოა, შოუს გადაღების პროცესსაც კი შეესწროთ!