როგორ შეიძლება დავივიწყოთ ჰარი პოტერისა და სიკვდილის საჩუქრების მეორე ნაწილის ფინალური სცენა. მაშინ, თითქოს, ჩვენც პლატფორმა 9 ¾-ზე ვიდექით და მთავარ პერსონაჟებთან ერთად მივაცილებდით უკვე წამოზრდილ ბავშვებს ჰოგვორტსისაკენ მიმავალ გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორის გადაწყვეტამ არაერთი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა, ეს დასასრული თითოეული ჩვენგანისათვის ძალიან ამაღელვებელი და ემოციური გამოდგა.
8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კინოეკრანებზე ეს სცენა ვიხილეთ, თუმცა, ყველანი ვთანხმდებით, რომ ჰარი პოტერის სამყარო უბრალოდ ამოუწურავია. ამაში ხელს წიგნის ავტორი, ჯოან როულინგიც შესანიშნავად გვიწყობს. ის თაყვანისმცემლებს ხშირად უზიარებს საკუთარ მოსაზრებებსა თუ ჩანაფიქრებს. საინტერესოა, როგორ დასრულდებოდა ჰარი პოტერი, მას რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ვერსიები წიგნში შეეტანა:
1. ჰარი კინაღამ მოკვდა
როგორც ჯოანმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ყველაფერი შესაძლებელი იყო – მათ შორის, ჰარის სიკვდილიც! როგორც ჩანს, ავტორს ძალიან სურდა, თავად ჰარისაც დაეჯერებინა, რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა. მოხარულები ვართ, რომ ბიჭი, რომელიც გადარჩა… ბოლომდე გადარჩა!
2. არტურ უისლიც სასიკვდილოდ იყო განწირული
თუმცა, ბოლო მომენტში, ჯოან როულინგმა მრავალშვილიანი მამა და ერთ-ერთი ყველაზე გულღია პერსონაჟი ასეთი დასასრულისთვის ვერ გაიმეტა!
3. ლუპინი და ტონკსი უნდა გადარჩენილიყვნენ
როგორც ჯოანი აღნიშნავს, მისთვის ძალიან მტკივნეული იყო ამ ორი პერსონაჟის მოკვლა და თავიდან ამას არც აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მკითხველსა და მაყურებელში კიდევ უფრო მეტი ემოციის გამოსაწვევად ამ მსხვერპლზე მაინც წავიდა…
4. ნევილი და ლუნა ერთად უნდა დარჩენილიყვნენ
წერის პროცესში ჯოანმა იგრძნო, რომ ნევილსა და ლუნას შორის ნამდვილად გაჩნდა ქიმია, რომელსაც, შესაძლოა, ემუშავა კიდეც… თუმცა, ავტორმა ამ წყვილს ერთად ყოფნის ბედნიერება არ არგუნა, რადგან ჩათვალა, რომ ასე “ზედმეტად დავარცხნილ” სიუჟეტს მიიღებდა.
5. სამეული რონის გარეშე
როულინგი რამდენჯერმე დადგა ცდუნების წინაშე, სიუჟეტი რონის გარეშე გაეგრძელებინა, თუმცა, საბედნიეროდ, ეს გადაწყვეტილება არ მიიღო და შესანიშნავი სამეული ბოლომდე ერთად დატოვა.
6. ჰარი + ჰერმიონი
კიდევ ერთი დარტყმა რონის თაყვანისმცემლებისათვის – ჯოან როულინგი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, ჰარი და ჰერმიონი ბევრად უკეთესი წყვილი ყოფილიყო… სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ემა უოტსონმაც კი აღნიშნა, რომ არ იყო დარწმუნებული, მოახერხებდა თუ არა რონი ჰერმიონის გაბედნიერებას…