უყურეთ ნებისმიერ ფილმს და ყურადღება გაამახვილეთ იმ ფორმებზე, რომლებსაც კადრში ხედავთ (ამ პროცესს ისე მიეჩვევით, რომ ნებისმიერ ნამუშევარში იოლად შეამჩნევთ). ეს გეომეტრიული ფიგურები კადრში მხოლოდ იმიტომ არ მოხვდნენ, რომ ჩვენი ფიზიკური სამყარო დახვეწილი გეომეტრიითაა აგებული – ფიგურები ფილმში ესთეტიკურ და ფსიქოლოგიურ დანიშნულების მატარებელია. ფსიქოლოგებმა ეს კარგად უწყიან, ამ კუთხით ნებისმიერ კინემატოგრაფიულ პროდუქტს აკვირდებიან და შესაბამისი დასკვნებიც გამოაქვთ.
ერთ საინტერესო იუტუბ-არხზე გამოქვეყნებული ვიდეოესე სწორედ “ფილმების გეომეტრიის” შესახებ კვლევას წარმოგვიდგენს და გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ფილმების შემქმნელები გეომეტრიულ ფიგურებს ვიზუალური თხრობისთვის, რაც მაყურებელზე კონკრეტულ ფსიქოლოგიურ ეფექტს ახდენს და ამბის უკეთ აღქმაში უწყობს ხელს.
მაშ, რა ფსიქოლოგიური მნიშვნელობა იმალება პოპულარული გეომეტრიული ფიგურების მიღმა? ისევე როგორც ფერებს, ფორმებსაც შეუძლია, სხვადასხვა ტიპის მაყურებელს უამრავი სხვადასხვა რამ უთხრას ნამუშევრის შესახებ.
წრეები
წრე ფემინურ ფორმად მიიჩნევა და ხშირად გამოიყენება რაღაც ნაზის, უწყინარის, ბუნებრივისა და მატერიალურის გამოსახატად. წაგრძელებული რბილი რკალები და წრიული ფიგურები უმეტეს ჩვენგანს ბუნებაში არსებულ საგნებსა და სისტემებს მოგვაგონებს, ისეთებს, როგორებიცაა გალაქტიკები, ვარსკვლავები, პლანეტები, ღრუბლები, წვიმის წვეთები, ყვავილები და ტალღები. ჩვენი გონება ქვეცნობიერად წრეს ნაყოფიერებასთან, დედობასთან და ახალგაზრდობასთან აკავშირებს – ქალის მომრგვალებულ ფორმებთან, ორსულის მუცელთან და ჩვილის ფუმფულა ლოყებთან. თუმცა წრეები მხოლოდ გარეგნული მსგავსების გამო არ უკავშირდება მატერიალურ სამყაროს. წრიული ფიგურები სიმბოლურად უკავშირდება “სრულყოფილებას”, “ბალანსს” და “უსასრულობას”. ცნობილი წრიული სიმბოლოები – ინ იანი, საათი, ქორწინების ბეჭედი – ამ ცნებების ფიზიკური გამოხატულებაა.

სწორედ ამიტომაა მრავალი დიდი თუ მცირე ასაკის დადებითი ანიმაციური პერსონაჟის სხეული მომრგვალებული სილუეტის – იმის გამო, რომ სიმრგვალე უმანკოებას, ბედნიერებას და მეგობრულობას გამოხატავს.
ოთხკუთხედები

ოთხკუთხედი ფაქტობრივად წრის ანტიპოდად მიიჩნევა, რადგან ის, სიმრგვალის საპირისპიროდ, არანატურალურ, ხელოვნურ საგნებს უკავშირდება (წრიული ფორმებისგან განსხვავებით, ბუნებაში ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება ოთხკუთხა ფორმები). ოთხკუთხედი ასევე გამოხატავს “უძრაობას”, “სტაბილურობას” და “სიძლიერეს”, ამასთან, საგნებს, რომელთაც შეიძლება მოსაწყენად ან მოძველებულად მიიჩნევდნენ. ფილმებში აღნიშნული ფორმები ხშირად გამოუყენებიათ ზემოთ ჩამოთვლილი ცნებების გამოსახატად, განსაკუთრებით კი “ბუნებრივი სამყაროს” საპირისპიროდ.
მაგალითად, მაღლაში კარლს კუთხოვანი აგებულება აქვს, როცა პატარა რასელი მომრგვალებულფორმებიანია. კარლის ასეთი ფორმა იზოლაციასა და მოძველებულ შეხედულებთან ასოცირდება, რასელის რბილი ფორმები კი საპირისპიროსთან – ახალგაზრდობასა და სიხალისესთან.
სამკუთხედები

ყველაზე “ბრაზიანი” ფორმა – სამკუთხედი. ნებისმიერი ბავშვი მონსტრის ხატვისას მას წაწვეტებულ კბილებად სამკუთხედების რიგს უხატავს, ასე არაა? ეს იმიტომ, რომ სამკუთხედის “წვეტიანი” კუთხეები ქვეცნობიერად შიშს, უნდობლობას და ეჭვს ბადებს. შეხედეთ ნებისმიერ ანიმაციურ ვილანს – მათი გარეგნობისა თუ ჩაცმულობის დეტალებში უამრავი მახვილკუთხოვანი და ძალიან ცოტა მომრგვალებული ფორმა გვხვდება.
მაგრამ სამკუთხედს აქვს ისეთი გამორჩეული თვისება, რომელიც დანარჩენ ფიგურებს არ გააჩნიათ: თუ სამკუთხედს ძირით დაბლა დავაყენებთ, ის სტაბილურ და მყარ საგანს მოგვაგონებს, მაგალითად მთას ან პირამიდებს. სამაგიეროდ, თუ მას ამოვაბრუნებთ, მაშინვე არამყარ, გაუწონასწორებელ ფიგურად გადაიქცევა.
მართალია აღნიშნულ ვიდეოესეში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გეომეტრიული ფორმების ამ კუთხით გამოყენების მაგალითები ანიმაციურ ფილმებში უფრო თვალსაჩინოა, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, გეომეტრიული ფიგურების შესაბამის გამოყენებას მრავალ მხატვრულ ფილმშიც აღმოაჩენთ. მაშ, გაამახვილეთ ყურადღება, იპოვეთ ფიგურები და ეცადეთ დაადგინოთ, რა განწყობის შესაქმნელად იყენებენ მათ რეჟისორები.
მომზადებულია nofilmschool.com-ის მიხედვით