ეს ცნობილი ადამიანები ექიმებს ხშირად მოჰყავთ იმის ილუსტრაციად, რომ ალკოჰოლს ხშირად იყენებენ თვითმკურნალობის მიზნით – ცხოვრებისეული სტრესის შესამცირებლად. ის, რომ სელებრითებს სტრესული ცხოვრება აქვთ, ფაქტია, შესაბამისად, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებაც ძალიან ხშირია. სელებრითების დიდ ნაწილს ხმამაღლაც უღიარებია საკუთარი დამოკიდებულებისა და იმ პრობლემების შესახებ, რომელთაც ისინი აქამდე მიიყვანეს.
წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომელთაც ალკოჰოლიზმმა სერიოზული ზიანი მიაყენა და საფრთხე შეუქმნა როგორც მათ ჯანმრთელობას, ისე პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას. უმეტესობამ შესაბამის დაწესებულებებს მიმართეს სამკურნალოდ და საბოლოოდ შეძლეს კიდეც ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება.
1. ბრედლი კუპერი
ამ მომხიბლავი და პოზიტიური ვარსკვლავის ცხოვრებაში რთული პერიოდი არცთუ დიდი ხნის წინ დასრულდა. იგი ალკოჰოლიზმით თითქმის ათი წელია იტანჯება და 2015 წელს მან ღიად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იმოქმედა დამოკიდებულებამ მის ცხოვრებაზე. “არც საკუთარ თავთან, არც სხვებთან ნორმალური ურთიერთობა არ შემეძლო, ცხოვრება რადიკალურად რომ არ შემეცვალა, ვერასდროს მეყოლებოდა ის ხალხი, ვინც დღეს მყავს. ვეღარ ვიზრუნებდი მამაჩემზე, რომელიც ამ პერიოდში ავად იყო. და სხვა უამრავი რამ.” კუპერის მაგალითი დასტურია იმისა, რომ ალკოჰოლი თავად დამოკიდებულზე მეტად მის გარშემომყოფებზე მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ბრედლი კუპერს 29 წლამდე საერთოდ არ გაესინჯა ალკოჰოლური სასმელი.
2. დენიელ რედკლიფი
საყვარელი ჰარი პოტერი გაიზარდა და, როგორც ბავშვობიდან ვარსკვლავებად ქცეულ მსახიობებს ხშირად ემართებათ, სტრესთან გამკლავება ალკოჰოლით სცადა. 2012 წლის ინტერვიუში ჟურნალ ShortList-თან რედკლიფმა აღიარა, როგორ დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ “სმის მიმართ უკვე მეტისმეტად არაჯანსაღი დამოკიდებულება უჩნდებოდა, ზიანს აყენებდა სხეულს და სოციალურ ცხოვრებას, როგორ იქცა განდეგილად 20 წლის ასაკში”. მან ისიც დააყოლა, რომ გადაღებებზეც კი ნასვამი მიდიოდა და ამას მხოლოდ გარი ოლდმანს (მასაც ჰქონდა ალკოჰოლიზმის პრობლემები) უმხელდა.
“თავი უნდა შემეჩერებინა. გაჩერება შევძელი თუ არა აღმოვაჩინე ცხოვრების ის ბედნიერება, რომლის წარმოდგენაც კი არ შემეძლო.”
3. ქერი ფიშერი
ვარსკვლავური ომების პრინცესა ლეიას პოპულარობის ზრდის პარალელურად, ქერი ფიშერი ცნობილი იყო იმით, რომ არასდროს ერიდებოდა საჯარო განცხადებებს საკუთარი ჯანმრთელობისა და დამოკიდებულებების შესახებ. მათ შორის ალკოჰოლიც შედიოდა. 2008 წელს მან წიგნიც კი გამოაქვეყნა სათაურით “Wishful Drinking”, რომელშიც საკუთარი ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის შესახებ გულახდილად, თავისებური იუმორით ყვება.
4. რობინ უილიამსი
ცნობილი კომიკოსი კარიერის დასაწყისში ალკოჰოლსა და კოკაინს ეტანებოდა, ყველაფერს შეეშვა, როცა მისი მეგობარი, დამწყები კომედიანტი ჯონ ბელუში კოკაინისა და ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა 1982 წელს. წლების შემდეგ, უკვე ხანში შესულმა ვარსკვლავმა კვლავ დაიწყო სმა და სიკვდილამდე, 2014 წლამდე ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ხშირად მას საკუთარ პრობლემებზე საუბარი სთენდაფის პროგრამაში ჰქონდა შეტანილი. 2006 წლის ინტერვიუში დაიანა სოიერთან, უილიამსმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ თემაზე: “დამოკიდებულებას ხშირად რაიმე მიზეზი სულაც არ სჭირდება. ის მუდამ შენთანაა. იცდის, დიდხანს გელოდება, სანამ არ იფიქრებ ‘აი, ახლა კარგად ვარ’ შემდეგ კი აღმოაჩენ, რომ სულაც არაა ასე. შეიძლება საკუთარი თავი მოულოდნელად კლივლენდში აღმოაჩინო.”
5. მელ გიბსონი
იმის შესახებ, რომ ალკოჰოლიზმს ებრძოდა, მელ გიბსონმა ხმამაღლა უკვე შუახნის ასაკში განაცხადა. 2009 წელს ის ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო დააკავეს. მანამდე, 2006 წელს ამავე მიზეზით დაჭერას დაკავების დროს ანტისემიტური განცხადებებიც დაემატა. წარსულში გიბსონი პროფესიონალების დახმარებით ცდილობდა ალკოჰოლიზმის დამარცხებას, სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრსაც მიმართა.
The Fix-თან საუბრისას მსახიობმა განაცხადა: “ამბობენ, რომ სულ სამი გამოსავალია: გიჟდები, კვდები ან თავს ანებებ”.
6. ლინდსი ლოჰანი
ახალგაზრდა მსახიობმა, სხვა მცირეწლოვანი ამომავალი ვარსკვლავების მსგავსად, ვერ გაუძლო პოპულარობის სტრესს და ნარკოტიკებსა და ალჰოკოლს მიეჩვია. ლოჰანი მთელი ძალით ცდილობდა დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. 2011 წელს მას უკვე ჰქონდა კლინიკაში წარუმატებელი მკურნალობის ერთი მცდელობა. 2010 წელს სასამართლომ მსახიობს ალკოჰოლის ამომცნობი დეტექტორი-სამაჯურის ტარება აიძულა. 2014 წელს ლოჰანმა საკუთარ რეალითი შოუში ღიად ისაუბრა საკუთარ მძიმე დამოკიდებულებაზე და გამუდმებულ ბრძოლაზე მის წინააღმდეგ.
7. დევიდ ჰასელჰოფი
გარდა სერიალ მაშველებში შესრულებული დაუვიწყარი როლისა, დევიდ ჰასელჰოფი თავისი ალკოჰოლდამოკიდებულებითაცაა ცნობილი. 2007 წელს მთვრალი მსახიობის შინ გადაღებული ვიდეო გასაჯაროვდა და ვირუსივით მოედო ინტერნეტს და ტელენიუსებს. მიუხედავად მძიმე დამოკიდებულებისა, მსახიობი ყოველ ღონეს ხმარობდა ლოთობისგან გასათავისუფლებლად.
2015 წელს მან Mirror-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ალკოჰოლიზმმა ცხოვრება დაუნგრია. დღეს ასაკში შესული მსახიობი ჯანსაღი ცხოვრებისკენ მიბრუნდა – დიეტითა და ვარჯიშით იგი ცდილობს, საკუთარი ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნოს.
8. ბენ აფლეკი
ალჰოკოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა ბენ აფლეკიც, რომელიც 2001 წელს სარეაბილიტაციო ცენტრშიც კი მოხვდა. მომდევნო დეკადის განმავლობაში ის გამოჯანმრთელებული იყო, თუმცა 2011 წელს ის სანდენსის კინოფესტივალზე სასმლით ხელში შენიშნეს. მის წარმატებულ კარიერაზე ალკოჰოლიზმს არ უმოქმედია, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის მიზეზი მსახიობის გარკვეული ზღვარის დაცვაა.
9. მაიკლ ჯ. ფოქსი
დაუვიწყარი მარტი მაკფლაი, სანამ პარკინსონის დიაგნოზს დაუსვამდნენ, ალკოჰოლიზმს ებრძოდა. მაიკლ ჯ. ფოქსი მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდა და საკუთარ თავში იმდენი ძალა იპოვა, რომ პარკინსონსაც შებრძოლებოდა. მან საკუთარი ფონდი დააარსა, რომელიც პარკინსონით დაავადებულებს ეხმარება. მისი თქმით, ნებისმიერი სიძნელის დროს უმნიშვნელოვანესია ოჯახის და მეგობრების დახმარება და მხარში დგომა.
10. ჯემი ლი კერტისი
გამოჩენილი მსახიობების: ტონი კერტისის ქალიშვილი, ჰელოუინის ვარსკვლავი ჯემი ლი კერტისი ალკოჰოლსა და ტკივილგამაყუჩებლებზე იყო დამოკიდებული. მისი დამოკიდებულება ნაწილობრივ სილამაზის სტანდარტების მოთხოვნებისა და გაუთავებელი კოსმეტიკური პროცედურებისგან გამოწვეული სტრესის შედეგი იყო. არც ისე დიდი ხანია, რაც მსახიობი საბოლოოდ განიკურნა და დღეს ის დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას საკუთარი ცხოვრების უდიდეს მიღწევად თვლის.
11. ჯონი დეპი
სუპერვარსკვლავი დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ებრძოდა ალკოჰოლიზმს. ის იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა კარიერაზეც ამ პრობლემამ ძალიან ვერ იმოქმედა, თანაც, სავსებით შესაძლებელია, კაპიტანი ჯეკ ბეღურა ნასვამმა ითამაშო და ოსკარის ნომინაციაც კი დაიმსახურო. ამჟამად, მსახიობის თქმით, იგი “სუფთაა” და დიდი სურვილი აქვს, ასეც დარჩეს.
12. ენტონი ჰოპკინსი
ლეგენდარული ჰანიბალ ლექტერიც ვერ გადაურჩა დამოკიდებულებას. ენტონი ჰოპკინსმა ალკოჰოლიზმისგან გასათავისუფლებლად სერიოზული თერაპია ისე დასჭირდა, რომ ვერც კი მიხვდა, როგორ გახდა სასმელზე დამოკიდებული. მსახიობს ალკოჰოლთან პრობლემები დიდ ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ დაეწყო და მკურნალობის კურსის შემდეგ დამოკიდებულებისგან საბოლოოდ გათავისუფლდა.
13. რობერტ დაუნი ჯუნიორი
ჩვენს ფავორიტ რკინის კაცს თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან. მისი ჯანმრთელობის რყევა კერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო. გასაოცარია, მაგრამ მამამისი მას მარიხუანას მოხმარების ნებას საკმაოდ ადრეულ ასაკში რთავდა, ასე რომ მსახიობი ლამის 6 წლიდან შეეჩვია ალკოჰოლს და მოსაწევს. რობერტ დაუნი ცხოვრების იმ ეტაპსაც კი იხსენებს, როცა ყოველღამე გადაბმულად სვამდა. საბედნიეროდ, ამჟამად მსახიობი სრულიად გათავისუფლებულია დამოკიდებულებისგან და სამსახიობო კარიერაში წარმატებული ეტაპი უდგას.