ყველანი ვთანხმდებით, რომ “ჰარი პოტერი” უბრალო ფენტეზი არ არის… ჯოან როულინგის მიერ აღწერილ ჯადოსნურ სამყაროში ჩვენ არაერთ ადამიანურ გაკვეთილს ვიღებთ, შელოცვებსა და უცნაურ არსებებზე უფრო დიდი მნიშვნელობა კი აქ ურთიერთობებს ენიჭება.
დედა-შვილობა, მეგობრობა – ეს სწორედ ურთიერთობის ის მაგალითებია, რომელიც პოტერიადაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, თუმცა ამ სტატიაში ყურადღებას ერთმანეთთან რომანტიკული გრძნობებით დაკავშირებულ პერსონაჟებზე გავამახვილებთ.
მაშ ასე, ერთად განვიხილოთ და შევაფასოთ 8 წყვილი “ჰარი პოტერის” სამყაროდან:
1. ჰარი პოტერი და ჯინი უისლი
შესაძლოა, ცოტა ძველმოდურად ჟღერდეს, მაგრამ ცოტათი მაინც გვეუცნაურება საუკეთესო მეგობრის დასთან სასიყვარულო ურთიერთობის გაჩაღება… ამის მიუხედავად, ვაცნობიერებთ, რომ ჯინისა და ჰარის ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ. სამწუხაროდ, ფილმებში ეს ნარატივი ნაკლებად არის წარმოჩენილი და მაყურებელიც კარგად ვერ ხვდებდა, თუ როდის გაჩნდა მათ შორის ქიმია… თუმცა ნამდვილმა პოტერჰედებმა ვიცით, რომ წიგნის თანახმად ჯინი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო პერსონაჟია, რომელსაც ჰარის მოხიბვლა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა!
2. ფლერ დელაკური და ბილ უისლი
სამწუხაროდ, ფლერსა და ბილის ეკრანზე დიდი დრო სულაც არ ეთმობათ და ისინი მეორეხარისხოვან პერსონაჟებად მოიაზრებიან, თუმცა თვალის ერთი შევლებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ამ წყვილით მოვიხიბლოთ.
მათი ქორწილის სცენიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფლერსა და ბილის ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და გოგონა სიყვარულის გამო ისეთი მოვლენების ქარ-ცეცხლში ეხვევა, რაც სხვა შემთხვევაში მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეაწუხებდა (სანამ, ვოლდემორი საკუთარი გავლენის გაფართოებას უცხო ქვეყნებშიც არ გადაწყვეტდა).
3. პეტუნია და ვერნონ დერსლები
მიუხედავად იმისა, რომ დერსლები ჰარის საშინლად ექცევიან, ისინი ერთმანეთისათვის იდეალურ პარტნიორებს წარმოადგენენ – არასოდეს ჩხუბობენ და აშკარად იზიარებენ საერთო ღირებულებებს.ამის მიუხედავად, ამ წყვილს მაინც ვერ მოვიწონებთ – ჰარის გატანჯულ ბავშვობას რომ თავი დავანებოთ, დერსლები ხომ თავიანთი დამოკიდებულებით ისეთ მავნებელ შვილს ზრდიან, როგორიც დადლია!
4. რონ უისლი და ჰერმიონ გრეინჯერი
შესაძლოა, ბევრი ფიქრობდეს, რომ ჰერმიონი ჰარისთან უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩვენ მაინც მივიჩნევთ, რომ რონი და ჰერმიონი ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია. მათ შორის ქიმია პირველივე ეპიზოდში გაჩნდა, მათმა გრძნობამ კი უამრავი გამოცდა გამოიარა. დიახ, ისინი იყვნენ საუკეთესო მეგობრები, ხშირად კამათობდნენ, დიდხანს არ უტყდებოდნენ ერთმანეთს გრძნობებში და, საბოლოოდ, ამ ყოველივემ მათი სიყვარული კიდევ უფრო გააძლიერა.
5. ნიმფადორა ტონკსი და რემუს ლუპინი
როგორ შეიძლება ეს წყვილი არ მოგწონდეს? მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე მათ ურთიერთობას დიდი დრო არ ეთმობა, ყველასაგან გამორჩეულები არიან – ზრუნავენ ერთმანეთზე და შეუპოვრად იბრძვიან მაღალი იდეალებისათვის.
ჰოგვორტსის გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ კი, ერთმანეთის გვერდით დასვენებული ტონკსისა და ლუპინის სხეულების ხილვა, გულს ყველაზე უემოციო ადამიანსაც აუჩუყებს…
6. რონ უისლი და ლავენდერ ბრაუნი
შესაძლოა, ეს წყვილი ამ ჩამონათვალში უადგილო მოგეჩვენოთ, თუმცა ვფიქრობთ, მათი ურთიერთობა მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის – რონმა ლავენდერი ჰერმიონის საეჭვიანებლად გამოიყენა, გოგონა კი მისით ყურებამდე იყო შეპყრობილი… დიახ, შესაძლოა, გარდატეხის ასაკში ასეთი რამ ხდებოდეს, თუმცა თინეიჯერებისთვისაც კი, ვინც ჰარი პოტერს უყურებს, თვალსაჩინო იქნება მთელი ის აბსურდულობა, რაც რონისა და ლავენდერის “სიყვარულს” სდევდა თან.
7. ჯეიმს და ლილი პოტერები
ლილი და ჯეიმსი სკოლის ასაკიდან შეყვარებულები იყვნენ, ისინი 18 წლის ასაკში დაქორწინდნენ და, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. მათი გრძნობა კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ყველაზე ბოროტ ჯადოქარსაც კი სძლია და სიკვდილის შემდეგაც განაგრძნო მათი სიყვარულის ნაყოფის, პატარა ჰარის დაცვა…
8. მოლი და არტურ უისლები
ზემოთ ჩამოთვლილი წყვილებისაგან განსხვავებით, მოლი და არტური ყველაზე რეალურები არიან – ისინი წლებია ერთად ცხოვრობენ, რამდენიმე შვილი ჰყავთ, მატერიალური პრობლემები აწუხებთ და ხშირად კამათობენ კიდეც, თუმცა მათი ოჯახი სიყვარულითა და პატივისცემით არის სავსე. ეს ყოველივე კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მათივე ურთიერთობიდან გამომდინარეობს.