ჯეისონ მომოას გმირი სამეფო კარის თამაშების ჯერ კიდევ პირველ სეზონში დაემშვიდობა მაყურებელს, მაგრამ მრისხანე და უძლეველი ხალ დროგო, რომლის გულის მოგებაც მხოლოდ მისი ცხოვრების მთვარემ, დენერის გრიგალით შობილმა შეძლო, ფანებს არ დავიწყებიათ და იგი დღემდე ბევრს მიაჩნია დენერის ტარგარიენის ერთადერთ ჭეშმარიტ სიყვარულად.
ხალ დროგოს დასაკრძალი კოცონი დენერისის (ემილია კლარკი) აღზევების დასაწყისად იქცა და ხალესიმ ესოსის მრავალი ქალაქის გათავისუფლების შემდეგ ვესტეროსსაც მიაღწია.
მე-7 სეზონში დენერის ტარგარიენსა და ჯონ სნოუს შორის, რომელიც ბედის ირონიით, მისი ძმის შვილია, მიზიდულობა გაჩნდა და სეზონის ბოლომდე ეს ამბავი დიდი განხილვის საგანი იყო. ამიტომ შეხვედრამ, რომლის შესახებაც ემილია კლარკმა საკუთარი ინსტაგრამით ამცნო თაყვანისმცემლებს, ყველას ხალ დროგოსა და დენერისის სიყვარული მოაგონა და ხალ დროგოს ხალესისთან დაბრუნების თაობაზე მრავალნაირი ვარაუდი წარმოიშვა.
ემილია ძალიან გახარებული იყო ჯეისონის ვიზიტით და თავისი “მზე და ვარსკვლავნი” და “დრაკონების დედის მთავარი მამაკაცი” უწოდა მას. “ნახე, ჯონ სნოუ, დროგომ ადგილი წაგართვა” – იხუმრა ემილიამ. თავის მხრივ, ჯეისონმა კომენტარებში დაუტოვა სურათები და ვიდეოები, რომლებშიც იგი სამეფო თამაშების იმ მომენტებს უყურებს, რომლებშიც ხალესის ვესტეროსში ტრიუმფს ასახავს, განსაკუთრებით აღფრთოვანებას კი იმ მომენტზე გამოხატავს, როცა დენერისი დრაკონზე ამხედრებული ბუგავს ლანისტერების არმიას.
მსახიობებმა განმარტეს, რომ ჯეისონი ლონდონში Justice League-ის ახალი ფილმის პრომოუშენისთვის ჩავიდა და ემილიასაც შეხვდა. სანამ ხალესი ისვენებს, სცენაზე ჯეისონი და ვარსკვლავებით დახუნძლული სამართლიანობის ლიგაა (რომელსაც მაყურებელი მაინცდამაინც დიდი აფრთოვანებით არ შეხვედრია). მომოა მასში ზღვის სუპერგმირ აკვამენს თამაშობს.