ფილმის გადაღების პროცესი, ხანგრძლივი და რთული სამუშაოა, რომლის დროსაც, რა თქმა უნდა, კონფლიქტებიც ხშირად წარმოიშვება ხოლმე. როგორც წესი, მსგავსი გაუგებრობები მალევე სრულდება, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მსახიობებსა თუ რეჟისორებს შორის გაჩენილი ბზარი სამუდამო მტრობაში გადაიზრდება და, რამდენად გულსატკენიც არ უნდა იყოს მაყურებლისათვის, მათ ერთად სხვა პროექტში ნამდვილად ვეღარ ვიხილავთ.
მაშ ასე, ერთად გავეცნოთ ცნობილ ადამიანებს, რომელთა შორისაც შავმა კატამ გაირბინა:
1. შერონ სთოუნი და უილიამ ბოლდუინი
მას შემდეგ, რაც ეკრანებზე “ძირითადი ინსტინქტი” გამოვიდა, შერონ სტოუნს კიდევ ერთ ეროტიკულ თრილერში მონაწილეობა შესთავაზეს, სადაც მას პარტნიორობას უილიამ ბოლდუინი უწევდა. როგორც “ნაფოტის” გადასაღებ მოედანზე მყოფი სხვა პირები იხსენებენ, მსახიობებს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ისინი ერთმანეთს გამუდმებით ლანძღავდნენ, ხოლო ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს, სადაც მათ პერსონაჟებს უნდა ეკოცნათ, შერონმა ბოლდუინს ენაზე ისე მწარედ უკბინა, რომ უილიამი მომდევნო კვირის განმავლობაში წესიერად ვერც კი ლაპარაკობდა.
2. ჰიუ ჯეკმანი და ანჯელინა ჯოლი
კოლეგებისაგან განსხვავებით, ამ ორ მსახიობს შორის კონფლიქტი ნამდვილად არ მომხდარა, თუმცა, მათ ერთად ხილვას მაინც ვერ მოვახერხებთ, რაც, არც მეტი, არც ნაკლები – ჰიუ ჯეკმანის ცოლის “დამსახურებაა”. როგორც აღმოჩნდა, დებორა ლი ანჯელინა ჯოლის სილამაზის დიდი თაყვანისმცემელია, თუმცა ურჩევნია, რომ ამ მშვენიერებას საკუთარი მეუღლე მოარიდოს. ვერაფერს ვიტყვით – პრინციპში, მან ჯენიფერ ენისტონის მაგალითზე მშვენიერი გაკვეთილი მიიღო (მსახიობს ოჯახი სწორედ მას შემდეგ დაენგრა, რაც ბრედ პიტმა ანჯელინასთან ერთად “მისტერ და მისის სმიტებში” ითამაშა). ცოლის ახირებას კი ჯეკმანი ხუმრობით პასუხობს – “სანამ დებორა ბრედ პიტთან არ ითანამშრომლებს, ორივენი მშვიდად ვიქნებით!”
3. ბრიუს უილისი და კევინ სმიტი
კევინ სმიტი “კერკეტ კაკალში” ბრიუს უილისთან ერთად თამაშობდა და მისი დიდი თაყვანისმცემელიც იყო. სწორედ ამიტომ, როდესაც საკუთარი ფილმის გადაღება გადაწყვიტა, მთავარ როლზე სწორედ ბრიუსი მიიწვია. სამწუხაროდ, რეჟისორს წინ დიდი იმედგაცრუება ელოდა. როგორც თავად იხსენებს, მსახიობი “ორმაგი პოლიციელის” როლს ძალიან გულგრილად ეკიდებოდა და პოსტერისათვის ფოტოსესიაზეც კი უარი განაცხადა. ამ ფაქტის შემდეგ, რა საკვირველია, სმიტს ბრიუსთან თანამშრომლობის სურვილი აღარ გასჩენია.
4. ჯულია რობერტსი და სტივენ სპილბერგი
ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჯულიას კარიერაში “ლამაზმანი” ნამდვილ მოვლენად იქცა, რომლის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგაც მსახიობს ჰოლივუდის კარები კიდევ უფრო ფართოდ გაეხსნა და პირდაპირ ისეთ რეჟისორთან მოუწია თანამშრომლობა, როგორიც სტივენ სპილბერგია. ის “კაპიტან კაუჭაში” ფერიის როლს ასრულებდა, თუმცა, როგორც რეჟისორი იხსენებს, მისი ქცევა გადასაღებ მოედანზე ნამდვილად “არაფერიული” იყო – ის გამუდმებით ისტერიკის ზღვარზე იმყოფებოდა და კოლეგებთან სკანდალებსაც არ ერიდებოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, გვიჭირს, დავიჯეროთ, რომ ჯულია ასე იქცეოდა და, ვფიქრობთ, ეს ყოველივე უცბად თავსდატეხილმა პოპულარობამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მსახიობი ნამდვილი პროფესიონალია, ახალგაზრდობაში დაშვებული შეცდომების გამო, მან სპილბერგთან მუშაობის გაგრძელების შანსი მაინც დაკარგა.
5. ტომ ჰარდი და შარლიზ თერონი
შეშლილი მაქსის მსახიობებს ერთმანეთი პირველივე შეხვედრისას არ მოუვიდათ თვალში – მათ, რა თქმა უნდა, გადასაღებ მოედანზე ერთად დიდი დროის გატარება უწევდათ, თუმცა, ტომის ფიცხი ხასიათის გამო, შარლიზი გამუდმებით მის იზოლირებას ცდილობდა. სხვათა შორის, თერონი იმასაც აღნიშნავს, რომ თუ ისინი მეგობრები იქნებოდნენ, ფილმი კიდევ უფრო ცუდი გამოვიდოდა… ნამდვილად ორაზროვანი ნათქვამია, არა?!