“უკან თუ მივიხედავ, დავიღუპები.” – დენერის ტარგარიენი
დენერის გრიგალით შობილი, ტარგარიენების სახლიდან, პირველი მისი სახელისა, დაუწველი, დედოფალი ანდალთა, როინართა და პირველკაცთა, დედოფალი მირინისა, დიდი ბალახის ზღვის ხალესი, სახელმწიფოს მფარველი, შვიდი სამეფოს ლედი-რეგენტი, ბორკილთა დამამსხვრეველი და დრაკონების დედა – ეს არის სრული ტიტული პერსონაჟისა, რომელიც სამეფო კარის თამაშების პირველ სეზონში უფროსმა ძმამ ცხენივით მიჰყიდა ველური ცხენოსანი ხალხის, დოთრაკების ხალს (მეფეს) და რომელსაც ვესტეროსში დაბრუნებამდე და ტახტზე კანონიერი უფლების გამოცხადებამდე დიდი, რთული, ცრემლითა და ტანჯვით სავსე გზა ელოდა.
დრაკონების დედა
ვესტეროსში მეფე ეირის ტარგარიენის დამხობის შემდეგ ტარგარიენების დევნილი მემკვიდრეები – ვისერისი და დენერისი დრაკონის ქვიდან გააპარეს კონტინენტზე. სერიალის დაწყებისას ისინი ქალაქ პენტოსში, მდიდარი მაგისტრ ილირიოსთან იმყოფებოდნენ, სადაც უფროსმა ძმამ დენერისი ხალ დროგოს წარუდგინა და მისი მრავალრიცხოვანი ურდოს დახმარების პირობის სანაცვლოდ, დის სურვილის საწინააღმდეგოდ, ცოლად გააყოლა.
დენერისმა, სანამ ხალს და მის ხალხს შეეგუებოდა, ბევრი სიმწარე გადაიტანა, მათ შორის საკუთარი ძმის რისხვაც, თუმცა მიხვდა, რომ წინააღმდეგობის ნაცვლად აჯობებდა, დოთრაკების ენა და ადათ-წესები შეესწავლა, მათი ცხოვრების წესი მიეღო და დოთრაკების მმართველის, შესაბამისად, მისი მრავალრიცხოვანი ურდოს გული მოეგო.
მფრთხალი გოგონადან, რომელსაც საკუთარი ძმაც კი აშინებდა, თანდათანობით თავის თავში დარწმუნებულ ხალესიდ გარდაიქმნა, რომელიც ქორწილში ნაჩუქარ დრაკონის კვერცხების სიმხურვალეს გრძნობდა და ეს მას საოცარ ძალას მატებდა. როცა მამაცი ხალი გამიზეზებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა, ხოლო დენერისმა ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილი დაკარგა, მან სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და კოცონში შეაბიჯა.
ცეცხლში უვნებლად გადარჩენამ დენერის ტარგარიენი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მასში ტარგარიენების სისხლი მთელი სიძლიერით გამოვლინდა, სამი დრაკონის დაბადებამ კი მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
დროგოს სიკვდილის შემდეგ დენერისი მრავალრიცხოვანმა ხალასარმა მიატოვა, თუმცა მან მცირერიცხოვან ერთგულ თანამგზავრებთან ერთად დაიწყო ესოსში მოგზაურობა და ეწვია გრძნეულთა ქალაქ ქართს (სადაც მისი მოწამვლა სცადა რობერტ ბარათეონის მიერ მიგზავნილმა მკვლელმა), დაწვა უკვდავთა სახლი, სადაც მისთვის დრაკონების წართმევა სცადეს, და პენტოსისკენ აიღო გეზი.
მონებით მოვაჭრეთა ქალაქ ასტაპორში დენერისმა საუკეთესოდ გაწვრთნილი უნაკლოების არმია დრაკონში გაცვალა, თუმცა მონებით მოვაჭრეებს დაავიწყდათ, რომ დრაკონი მონა არ არის… დენერისმა განიზრახა, სადაც კი შეძლებდა, მონებით ვაჭრობა აღეკვეთა და უკვე მოზრდილ ჯართან ერთად ამ მიზნით რამდენიმე ქალაქი დაიპყრო. სწორედ გათავისუფლებულმა მონებმა შეარქვეს მას “მისა” (დედა). ბოლოს დენერისი მირინში მივიდა, მონობა გააუქმა და თავი დედოფად გამოაცხადა.
მონების დედა და დედოფალი
მირინის წარჩინებულებმა შეთქმულება მოაწყვეს და ორთაბრძოლების არენაზე მისულ დენერისსა და მის მომხრეებს თავს დაესხნენ. დენერისი სიკვდილისგან დროგონმა იხსნა და უკაცრიელ ადგილებში წაიყვანა, სადაც მას ახალი განსაცდელი ელოდა.
დენერისი ათასობით დოთრაკმა დაიჭირა ახალი ხალის მეთაურობით და დოთრაკების დედაქალაქში წაიყვანა, დოშ ხალინში, ანუ ხალების ქვრივების სახლში. იქ დენერისმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ტარგარიენობა – შენობას ცეცხლი წაუკიდა და მთელი ხალასარის წინაშე უვნებელი გამოვიდა იქიდან. ამის შემდეგ მისი არმია უზომოდ გაიზარდა.
მე-7 სეზონის დასაწყისში დენერისის სანუკვარი ნატვრის ახდენის დროც დადგა – დრაკონების დედა უზარმაზარი ფლოტით, თანამოაზრეებსა და მოკავშირეებთან ერთად ვესტეროსს მიუახლოვდა და ტარგარიენების მამულში – კუნძულზე მდებარე დრაკონის ქვაზე დაბანაკდა, სადაც ვესტეროსის დაპყრობის სამომავლო გეგმები დააწყო.
ვესტეროსში დაბრუნება
ბოლოს და ბოლოს, დენერისი ვესტეროსს მიუახლოვდა. მას ერთგულება გამოუცხადეს ვესტეროსელმა მოკავშირეებმა: მარტელებმა და იარა გრეიჯოიმ თავის ფლოტით; ჩრდილოეთიდან კი მოკავშირეობის სურვილით ეწვია ჩრდილოეთის მეფედ გამოცხადებული ჯონ სნოუ, რომელმაც თეთრი მავალებისგან მომავალ საფრთხეში მისი დარწმუნება სცადა.
ვესტეროსის სწრაფად დაპყრობის სურვილით ანთებული დენერისი დროგონით დაესხა თავს ლანისტერების გაერთიანებულ არმიას, რომელსაც საკვები მარაგები გადაჰქონდა, მისმა უნაკლოების არმიამ კი ლანისტერების მთავარი ციხე, კასტერლის კლდე აიღო. თუმცა რამდენიმე ტაქტიკური მარცხიც იწვნია. ამასობაში კედლის მიღმა წასულები თეთრი მავალებითა და მკვდრებით გარშემორტყმულმა სნოუმ და კომპანიამ სასწრაფო დახმარება ითხოვა, დენერისი ჩრდილოეთით გაფრინდა, თავისი მოკავშირეები იხსნა და ერთი დრაკონი დაკარგა, სამაგიეროდ რეალურ საფრთხეში დარწმუნდა და შედეგად ჯონ სნოუსგან ვესტეროსის დედოფლად აღიარება, მეკავშირეობა და ერთგულების აღთქმა მიიღო.
ამჟამად ის სნოუსთან ერთად ჩრდილოეთით მიემგზავრება თავის მრავალრიცხოვან არმიასთან ერთად, სადაც სამომავლო მოქმედების გეგმებს დასახავს.
ასეთია დენერის ტარგარიენის, დრაკონების დედის გრძელი, ძნელი და ცეცხლოვანი გზა ესოსიდან ვესტეროსამდე. საინტერესოა, სად და როგორ დამთავრდება ის…
უკანასკნელი სეზონის პრემიერამდე სულ ცოტაღაა დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ ამ მსოფლიო მოვლენას got.adjaranet.com-ზე პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. პირდაპირი ტრანსლაციის სპონსორები არიან Domino და Beeline.
ერთად დაველოდოთ პრემიერას got.adjaranet.com-ზე.