რატომ არ იჩივლა ჯენიფერ ლოურენსმა საკუთარი შიშველი ფოტოების გავრცელების გამო

ჯენიფერ ლოურენსი თავისი პირდაპირობით, გონებამახვილობითა და დაუმორჩილებელი ხასიათითაა ცნობილი. ოსკაროსანმა მსახიობმა Hollywood Reporter-ის პოდკასტში გულახდილად ისაუბრა მის სახელთან დაკავშირებულ სკანდალზე, რომელიც 2014 წელს ინტერნეტში გავრცელებულ მისივე შიშველ ფოტოებს მოჰყვა, პირად დამოკიდებულებაზე ჰოლივუდის დაცემულ ვარსკვლავ ჰარვი ვაინშტაინთან და არამისაღები სხეულის გამო შერცხვენის ფაქტებზე.

“პირადი ინფორმაციის დაჰაკვა იმდენად დაუჯერებელი ძალადობაა, რომ სიტყვებითაც ვერ გამოხატავ. დღემდე ვფიქრობ, რა შეიძლება ამას უწოდო. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი მსოფლიო ურცხვად მაშტერდება, რადგან ერთი ადამიანიც არაა, ვისაც ჩემს ინტიმურ ფოტოებზე ხელი არ მიუწვდება. შეიძლება უბრალოდ ბარბექიუს წვეულებაზე იყო და ვიღაცის ტელეფონში აღმოჩნდე”, – განაცხადა ჯენიფერმა.

ვარსკვლავმა დასძინა, რომ რამდენიმე ქალი დაუკავშირდა მას სასამართლოში საჩივრის შეტანის ინიციატივით, მაგრამ მან გადაწყვიტა, “ეფლის” ან სხვა კომპანიებისთვის არ ეჩივლა დაჰაკული ფოტოების გამო, რადგან ისინი უკვე გავრცელებულ ფოტოებს ინტერნეტიდან ვერ ამოიღებდნენ. მან ჩვეული პირდაპირობით თქვა: “ვერაფერი ვერ დამამშვიდებდა და ვერანაირი ხერხი დამიბრუნებდა საკუთარ შიშველ სხეულს, რომელიც მხოლოდ მე და ნიკს (ჰოლტი) გვეკუთვნოდა”.

მსახიობის თქმით, ფოტოების გავრცელებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ იგი კვლავ განიცდის იმას, რომ მისი სხეული საქვეყნოდ მის უნებართვოდ გამოიტანეს. როცა იმ პერიოდში ვიღაცამ უთხრა, გოგონებისთვის სანიმუშო მაგალითი ხარო, გულაჩუყებული შევარდა სააბაზანოში და იტირა. “თაღლითად ვიგრძენი თავი, არ მეგონა, თუ ვინმე კიდევ ასე ფიქრობდა ჩემზე”.

პოდკასტში საუბარი ასევე შეეხო ჰოლივუდის ბოლოდროინდელ მთავარ თემას – სექსუალურ შევიწროებას. ვაინშტაინზე მსახიობმა განაცხადა, რომ მასთან ხშირი ურთიერთობა უწევდა ოსკაროსან ფილმზე, იმედის სხივთა კრებულზე მუშაობისას, რადგან მისი პროდიუსერი სწორედ ვაინშტაინის კომპანია გახლდათ.

“უცნაური იყო ჰარვისთან ურთიერთობა. მსმენოდა, რომ მუსუსი იყო, მაგრამ პირადად მე ყოველთვის მამაშვილურად მექცეოდა. არასდროს შევუწუხებივარ. ვფიქრობ, მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა მანამდე, სანამ საზიზღრად მოიქცეოდა და ვუწოდე კიდეც საზიზღარი. მგონი მინდოდა სადისტი ურჩხული მეწოდებინა, მაგრამ თავი ვერ მოვთოკე, რადგან შოკში ჩავვარდი”.

ბევრი სხვა ქალისგან განსხვავებით, ჯენიფერმა პირდაპირ თქვა: “არასდროს მქონია შემთხვევა, რომ რომელიმე კაცს ჩემზე სექსუალური ძალადობა განეხორციელებინოს”. მისივე თქმით, ყველაზე შეურაცხყოფილად ფილმ “დედაზე” მუშაობისას იგრძნო თავი, როცა ქალმა, რომლის სახელიც ჯენიფერს არ გაუმხელია, მას “მეტისმეტად მსუქანი” უწოდა და ურჩია, ორ კვირაში 6 კილოგრამი დაეკლო. მსახიობს ფილმზე მუშაობისას ამაზე ხმა არ ამოუღია, თუმცა ირწმუნება, რომ საკადრისი პასუხი გასცა ყველას.

გვჯერა, რომ ნამდვილად ასე იქნებოდა, J-Law.

Next Post

ახალი ამბები

ქვიზები

ბოლოს დამატებული