“გოგონა არია სტარკია, ვინტერფელიდან. და მე შინ ვბრუნდები”. – არია სტარკი
ლორდ ედარდ სტარკის უმცროს ქალიშვილ არიას, რომელიც თავიდანვე უარს ამბობდა ნამდვილ ლედიდ ქცევაზე, მართლაც სულ სხვა, უმძიმესი გზა ელოდა წინ. ცხოვრების სისასტიკემ ცელქი და შეუპოვარი, მიმნდობი გოგონა გულქვა მკვლელად გარდაქმნა – ამისთვის მან ვესტეროსი დატოვა და მრავალსახა ღმერთის მსახურთა ტაძარში დაიდო ბინა. მანამდე კი არიამ მტკიცედ გადაწყვიტა, სიკვდილით დაესაჯა ყველა, ვინც მას და მის ახლობლებს საშინელება გაუკეთა.
გზის დასაწყისი – ვინტერფელიდან მეფის სავანემდე
არია, რომელსაც უფროსი დისგან, სანსასგან განსხვავებით არც ხელსაქმე ეხერხებოდა და დახვეწილ მანერებთანაც არ მეგობრობდა, ვინტერფელში ყოფნის დროსაც და მერეც უფროსების გულისწყრომას იმსახურებდა. არიას მიდრეკილება იარაღებისკენ პირველად მისმა ბუშმა ნახევარძმამ, ჯონ სნოუმ შეამჩნია და სანამ არია სამხრეთით გაემგზავრებოდა, თავად კი – ჩრდილოეთით, ვინტერფელელ ოსტატს წვრილი ხმალი გამოაჭედინა დისთვის საჩუქრად. “ნემსი”, როგორც ხმალს არიამ უწოდა, მისი განუყრელი თანამგზავრი გახდა და ხშირ შემთხვევაში სიკვდილსაც გადაარჩინა.
არიას და მის მგელსაზარა ნიმერიას პირველი სერიოზული განსაცდელი სამეფო გზაზე შეემთხვათ, როცა ჯოფრიმ ყასბის ბიჭს, რომელიც არიას ხის ხმლით ფარიკაობაში ავარჯიშებდა, ლედი სტარკის შეურაცხყოფაში დასდო ბრალი და თავს დაესხა. არიამ მეგობრის დაცვის მიზნით ჯოფრის შეუტია, ნიმერიამ კი უფლისწულს ხელზე უკბინა და მძიმედ დაასახიჩრა. არიამ თავის მგელსაზარას გაქცევა უბრძანა, მაგრამ ამ ინციდენტის შედეგად სანსას უდანაშაულო ლეკვი, ლედი დასაჯეს სიკვდილით. ეს იყო არიას პირველი შეხვედრა სისასტიკესა და უსამართლობასთან.
ნედ სტარკმა მალე გააცნობიერა, რომ მეფის სავანეში დალხენილი დღეები არ ელოდათ და გადაწყვიტა, არიას მებრძოლი სული განევითარებინა. მამამ გოგონას ფარიკაობის მასწავლებლად ბრაავოსის პირველი ხმალი – სირიო ფორელი დაუქირავა, რომელმაც არიას არამარტო ხმლის ხმარება, არამედ საბრძოლო ხელოვნების მრავალი საიდუმლო შეასწავლა… სანამ მოასწრო.
მალე ლანისტერებმა ნედ სტარკი მოღალატედ გამოაცხადეს და ბეილორის სეპტის წინ თავი მოჰკვეთეს. ამ მძიმე სანახაობას არია და სანსაც ესწრებოდნენ. სანამ ლანისტერები იპოვიდნენ, ნედ სტარკის თანამებრძოლმა გოგონა გააპარა და ღამის გუშაგის ძმა იორენს ჩააბარა, რომელსაც კედელზე გუშაგობის ახალი კანდიდატები მიჰყავდა. ჩრდილოეთისკენ მიმავალ იორენს არია ვინტერფელში უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.
ვალარ მორგულის!
ლანისტერების არმიამ იორენის გუნდი დაატყვევა. არია, ისევე როგორც გზად გაცნობილი მისი მეგობრები (მათ შორის იყო გენდრიც) მოსამსახურეებად დაიყენეს. ტყვეობაშივე არია შეხვდა კაცს, რომელიც ჯეიქენ ჰაგარად გაეცნო და გალიიდან გამოშვება სთხოვა, სანაცვლოდ კი სამი სასურველი ადამიანის მოკვლა აღუთქვა.
ჯეიქენ ჰაგარის ოსტატობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არიაზე, რომელსაც ამ დროს უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მამამისის მკვლელობაში გარეული ადამიანების დასჯა. ჰაგარმა (რომელმაც მანამდე არიასთვის ნაცნობი სახე შეიცვალა და უთხრა, რომ მრავალსახა ღმერთის მსახურია და მის მიერ მოკლული ყოველი ადამიანის სახე მისი საკუთრებაა) მას აჩუქა მონეტა, რომლის ჩვენების შემთხვევაშიც ნებისმიერი გემის კაპიტანი ბრაავოსში წაიყვანდა.
მრავალი ფათერაკის გადატანის, მეგობრებთან დაშორებისა და ქოფაკის ტყვეობის, მერე კი მისგან გაქცევის შემდეგ არიამ ნავსადგურამდე მიაღწია და ბრაავოსში გაემგზავრა პროფესიონალი მკვლელის ხელოვნების დასაუფლებლად.
არავინ
ბრაავოსში არია შავისა და თეთრის ტაძარს მიადგა, იქ ჯეიქენს შეხვდა და სთხოვა, მკვლელობის ხელოვნება ესწავლებინა. ჯეიქენმა უთხრა, რომ ამისთვის ჯერ უნდა დაევიწყებინა თავისი წარმოშობა, მიზნები და ოცნებები და თავი მრავალსახა ღმერთის მსახურებისთვის მიეძღვნა. არია დათანხმდა და ტაძრის მსახური გახდა, სადაც ყოველგვარი შავი სამუშაოს შესრულება ევალებოდა, მათ შორის მიცვალებულების დაბანა, საჭმლის მომზადება, ბაზარში ვაჭრობა და თან ქალაქში ყურმოკრული ნებისმიერი ამბის ტაძარში მიტანა… თანდათან დავალებები გართულდა: არიას აიძულეს, თავისი ვინაობა დაევიწყებინა და როცა ტყუილში გამოიჭირეს, სიბრმავით დასაჯეს.
ჯეიქენმა არიას მხედველობა დაუბრუნა და მსახიობი ქალის მოკვლა უბრძანა, მაგრამ არიამ ბრძანებაზე უარი თქვა, რის გამოც საკუთარი სიცოცხლით უნდა ეზღო, რადგან მრავალსახა ღმერთი თავისას მოითხოვს. არიამ დამალული ნემსი აიღო და ბრაავოსიდან გამოიქცა.
კვლავ ვესტეროსში
ვესტეროსში დაბრუნებულმა არიამ ფრეიების მამულს – ტყუპებს მიაშურა და ვალდერ ფრეის ვაჟები დახოცა, შემდეგ კი თავად უფროს ფრეიც გამოასალმა სიცოცხლეს და წითელი ქორწილის ერთ-ერთ შემოქმედზე ასე იძია შური.
მე-7 სეზონში არია ვინტერფელში დაბრუნდა და ბრანს და სანსას შეხვდა. მათ ერთობლივად და ჩუმად დაგეგმეს სტარკების ოჯახის მოღალატე პეტირ ბეილიშზე შურისძიება, რაც არიამ ჩვეული ოსტატობით აღასრულა – ბეილიშს მან სწორედ იმ სატევარით გამოჭრა ყელი, რომელიც ოდესღაც ბრანს მიუგზავნეს მოსაკლავად და ნეკამ ის ტირიონის იარაღად გაასაღა.
ამრიგად, არიამ მიზანს ნაწილობრივ მიაღწია: გახდა პროფესიონალი ასასინი, მრავალსახა მკვლელი, “არავინ”, რომელმაც ვინაობაზე უარი არ თქვა და მისი სიიდან ბევრი უკვე მკვდარია – ზოგი მისი და ზოგიც სხვების ხელით. ამჟამად არია ვინტერფელში მომავალ, ჯონისა და დენერისის გაერთიანებული ლაშქრის მოლოდინშია და მათთან ერთად თეთრი მოხეტიალეების უზარმაზარი არმიის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს.
იხილეთ ამავე თემაზე: დენერის ტარგარიენის მიერ განვლილი გზა პირველიდან ბოლო სეზონამდე
ჯონ სნოუს მიერ განვლილი გზა პირველიდან ბოლო სეზონამდე
უკანასკნელი სეზონის პრემიერამდე სულ ცოტაღაა დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ ამ მსოფლიო მოვლენას got.adjaranet.com-ზე პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. პირდაპირი ტრანსლაციის სპონსორები არიან Domino და Beeline.
ერთად დაველოდოთ პრემიერას got.adjaranet.com-ზე.