პოტერჰედებს შორის დღემდე დიდი პოლემიკაა იმის თაობაზე, კარგია თუ არა ჰარი პოტერის ეკრანიზაციები. მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც საკუთარი არგუმენტები აქვთ. ერთი რამ ფაქტია: ეკრანიზაციები დღეს ჰარი პოტერის სამყაროსგან განუყოფელია.
თუმცა ამჯერად გავიხსენებთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ჰარი პოტერის ფილმებში წარმოჩენილმა (ან პირიქით, ზედაპირულად ნაჩვენებმა) პერსონაჟებმა, მომენტებმა და ამბებმა ლიტერატურული პირველწყაროს მოყვარულ პოტერჰედებს იმედი გაუცრუა. ასეთი, დაგვერწმუნეთ, ძალიან, ძალიან ბევრია… მაგრამ ამჯერად ათზე შევჩერდებით.
1. ალბუს დამბლდორი
ამ საკითხზე პოტერომანების უმეტესობას ერთნაირი აზრი აქვს. პოტერიადას ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და საყვარელი პერსონაჟი, უდიდესი და უძლიერესი ჯადოქარი ფილმებში სათანადოდ არ არის წარმოჩენილი (თავი გავანებოთ იმას, რომ მისი განსახიერება ორ მსახიობს მოუწია). წიგნის თითოეულ ნაწილს ერთ-ერთ ხაზად გასდევს დამბლდორისა და ჰარის ურთიერთობა, ჰარი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მუდამ გრძნობს დიდი ჯადოქრის გვერდით დგომას. გარდა ამისა, წიგნის დამბლდორი მეტად ექსცენტრიკულია, იუმორის გამორჩეული გრძნობით, მოციმციმე ლურჯი თვალების საფირმო ჩაკვრით, საოცარი მოთმინების უნარით, რომლის დარღვევა ქვეყნად არაფერს შეუძლია. მაიკლ გამბონს პიროვნულად არაფერს ვერჩით (RIP რიჩარდ ჰარისი), თუმცა ფაქტია, რომ ფილმში დამბლდორი საკმაოდ მოსაწყენი, დისტანცირებული, ზოგჯერ უმიზეზოდ ფიცხი და პროგნოზირებადი “თეთრწვერა ჯადოქრის” ტიპაჟია.
2. ჰარი პოტერი
დენიელ რედკლიფი კარგად განასახიერებს ოდნავ დაბნეულ, ცნობისმოყვარე და თავმდაბალ ჰარის – ზუსტად ისეთს, როგორიც წიგნებშია. მაგრამ მისი თამაში ხშირად ცოტა ზედმეტებშიც გადადის: მომეტებული გრიმასები და თითქოსდა ღელვის გამომხატველი ღრმა სუნთქვა ზოგჯერ მართლაც სულელურად გამოიყურება. თუმცა შეიძლება ეს დენიელის ბრალი არც არის – ჰარი პოტერისგან საინტერესო კინოპერსონაჟის გამოყვანა ცოტა არ იყოს ძნელია, რადგან მთავარი, რაც მას უნიკალურად აქცევს (მისი უჩვეულო იუმორი, მისი ღელვა და შეგრძნებები, ფიქრები და ხილვები), ძირითადად ჰარის თავში ხდება და ამის ეკრანზე გადმოტანა შეუძლებელია.
3. ჯინი უისლი
ბონი რაიტი ჯინი უისლის როლზე 7 წლის ასაკში აირჩიეს, ამრიგად, არავის ბრალი არაა, რომ იგი ისე გაიზარდა, სიმაღლეში დენიელ რედკლიფს გაუსწრო. მაგრამ ნეტავ მხოლოდ ეს ყოფილიყო პრობლემა. ერთი, რომ მას და ჰარის შორის ნული ქიმიაა. მეორე: წიგნებში პატარა ჯინი უისლი საყვარელი გოგონაა, რომელსაც თავიდანვე სიმპათიები აქვს ჰარის მიმართ (და მის დანახვაზე ისეთი პანიკით სავსე სახე არ აქვს, როგორიც ფილმის ჯინის), მომდევნო წლებში კი – ბიჭებთან ურთიერთობისას თავდაჯერებული გოგონა და ნიჭიერი ჯადოქარი, რომელიც საკუთრ შელოცვებსა და გათვალვებსაც კი იგონებს. ფილმში ჯინი მოსაწყენი, უღიმღამო გოგოა, რომელმაც თითქოს არ იცის, რა უნდა აკეთოს და ჰარის გვერდითაც კი თითქოს უხერხულად გრძნობს თავს. მათი ყოველი კოცნა ვიზუალურად გაუსაძლისია. რედკლიფსა და სედრიკ დიგორის როლის შემსრულებელ რობერტ პატინსონს შორის მეტი გრძნობებია.
4. არ არის ე.დ.ა.მ.-ი (ელფების დამოუკიდებლობის აღდგენის მოძრაობა)
ფილმებში ეს ორგანიზაცია საერთოდ არაა, არადა, წიგნებში ე.დ.ა.მ.-ი ჰერმიონის სიამაყეა. შინაური ელფების დამოუკიდებლობის აღდგენის მოძრაობა, რომლის კამპანიასაც ჰერმიონივე ახორციელებს, საგის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ელფების კეთილგანწყობას დიდ ჯადოქრულ ომში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მიზეზიც, რის გამოც მეშვიდე წიგნში ჰერმიონი რონს მხურვალედ კოცნის, სწორედ ისაა, რომ რონი ჰოგვორტსის ბრძოლის დაწყებამდე ჰოგვორტსის სამზარეულოში მომუშავე ელფებს ათავისუფლებს. საქმე ისაა, რომ რონი თითქოსდა ელფების ბედით დაინტერესებული არ იყო და ჰერმიონის აქტივობებშიც მხოლოდ ხათრით ერთვებოდა, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ის “გაიზარდა” და ჯადოქრების მიერ დამონებული არსებების შეცოდებაც მოახერხა.
5. არასაკმარისი მეგობრობა
წიგნებში ბევრჯერაა ხაზგასმული, რომ ბოროტ ჯადოქრობას მხოლოდ მეგობრების მყარი გაერთიანება დაამარცხებს. მაგრამ პოტერიადას ფილმები მაინცდამაინც დამაჯერებლად ვერ გვიჩვენებს, როგორ შენდება თანდათანობით სამეულის მეგობრობა. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ სცენარი მეტისმეტად სერიოზულია და დრო აღარ რჩება იმ სეირნობების, საუბრებისა და უამრავი კამათისთვის, რომელიც სამეულის, და არამარტო მათ მეგობრობას ამყარებს. საერთო ოთახი, ჭადრაკის თამაში, ბუხართან დავალებების წერა, ერთმანეთისთვის უამრავი რჩევის მიცემა… ეს ის მეგობრული მომენტებია, რაც ფილმებში ასე გვაკლია. ეკრანიზაციებში ჰარი, ჰერმიონი და რონი სულ რაღაცის აღმოჩენისა და გარკვევის მიზნით დარბიან აქეთ-იქით, ურთიერთობისთვის კი დრო არ რჩებათ. მოკლედ, ქრონომეტრაჟს ჭეშმარიტი მეგობრობა ეწირება.
6. ქვიდიჩის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი
უპატიებელი შეცდომა. ხელიდან გაუშვა ასეთი მაგიური მოვლენის ეკრანზე სრულყოფილად ჩვენების შანსი – უბრალოდ გაუმართლებელია. ზოგადად, ქვიდიჩთან მიმართებაში ეკრანიზაციებში ძალიან სცოდავენ, მაგრამ განსაკუთრებით გულდასაწყვეტია იმ მსოფლიო მოვლენის ასე მიფუჩეჩება, რომელსაც ჰარი პოტერის წიგნებში რამდენიმე თავი ეძღვნება. ქვიდიჩის ჩემპიონატის ფინალი, მთელი თავისი წინასამატჩო და მატჩის პერიპეტიებით, აზარტით, გუნდების წარდგენითა და თამაშით, სულ რამდენიმე კადრშია მოქცეული, რაც წიგნების მოყვარულებს გულს ძალიან წყვეტს.
ცალკე საკითხია ის, რომ ქვიდიჩის მატჩები ჰოგვორტსის კლუბებს შორის ყოველთვის სახიფათო სანახაობად გადაიქცევა ხოლმე, ისე, რომ მონაწილეები მოედნის არასათამაშო ნაწილში თავისუფლად დასდევენ ერთმანეთს, წარმოუდგენლად არღვევენ წესებს, უხეშობენ, ერთმანეთის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან, ამ დროს კი მსაჯს და თამაშზე დამსწრე ჰოგვორტსის პროფესორებს სძინავთ.
7. ჰარისა და ვოლდემორის უკანასკნელი შებრძოლება
ფილმში, როდესაც ჰარი უკვე მეორედ წარდგება ვოლდემორის წინ ჰოგვორტსის მიდამოებთან, ისინი პირისპირ აღმოჩნდებიან. ჰარი მტერს უცებ ხელებს ავლებს და კოშკიდან მასთან ერთად ვარდება. ვარდნისას ისინი ჭიდაობენ და ყვირიან. რატომ? ნუთუ ამ ბლოკბასტერს ველოდით ამდენ ხანს? არავითარი ჯადოქრული მანევრი – “ეფექტური” ნახტომი შეუსრულებელი მისიის სტილში. თითქოს ამ მომენტში ჰარიმ გადაწყვიტა გვიჩვენოს, აი, ამიტომ ჯობია წიგნებს ფილმებიო. გამოუვიდა კი? რა ვიცით, რა ვიცით…
8. ჰარის მიერ დიდგულას ჯოხის გადატეხვა
ნუთუ სცენარისტები მართლა ფიქრობდნენ, რომ მაყურებლები აღფრთოვანდებოდნენ იმის ნახვით, როგორ უბრალო წკირივით გადაამტვრევდა ერთი ყმაწვილკაცი მსოფლიოში უძლიერეს ჯოხს, უძველეს რელიკვიას და უდიდესი ისტორიის მქონე არტეფაქტს? წიგნებში ჰარი გადაწყვეტს, დიდგულას ჯოხი თავის ჭეშმარიტ პატრონთან ანუ დამბლდორის სამარხში დააბრუნოს, თუმცა მანამდე უძლეველ ჯოხს თავისი საყვარელი, გატეხილი ბაძგის ჯოხის გასამთელებლად იყენებს. წიგნიდან ამ ყველაფერს საკუთარი ახსნა აქვს: დიდგულას ჯოხის ტექნიკური მფლობელი ჰარია, ასე რომ, თუ ჰარი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდებოდა, დიდგულას ჯოხის ძალაც გაქრებოდა და ასე დამარცხდებოდა მკვლელობა და სიკვდილი, რომელიც უფროსი ძმის სიბრიყვემ და სიკვდილის ამ საჩუქარმა ჯადოქრულ სამყაროს მოუტანა. მაგრამ არა – ფილმის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ დიდგულას ჯოხის გადამტვრევას მეტი ეფექტი ექნებოდა. წარმოუდგენელი მაგლობაა.
9. გარემო და განწყობა
ჰარი პოტერის შვიდივე წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მათგანში ხდება საშინელი მოვლენები, გაჯერებულია შესანიშნავი იუმორით, სიმყუდროვით, “შინაური” შეგრძნებით, მოტკაცუნე ბუხრებით, გემრიელი საჭმლით, ცხოვრებისეული წვრილმანებითა და სხვა იმ ელემენტებით, რითაც ასე იცნობა და გვიყვარს ბრიტანული ლიტერატურა და გარემო. ფილმებში კი, მიუხედავად რომ ვიზუალურად გარემოს არაფერი დაეწუნება, ეს განწყობა მაინც არ ჩანს, რადგან მთელი დრო “მოქმედებას” ეთმობა. განსაკუთრებით აშკარა ეს დევიდ იეტსის ეკრანიზაციებიდან ხდება.
10. ვოლდემორის ქცევა დრაკოს მიმართ
ეს მომენტი ცალკე იმიტომ გამოვყავით, რომ გიჩვენოთ სცენარისტების გულუბრყვილობა და ბნელი ბატონის ბუნების შეუცნობლობა. თქვენ წარმოგიდგენიათ ფამილარული ვოლდემორი? იგი უმალ მიყოლებით გაანადგურებდა თავის ჰორკრუქსებს ან ჰარის იშვილებდა, ვიდრე რომელიმე ადამიანს ჩაეხუტებოდა, თუნდაც იმ მიზნით, რომ ის “გაემხნევებინა”. და საერთოდ, იქნებ იმიტომაც გადაიქცა ასეთ მონსტრად ტომ რიდლი, რომ მას ბავშვობიდან არავინ ჩახუტებია? იფიქრეთ ამაზე…
მანამდე კი ჰარი პოტერის წიგნები გადაიკითხეთ… მათ მართლაც ვერაფერი შეედრება.
როგორც იტყვიან, სნეიპი ადასტურებს.