მართალია, თანამედროვეობის ორი უდიდესი ფენტეზი საგის – სამეფო კარის თამაშებისა და ჰარი პოტერის სამყაროები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მათ ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ: მასში მოთამაშე მსახიობთა დიდი ნაწილი ბრიტანელია. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ სამეფო თამაშების მნიშვნელოვან თუ ეპიზოდურ როლებში პოტერიადას ზოგიერთ გმირს ამოიცნობთ. თუმცა გარწმუნებთ, ზოგიერთს ნამდვილად ვერ მიხვდებოდით.
დღეს იმ 11 მსახიობს წარმოგიდგენთ, რომლებიც როლებს პოტერიადაშიც ასრულებენ და სამეფო კარის თამაშებშიც.
1. ველური ქალი ოშა და ნიმფადორა ტონქსი
ნატალია ტენა, რომელიც სამეფო კარის თამაშებში ველური ქალი ოშას როლს თამაშობს, პოტერიადას მნიშვნელოვან პერსონაჟს – ფენიქსის ორდენის წევრსა და აურორს, მეტამორფოზმაგუს ნიმფადორა ტონქსს განასახიერებს.
2. ვალდერ ფრეი და არგუს ფილჩი
დევიდ ბრედლი – ჰოგვორტსის ბრაზიან და აუტანელი დარაჯს, არგუს ფილჩს თამაშობს, რომელსაც მასავით აუტანელი კატა, მისის ნორისი ჰყავს; სამეფო კარის თამაშებში კი კიდევ უფრო საშინელი პერსონაჟის როლი ერგო: ფრეიების მრავალრიცხოვანი სახლის მამამთავრის, გულქვა, დამცინავი და ღვარძლიანი ვალდერ ფრეის, რომელიც წითელი ქორწილის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და რომელიც, ყველას სასიხარულოდ, არია სტარკმა გამოასალმა სიცოცხლეს.
3. მენს რაიდერი და აბერფორტ დამბლდორი
კირან ჰინდსი – კედლის მიღმა ველურების მეფე მენს რაიდერი GOT-ში, პოტერიადაში ალბუს დამბლდორის ძმის როლში გვევლინება.
4. დიკონ ტარლი და კორმაკ მაკლეგენი
კორმაკ მაკლეგენს, ყმაწვილს, რომელიც ჰერმიონს მოსვენებას არ აძლევს და სემუელ ტარლის უმცროს ძმა დიკონსაც (სამეფო თამაშების მე-6 სეზონში) ფრედი სტორმა განასახიერებს.
5. გრანდ მაისტერი პაიცელი და არაგოგის ხმა
ჯულიან გლოვერი, რომელიც უზარმაზარ აკრომანტულას, არაგოგს ახმოვანებს, სამეფო კარის თამაშებში მცირე სამეფო საბჭოს წევრის, გრანდ მაისტერი პაიცელის როლს ასრულებს.
6. გოლიათი ვუნ-ვუნი და მადამ მაქსიმის ტანი
2 მეტრზე მეტი სიმაღლის იან უაიტი სამეფო კარის თამაშებში რამდენიმე პერსონაჟს განასახიერებს. მათ შორის თეთრ მავალს, მე-2 სეზონში მთა გრეგორი კლეგეინს, გოლიათ ვუნ-ვუნს. მისი სიმაღლე ჰარი პოტერის მე-4 ფილმში, ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი, გამოადგათ ასევე გოლიათი მადამ მაქსიმის ტანის დუბლიორად.
7. დეზერტირი ღამის დარაჯი და მალფოის კურსელი
ბრონსონ ვები სამეფო კარის თამაშებში უილს – ღამის გუშაგის შეფიცულ ძმას თამაშობს, რომელიც ერთ-ერთი პირველი შეესწრება თეთრი მოხეტიალეების თარეშს და შიშისგან თავზარდაცემული, კედლის სამხრეთით გაიქცევა, ნედ სტარკი კი დეზერტირობისთვის სიკვდილით დასჯის. მსახიობი პოტერიადაში, კერძოდ, აზკაბანის ტყვეში დრაკო მალფოის ამხანაგს თამაშობს.
8. დაგმერ ყბაგაჩეხილი და ამიკუს კეროუ
რალფ ინესონი, რომელიც პოტერიადაში სიკვდილის მხვრელ ამიკუს კეროუს თამაშობს, რომელიც ჰოგვორტში სნეიპის დირექტორობისას მისი თანაშემწეა, სამეფო თამაშებში გრეიჯოიების გვართან ალიანსში მყოფ მეომარ დაგმერ ყბაგაჩეხილს განასახიერებს.
9. ბრაავოსელი ქალი და მადამ ირმა პინსი
სალი მორტმორი, რომელიც GOT-ის მე-6 სეზონში რიგით ბრაავოსელ ქალს თამაშობს, პოტერიადაში ჰოგვორტსის მკაცრი ბიბლიოთეკარი მადამ პინსია.
10. არქიმაისტერი ებროსი და პროფესორი ჰორაციუს სლაგჰორნი
ჯიმ ბროდბენტი – შხამ-წამლების ახირებული პროფესორი ჰარი პოტერის მე-6 ფილმში – ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი, – სამეფო კარის თამაშების მე-7 სეზონში გამოჩნდა ციტადელის მთავარი მაისტერის როლში.
11. კეტლინ სტარკი და ჰერმიონ გრეინჯერის დედა
მიშელ ფეირლის ქალიშვილებში ნამდვილად უმართლებს – ჰარი პოტერის სერიაში ის ჰერმიონ გრეინჯერის დედის როლში ჩნდება, ხოლო სამეფო თამაშებში ნედ სტარკის ერთგული მეუღლე და სტარკების ხუთი მემკვიდრის თავგანწირული დედა კეტლინ სტარკია.