ჯონი დეპსა და მერლინ მენსონს ერთნაირი ტატუ ამშვენებთ, მომღერალი ედ შირანი კი კორტნი კოქსის ზღვისპირა სახლში ცხოვრობდა. ამ ყოველივეში, რა თქმა უნდა, გასაკვირი არაფერია – მეგობრობის გამო ადამიანი უფრო მეტსაც გააკეთებს!
მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან:
1. ჯენიფერ ლოურენსი და ემა სტოუნი
მსახიობებმა ერთმანეთი ვუდი ჰარელსონის საშუალებით გაიცნეს და სანამ პირადად შეხვდებოდნენ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, აქტიური მიმოწერა ჰქონდათ. დღესდღეობით ისინი განუყრელი მეგობრები არიან, მათი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას კი უფრო ვრცლად, შეგიძლიათ, ამ ლინკზე გაეცნოთ.
2. ქეით ჰადსონი და ჯენიფერ ენისტონი
2016 წელს მათ ერთად ითამაშეს ფილმში დედის დღე, სულ რამდენიმე კვირის წინ კი ქეითმა ჯენის 50-ე იუბილის აღსანიშნავი დახურული ღონისძიებიდან ექსკლუზიური ფოტოები გაასაჯაროვა, სადაც ისინი ჰოლივუდის კიდევ ერთ ვარსკვლავთან, გვინეთ პელტროუსთან ერთად, აშკარად, ძალიან კარგ დროს ატარებენ! ქეითი სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელია, ენისტონი კი იმ მსახიობთა სიას მიეკუთვნება, რომლებიც ინტერნეტს ბოიკოტს უცხადებენ – საერთო ფილმზე მუშაობისას, ჰადსონი ეცადა, რომ ენისტონი ინსტაგრამზე შეეტყუებინა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ გამოუვიდა…
3. ჯონი დეპი და მერლინ მენსონი
მენსონი არა მხოლოდ მსახიობის საუკეთესო მეგობარი, მისი ქალიშვილის, ლილი-როუზის ნათლიაც კია… ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ ერთმანეთის კინოპრემიერასა თუ კონცერტს დაესწრონ, ჯონიმ კი რამდენჯერმე მერლინის მუსიკალურ კლიპებშიც მიიღო მონაწილეობა.
4. ჯენიფერ ლოურენსი და კრის ჯენერი
დიახ, ჯენიფერი ამ სიაში უკვე მეორედ მოხვდა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ის კარდაშიანებისა და ჯენერების დინასტიის გამაერთიანებლის, კრის ჯენერის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. გარდა იმისა, რომ ისინი დროს მხიარულად ატარებენ, ერთმანეთს ხშირად ეხუმრებიან კიდეც… მაგალითად, ერთხელ ჯენერმა განაცხადა, რომ დაბადების დღისათვის პორშეს მარკის ავტომობილი სურდა, ჯენიფერმა კი მას სურვილი აუსრულა – უბრალოდ, მანქანა სათამაშო გამოდგა.
5. ედ შირანი და კორტნი კოქსი
მაყურებელმა კარგად იცის, კორტნისა და ჯენის მეგობრობის ისტორია, თუმცა ბევრისთვის სიახლე იქნება, რომ კოქსი მომღერალ ედ შირანთანაც ძალიან ახლოს არის. უფრო მეტიც, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ედი 3 თვის განმავლობაში სწორედ კორტნის ზღვისპირა სახლში ცხოვრობდა.
6. ჯენიფერ ენისტონი და სელენა გომესი
8 წლის ასაკში სელენა ჯენიფერის ერთგული თაყვანისმცემელი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც პოპულარობა მოიპოვა და მისთვის ჰოლივუდის არაერთი კარიც გაიღო, მან პირადად გაიცნო მსახიობი და მასთან დამეგობრებაც მოახერხა.
7. ჯეიმს მაკევოი და მაიკლ ფასბენდერი
ამ ორი მიმზიდველი მამაკაცის მეგობრობა 2011 წელს, იქს-ადამიანების გადასაღებ მოედანზე დაიწყო და ისინი იმდენად დაახლოვდნენ, რომ ზოგიერთ თაყვანისმცემელს უფრო მეტის მოლოდინიც გაუჩნდა – მათ შექმნეს ნახატები, სადაც ჯეიმსი და მაიკლი წყვილის სახით იყვნენ წარმოდგენილები, რაზეც, რა თქმა უნდა, მეგობრებმა ძალიან ბევრი იცინეს.