ცნობილი ფრენჩაიზის ერთ–ერთი ძველი და მთავარი პერსონაჟის შემსრულებელმა მსახიობმა დუეინ ჯონსონთან დაპირისპირების გამო რადიკალური განცხადება გააკეთა. ტაირის გიბსონი ფორსაჟის ფილმებში პირველად მეორე ნაწილსი გამოჩნდა და მას შემდეგ ყველა ფილმში აქტიური როლი აქვს, დუეინ ჯონსონის მიერ განსახიერებული პერსონაჟი კი პირველად მეხუთე ფილმში იხილა საზოგადოებამ.
38 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ცნობილი პროექტის ახალ ნაწილში საკუთარი პერსონაჟის განსახიერებაზე უარს იტყვის, თუკი ფილმში დუეინ ჯონსონიც მიიღებს როლს:
ბოდიშს გიხდით ამის თქმისთვის, მაგრამ თუ დუეინი ფორსაჟი 9–ში იქნება, მეტ რომან პირსს ვეღარ ნახავთ”
ვარსკვლავებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეცხრე ფილმის გამოსვლის თარიღი გამოქვეყნდა, თუმცა მაშველების ვარსკვლავის მიერ დაანონსებულმა სოლო პროექტმა ცნობილი ფრენჩაიზის ახალი ნაწილის პრემიერის 1 წლით გადადება გამოიწვია. პრობლემა იმაშია, რომ ფორსაჟი 8–ის გაგრძელება 2019 წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ ამის მაგივრად აღნიშნულ წელს დუეინ ჯონსონის ახალი ფილმის პრემიერა შედგება, რომელიც 45 წლის მსახიობის მიერ ფორსაჟის ფილმებში განსახიერებული პერსონაჟის ისტორიაზე იქნება კონცენტრირებული.
რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გაკეთებული ღია განცხადებით გიბსონმა მის პარტნიორს ახალი სოლო ფილმის პრემიერის თარიღის შეცვლა სთხოვა, რათა ფრენჩაიზის ახალი ნაწილის გამოსვლისთვის შერჩეული თარიღის გადაწევა საჭირო არ გამხდარიყო. მიუხედავად ამისა, დუეინმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და ასევე პროდიუსერებთან ერთად გადაწყვიტა, რომ მისი ფილმი ზუსტად 2019 წელს გამოვა. სწორედ აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, ფორსაჟი 9 ერთი წლის დაგვიანებით წარსდგება მაყურებლის წინაშე და ტაირის გიბსონიც უკვე აღარ მალავს უარყოფით დამოკიდებულებას ჯონსონის მიმართ.