კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი ისტორია ამა თუ იმ გადაწყვეტილების შედეგია. ასეა ჰარი პოტერის შემთხვევაშიც – ალბუს დამბლდორმა გადაწყვიტა ობლად დარჩენილი ჰარი მაგლი ნათესავებისათვის მიებარებინა… დარსლებმა გადაწყვიტეს, რომ ჰარის ისე მოქცეოდნენ, როგორც არარაობას… და ასე, დაუსრულებლად.
საინტერესოა, რა მოხდებოდა ჩვენთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟებს განსხვავებული არჩევანი რომ გაეკეთებინათ. მაშ ასე, ერთად მიმოვიხილოთ კიდევ 4 ალტერნატიული რეალობა, რომელსაც Pottermore გვთავაზობს:
1. რა მოხდებოდა, ჰარი მაგლების სამყაროში რომ არ გაზრდილიყო?
მას შემდეგ, რაც ვოლდემორმა ლილი და ჯეიმს პოტერები დახოცა, ალბუს დამბლდორმა ბიჭი, რომელიც გადარჩა მის მაგლ ნათესავებს დაუტოვა კართან. ის იმედოვნებდა, რომ ჰარი უსაფრთხო გარემოში გაიზრდებოდა, თუმცა ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, თუ დერსლები ბიჭს ასე ცუდად მოექცეოდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ დამბლდორი სხვანაირ არჩევანს გააკეთებდა და ჰარის ჯადოქრულ სამყაროში დატოვებდა, სავარაუდოდ, ჩვენ ვერასოდეს შევხვდებოდით ისეთ თავმდაბალ, მოკრძალებულ ბიჭუნას, როგორადაც ის გავიცანით. ის ჰოგვორტსში, რა თქმა უნდა, სრულიად გაცნობიერებული გაემგზავრებოდა და ისიც კარგად ეცოდინებოდა, თუ როგორი სახელგანთქმული იყო.
დიახ, შესაძლოა, ჰარის დერსლებთან არც ისე ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, თუმცა, ამ გარემომ მისი, როგორც კეთილშობილი და სამართლიანი ბიჭის ჩამოყალიბებაზე ნამდვილად უდიდესი გავლენა იქონია.
2. რა მოხდებოდა, ჰარი პლატფორმა 9 ¾-ზე რონს რომ არ შეხვედროდა?
რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილება წინასწარ დაგეგმილი არ არის და ზოგი რამ შემთხვევით ხდება… მაგალითად, დაბნეული ჰარის შეხვედრა უისლების ოჯახთან მატარებლის პლატფორმაზე. რა მოხდებოდა განგებას ეს ყოველივე სხვანაირად რომ მოეწყო?
დარწმუნებულები ვართ, ჰარი ჰოგვორტსის ექსპრესის ძებნით ძალიან გაწვალდებოდა, მაგრამ, იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოოდ გზას მაინც გაიგნებდა… ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნაკლები შანსია, რომ ის კუპეში რონთან ერთად აღმოჩენილიყო, ამ შემთხვევაში კი მათი ტანდემი ვერც ჰერმიონის ყურადღებას მიიპყრობდა.
სრულებით შესაძებელია, ის რონისა და ჰერმიონის მაგივრად ნევილ ლონგბოტომს, ან სულაც – დრაკო მალფოის დამეგობრებოდა. საინტერესოა, ისინი თუ დაეხმარებოდნენ ჰარის ფილოსოფიური ქვის ძებნაში… ან გიგანტური ჭადრაკის დაფაზე მოგებას თუ შეძლებდნენ?!
3. რა მოხდებოდა, ჰარი სლიზერინში რომ მოხვედრილიყო?
რა თქმა უნდა, გამანაწილებელი ქუდის ეს გადაწყვეტილება ჰარის მომავალს მნიშვნელოვნად შეცვლიდა. პირველ რიგში, საეჭვოა, მას ჰერმიონთან და რონთან ასეთი მჭიდრო მეგობრობა განევითარებინა, თუმცა, იმედი გვაქვს, არც მაინცდამაინც დრაკოს საუკეთესო მეგობრად იქცეოდა…
რონისა და ჰერმიონის მხარდაჭერის გარეშე კი, ეჭვი გვეპარება, ჰარის ის დიადი საქმეები ჩაედინა, რასაც პოტერიადაში ვეცნობით… რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ, რომ სლიზერინში მოხვედრის შემთხვევაში, ის აუცილებლად ბნელი ძალების მხარეს გადავიდოდა და ვინ იცის, იქნებ სლიზერინის კლუბშიც აღმოჩენილიყო რამდენიმე ერთგული მეგობარი, რომელიც ჰარისთან ერთად სამართლიანობის აღსადგენად იბრძოლებდა?
4. რა მოხდებოდა, რონი ჰერმიონის მიმართ უხეში რომ არ ყოფილიყო?
გავიხსენოთ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენათა ჯაჭვი ჰარი პოტერის პირველი ნაწილიდან: ჰერმიონმა რონს შელოცვა შეუსწორა, რამაც ბიჭის გაღიზიანება გამოიწვია და ჰარისთან ის გამოაჯავრა. გოგონამ ეს გაიგო და ნაწყენი ტუალეტში განმარტოვდა, სადაც ტროლი შეიჭრა. ბიჭებმა კი ის გადაარჩინეს…
პოტერომანებს შეხსენება არ სჭირდებათ, რომ ჰერმიონი პოტერიადის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობს და არაერთ საიდუმლოს ხდის ფარდას. სწორედ ამიტომ, მათი დამეგობრება აუცილებელი იყო, რაც ტროლთან დაკავშირებული ინციდენტის გარეშე, შესაძლოა, არც კი მომხდარიყო…
რონს რომ გოგონა არ გაენწაყენებინა, ისინი უბრალოდ თანაკლასელებად დარჩებოდნენ და ჩვენ წლების განმავლობაში მოგვიწევდა თვალყური გვედევნებინა ჰარისა და რონისთვის, რომლებიც ვოლდემორის დამარცხებას უშედეგოდ ცდილობდნენ.