კვირა საღამოს სამეფო თამაშების ფანებს ინტერნეტპირატებმა დიდი სიურპრიზი გაუკეთეს. შოუს უკანასკნელი სეზონის მეორე ეპიზოდი HBO-ს ოფიციალურ პრემიერამდე გავრცელდა ინტერნეტში და, შესაბამისად, ქართულ ენაზე პრემიერაც უფრო მალე შედგა. ახლა კი, დადგა დრო, მიმოვიხილოთ ეპიზოდი, რომელიც ძალიან ემოციური და თბილი გამოდგა და რომელშიც ვინტერფელის კარს მომდგარი არმიის შეტევამდე ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ გაირკვა და ბევრიც – ჩაიხლართა.
გაფრთხილება: თუ ვინმე დარჩით, ვისაც მეორე ეპიზოდისთვის ჯერ არ გიყურებიათ, გთხოვთ, დატოვოთ ტერიტორია, რამეთუ პოსტი ბნელია და სპოილერებით სავსე.
მეფისმკვლელი
მეორე ეპიზოდი სახელად “შვიდი სამეფოს რაინდი” (A Knight of the Seven Kingdoms) წინა ეპიზოდის დასასრულის გაგრძელებით დაიწყო – ჯეიმი ლანისტერი პირველი სეზონის შემდეგ პირველად დაბრუნდა ვინტერფელში, სადაც მის მიმართ მტრულად განწყობილი სტარკები და ტარგარიენ(ებ)ი დახვდნენ. საუბარი დაძაბულად წარიმართა: დენერისმა მის მიმართ მეფის მკვლელობის ბრალდება გააჟღერა, სანსამ კი სტარკების ოჯახის განადგურების მცდელობა. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯეიმი ბრიენ ტართელის სიტყვამ დაიცვა.
ბრანს საჯაროდ არაფერი უთქვამს ჯეიმის ქმედებაზე მის მიმართ, მხოლოდ მისი ადრინდელი სიტყვების ციტირება მოახდინა: “რას არ გავაკეთებთ სიყვარულისთვის” – გაიმეორა ბრანმა პატარა ბრანის კოშკიდან გადაგდებამდე ჯეიმის მიერ იმ დროს ნათქვამი, რომელთა მნიშვნელობაც მხოლოდ მან და მეფისმკვლელმა იციან.
მოგვიანებით ჯეიმი ლანისტერმა საღვთო ტყეში განმარტოებულ ბრანს ჩადენილის გამო მოუბოდიშა, ხოლო ბრანმა უთხრა, რომ ეს შემთხვევა რომ არა, ჯეიმიც იგივე კაცი იქნებოდა და დიდ ბრძოლაში დახმარებას ვერ გაუწევდა, ბრანიც – კვლავ ბრან სტარკად დარჩებოდა.
დენერისი კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სერსეიმ ის მოატყუა და კვლავ ტირიონი დაადანაშაულა. ცალკე ჯეიმი ლანისტერის მათ რიგებში მიღებით, ცალკე კი ჯონ სნოუს უყურადღებობით განაწყენებულმა ტარგარიენმა დედოფალმა ტირიონს უთხრა, რომ მარჯვენის თანამდებობაზე სხვას მოძებნიდა. თუმცა მოგვიანებით ის ჯორაჰ მორმონტმა გადაარწმუნა.
ბოლოს და ბოლოს, ჯეიმი და ტირიონიც შეხვდნენ. მათ დანახვაზე ჩრდილოელები ბრაზს არ მალავენ, სამაგიეროდ, თავის მეგობარს გულითადად ხვდება ბრიენი, რომელსაც ვინტერფელის ჯარის მარცხენა ფლანგი აბარია. ჯეიმი მის მიმართ მადლიერებას და მორჩილებას გამოხატავს.
მმართველი ქალები
ჩანს, დენერისი ყველასა და ყველაფერზე მეტად იმ მამაკაცს ენდობა, რომელიც თავის დროზე მტრებთან შეთქმულების გამო გააგდო. ჯორაჰ მორმონტმა სიცოცხლით გარისკა, თავისი დედოფლის ნდობა რომ დაებრუნებინა. ამჯერად კი მან ტირიონის დაცვა აიღო თავზე და დაარწმუნა თავისი ხალესი, ტირიონი მარჯვენის თანამდებობაზე დაეტოვებინა, ასევე სავარაუდოდ ურჩია, ლედი სტარკს დალაპარაკებოდა.
დენერისი სანსასთან პირდაპირი იყო – დაარწმუნა, რომ მისი ძმა უყვარს და ის, რომ ტახტისთვის ბრძოლა გადადო, ყველაფერი ჯონისა და მისი სიყვარულის გამო, მისი ნდობის გამო გააკეთა. გარდა ამისა, სანსას ის კომპლიმენტი უთხრა, რაც უნდა ეთქვა: რომ მამაკაცებით სავსე სამყაროში მათ მმართველობა თანაბარი წარმატებით გამოსდით.
მაგრამ როცა სანსამ დენერისს ჰკითხა, რა იქნება შემდეგ, რაც მკვდრების არმიას და სერსეის დაამარცხებენ, დენი მრავალმნიშვნელოვნად დადუმდა.
გავლენიან ქალებს საინტერესო საუბარი თეონ გრეიჯოის მოსვლამ გააწყვეტინა. მისი განცხადება, რომ ვინტერფელისთვის იბრძოლებს, და სანსას გულთბილი შეხვედრა მეტისმეტად ემოციური გამოდგა. იარა კი რკინის კუნძულებისკენ გაეშურა, რათა დენერისის სახელით დაიბრუნოს ისინი.
მზადება ომისთვის
ვინტერფელის ეზოში დიდი ხალხმრავლობაა – კარიბჭე ღიაა და ციხესიმაგრე ჩრდილოეთის შემოგარენიდან მომსვლელებს იღებს. იქვეა გილიც, რომელიც მათ, ვისაც ბრძოლა არ შეუძლია, აკლდამებში იწვევს.
ამასობაში ტორმუნდი, ბერიკი და მწუხარე სემიც გამოჩნდნენ შემაშფოთებელი ახალი ამბით – ამბერების ციხე დაეცა და მათ, აღმოსავლეთის გუშაგიდან მომავალებმა, სტარკების პატარა ვასალი ნედ ამბერის საშინელი სიკვდილი იხილეს. ახალმოსულების ცნობით, ღამის მეფის არმიას ვინტერფელში მეორე დილისთვის უნდა ელოდნენ.

ვინტერფელის დარბაზში ომის სტრატეგიაზე ბჭობისას ბრანმა მეტ-ნაკლებად განმარტა ღამის მეფის მიზანი – მას ბრანი სურს. ბრან სტარკი, როგორც ჩანს, პირველი სამთვალა ყორანი არაა, რომელზეც ღამის მეფე ნადირობს, რადგან ისინი კაცობრიობის მეხსიერებას ინახავენ. გადაწყდა, რომ ბრანი მას საღვთო ტყეში დაელოდება, მასთან კი თეონ გრეიჯოი იქნება, დანარჩენები ვინტერფელს დაიცავენ. ამის შემდეგ ბრანთან ტირიონი განმარტოვდა და მისი ისტორიით დაინტერესდა.
ომის წინა ღამეს ყველა სხვადასხვაგვარად შეხვდა: არია გენდრისთან განმარტოვდა (მათ სასიყვარულო სცენა, ცოტა არ იყოს, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა), ბრიენი, ტორმუნდი, ჯეიმი, სერ დავოსი, პოდრიკ პეინი და ტირიონი კი – დარბაზში, ბუხართან და ღვინოსთან; პატარა ლიანა მორმონტმა აბჯარი აისხა და აკლდამაში ქალებთან დამალვაზე უარი თქვა, სემ ტარლიმ კი თავისი ოჯახის საგვარეულო ხმალი, ვალირიული ფოლადის “გულთამმუსვრელი” სერ ჯორაჰს გადასცა. სემის თქმით, ჯორაჰის მამამ, სერ ჯეორმა ასწავლა მას, როგორ მოქცეულიყო სწორად, ჯორაჰისთვის მახვილის გადაცემა კი მას სწორ საქციელად მიაჩნდა; მისანდეიმ და რუხმა მატლმა ომის წინ მოილაპარაკეს, რომ ყველაფრის დამთავრების შემდეგ ჩრდილოეთს დატოვებდნენ და მისანდეის მშობლიურ მხარეში დაბრუნდებოდნენ.
ღამის ყველაზე ემოციური მომენტი კი ბრიენის რაინდად კურთხევა აღმოჩნდა. ჯეიმიმ, როგორც რაინდმა, აღასრულა რიტუალი, რომლითაც შვიდი სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მებრძოლი, ლედი ბრიენი სერ ბრიენად გამოაცხადა. ყველაფერი კი სიმღერით დასრულდა: პოდრიკმა მშვენიერი ხმით შეასრულა ემოციური ბალადა Jenny’s Song.
ამ სიმღერის ფესვებს “ყინულისა და ცეცხლის სიმღერამდე” მივყავართ. ესაა სიმღერა დუნკან ტარგარიენზე (დენერისის ბიძაზე), რომელმაც ჯენი ოლდსტოუნის გამო ტახტზე თქვა უარი. სიმღერა სიმბოლურია არამარტო იმით, რომ ფანებს “ბეჭდების მბრძანებელი” მოაგონა, არამედ იმითაც, რომ მსგავს სიტუაციაში არის ჩავარდნილი ახლა ორი უკანასკნელი ტარგარიენი…
სიმართლე
და სწორედ ტარგარიენების მემკვიდრეებზე გადადის კადრი – დაღონებული ჯონ სნოუ ვინტერფელის აკლდამაშია განმარტოებული და ლიანა სტარკის ქანდაკებას შესცქერის. მას დენერისი უახლოვდება და რეიგარს იხსენებს, როგორც მამაც და გულკეთილ ადამიანს, რომლისგანაც ლიანას მოტაცება და გაუპატიურება ვერ წარმოუდგენია. და აი, დგება სიმართლის დროც: ჯონი დენერისს უმხელს, რომ რეიგარ ტარგარიენი და ლიანა სტარკი დაქორწინდნენ და ის მათი ვაჟია. დენისთვის ეს დაუჯერებლად ჟღერს – ამ ცნობის მიხედვით ჯონი ტარგარიენების უკანასკნელი მამაკაცი მემკვიდრე და რკინის ტახტის მთავარი პრეტენდენტი გამოდის…
ამ დაძაბულ მომენტს ბუკის ხმა წყვეტს – ვინტერფელის მახლობლად მკვდრების არმია გამოჩნდა. სწორედ დიდი ომის მზადყოფნის მომენტში სრულდება სერია, რომელიც ქარიშხალის წინ სიჩუმეს ჰგავდა…
ახლა კი დეტალები, რომლებიც მე-2 ეპიზოდის ცქერისას შეიძლება გამოგრჩათ:
1. ინტრო ცოტათი შეიცვალა – ამჯერად რუკაზე ვინტერფელის საომრად მზადება ჩანს. გათხრილი სანგრები შიგნით ჩასობილი, ასანთებად გამზადებული ხის ძელებით, რომლებიც მე-2 ეპიზოდში ვიხილეთ.
2. ჯეიმის სიტყვები: “ეს ერთგულების საზღვრებს სცდება – ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია” ფაქტობრივად ბრიენის სიტყვების ციტირებას წარმოადგენს.
მე-7 სეზონის დასასრულს, დრაკინოს ხაროში შეხვედრისას ბრიენმა ჯეიმის უთხრა: “ჯანდაბამდის გზა ჰქონია ერთგულებას. ეს გვარებისა და ღირსების მიღმა დგას… დაელაპარაკე დედოფალს.”
3. მომენტი, როცა არია საქმით გართულ გენდრის გრძნობით შესცქერის, მეორე სეზონის მომენტის ალუზია იყო.
4. ტირიონმა ფრაზა, თუ როგორ სურს მოკვდეს, ჯერ კიდევ პირველ სეზონში თქვა.
ეს იყო მომენტი, როცა ერინის ველიდან მომავალი ბრონი და ტირიონი მთიელებმა ჩაიგდეს ხელში.
5. “ჯენის სიმღერა”, რომელსაც პოდრიკი მღერის, სავარაუდოდ, რეიგარ ტარგარიენის დაწერილია.
გავრცელებული მოსაზრებით, ჰარენჰალის ტურნირზე რეიგარმა სწორედ ეს სიმღერა იმღერა და ლიანა სტარკი აატირა. ამ დროიდან დაიბადა მათი სიყვარული. რეიგარის სიმღერის სიყვარული დენიმაც გაიხსენა ჯონთან.
შეიძლება ამავე სიმღერამ მოჰგვარა ცრემლი თვით ახალგაზრდა სერსეისაც. “ყვავების ნადიმში” ნათქვამია, რეიგარის მიერ ქნარზე შეასრულებულ სიმღერას სერსეი თვალებდაწითლებული უსმენდა.
6. ვინტერფელში მისულმა გოგონამ, რომელიც ბრძოლაში ჩართვას ითხოვდა, გილის და სერ დავოსს შირინ ბარათეონი მოაგონა.
ზედა მარცხენა კუთხეში სტარკებისა და ერინების გაერთიანებული ლაშქარია (რომელსაც ბრიენი მეთაურობს), ცენტრში – ტარგარიენის და დოთრაკების არმიები. მარჯვენა ფლანგზე –კვლავ სტარკების ჯარები.
გალავნის შიგნით მორმონტების სახლია გამაგრებული (ლედი ლიანას მეთაურობით), მარჯვნივ მოთავსებული შავი ფილა ხალხის უცნობ ჯგუფს აღნიშნავს. შეიძლება მათ, ვინც აკლდამაში დაიცდის.
გარდა ამისა, ვიცით, რომ თეონ გრეიჯოი და ბრანი საღვთო ტყეში მოუცდიან ღამის მეფის გამოჩენას.
8. სემ ტარლი კვლავ გვახსენებს იმ წიგნების მნიშვნელობაზე, რომლებიც მან ციტადელიდან მოიპარა. რა შეიძლება ეწეროს მათში? პლუს, გალავანზე ჯონის მგელსაზარა ლანდი გამოჩნდა.
ლანდის ასე უკონტექსტოდ გამოჩენა ძალიან გულდასაწყვეტი იყო. მით უმეტეს, რომ შეიძლება ის ბრძოლაში დაიღუპოს.
ამის შესახებ მითქმა-მოთქმა თავის დროზე თავად საგის ავტორმაც დაადასტურა. სერ დუნკან მაღალი წიგნის “A Knight of the Seven Kingdoms” (მასში უკანასკნელ ეიგონ ტარგარიენსაც შეხვდებით) გმირია და სწორედ მისი შთამომავალია სერ ბრიენი.
10. ნუთუ ბრანის სიტყვებმა იმის შესახებ, რომ ღამის მეფეს “უსასრულო ღამე” სურს, ყველა აქამდე არსებულ თეორიას ბოლო მოუღო?
სულ ეს იყო? თუმცა შეიძლება სამთვალა ყორანიც ცდებოდეს…