ვალერიანისა და მეხუთე ელემენტის რეჟისორი ლუკ ბესონი სუპერგმირებს დიდად არ წყალობს. მან ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ უჭირს კავშირის დამყარება ასეთ პერსონაჟებთან. ახლახანს ჩაწერილ ინტერვიუში კი კიდევ უფრო შორს წავიდა და კონკრეტულად კაპიტან ამერიკაზე ისაუბრა:
“ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ამ ფილმში ყოველთვის აღნიშნავენ ამერიკის ძალაუფლებასა და უპირატესობებს. წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე ქვეყანამ გადაიღოს “კაპიტანი ბრაზილია” ან “კაპიტანი საფრანგეთი”? არა, ჩვენ ამას არც კი გავიფიქრებთ. მათთვის კი სრულიად ნორმალურია ფილმს “კაპიტანი ამერიკა” უწოდონ” – აღნიშნავს ფრანგი რეჟისორი და იქვე დასძენს – “მე ამ საქმეში ამბის მოსათხრობად ვარ და არა პროპაგანდისთვის!”
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჟანრის მიმართ უკმაყოფილების მიუხედავად, ლუკ ბესონის კინემატოგრაფიაშიც მოიძებნება ფილმი, რომელიც სუპერძალებით დაჯილდოებულ ადამიანზეა – ლუსი სკარლეტ იოჰანსონის მონაწილეობით, სადაც მთავარი პერსონაჟი დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებების მიღების შემდეგ განსაკუთრებულ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს გამოიმუშავებს.