რამდენიმე წლის წინ მათ ესპანეთის ბრედსა და ანჯელინას უწოდებდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, ჰოლივუდელი წყვილისგან განსხვავებით პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი დღემდე ერთად არიან.
მედიისა და თაყვანისმცემლების მხრიდან დიდი ინტერესის მიუხედავად, წყვილი შესანიშნავად ახერხებს პირადი ცხოვრების საიდუმლოდ შენარჩუნებას, თუმცა, რა თქმა უნდა, მათი სიყვარულის ისტორია მაინც ძალიან ცნობილი და გამორჩეულია.
ისინი პირველად 1992 წელს შაშხი, შაშხის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. ხავიერი მაშინვე მოიხიბლა ახალგაზრდა პენელოპეთი, თუმცა მათ 15 წელი დასჭირდათ იმის მისახვედრად, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები.
2007 წელს ვიკი, კრისტინა, ბარსელონას გადაღებები დაიწყო. ყვითელი მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ხავიერი სკარლეტ იოჰანსონის გვერდით იყო, თუმცა სულ მალე გამოაშკარავდა, რომ იოჰანსონს რომანი რაიან რეინოლდსთან ჰქონდა. იმავე წლის მეორე ნახევარში კი გავრცელდა ფოტოები, სადაც მალდივის კუნძულებზე მყოფი ხავიერი და პენელოპე ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ.
ამის შემდეგ პაპარაცებმა წყვილი ფირზე კიდევ არაერთხელ აღბეჭდეს, თუმცა ისინი თითქმის 2 წლის განმავლობაში არ აკეთებდნენ ოფიციალურ კომენტარს ერთად ყოფნის თაობაზე.
2010 წლის გოიას დაჯილდოების ცერემონიალზე კი მათი პირველი ოფიციალური პაემანიც შედგა – „ესპანურ ოსკარებზე“ წყვილი ერთად გამოცხადდა.
იმავე წელს ისინი ერთად გამოჩნდნენ კანის კინოფესტივალზეც და სწორედ აქ, ხავიერმა პირველად და საჯაროდ აუხსნა სიყვარული პენელოპეს:
მე შენგან ძალიან ვარ დავალებული და ძალიან მიყვარხარ! – მსახიობმა საყვარელ ქალს სცენიდან ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. მისი ეს ჟესტი არა მხოლოდ მაყურებლისთვის, არამედ პენელოპესთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა – ის ნაზი ღიმილითა და ცრემლით სავსე თვალებით შეჰყურებდა ხავიერს.
2010 წელს წყვილმა საიდუმლო ვითარებაში, ბაჰამის კუნძულებზე იქორწინა. ამავე წელს მათი ჰოლივუდური დებიუტიც შედგა. ისინი ხელიხელჩაკიდებულები მივიდნენ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, ხოლო ამაყი ხავიერი პენელოპეს გვერდს უმშვენებდა მაშინაც, როდესაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი ვარსკვლავი გაიხსნა.
2011 წელს პენელოპასა და ხავიერს პირველი შვილი შეეძინა დღესდღეობით კი ისინი ორი ბავშვის ბედნიერი მშობლები არიან.