მოდა რომ ბრუნავს, ეს ყველასთვის ცნობილია, თუმცა თანამედროვე დიზაინებზე რეტრო და ნოსტალგიური ფილმებიც დიდ გავლენას ახდენს. ბოლო ხანებში მოდაში დაბრუნებული უზარმაზარი პლატფორმები, “გაბერილი” ქურთუკები, ნეონის ფერები, “უშნო” თმისსამაგრი სავარცხელები, მოცულობითი თმის რეზინები და მსგავსი ელემენტები აშკარად 90-იანების გამოძახილია. იყო დრო, როცა მსგავსი სტილი ცოტა სასაცილოდ მიიჩნეოდა, თუმცა დღეს, დარწმუნებულები ვართ, ბევრი ინატრებს ისეთ ჩაცმულობას და იმიჯს, როგორიც, მაგალითად ანჯელინა ჯოლის პერსონაჟს აქვს ფილმში ჰაკერები, ან სიამოვნებით მოირგებს შერის და დიონეს კუბოკრულ კოსტიუმებს კინოფილმიდან სულელი.
1. ჰაკერები, 1995
ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთი ადრეული როლი, რომელშიც მსახიობი მოკლე ვარცხნილობით, კაშკაშა მაკიაჟით და Suzuki-ის თეთრ-წითელ ბაიკერულ ქურთუკში ჩნდება. რაც ამ ფილმს გამოარჩევს, სწორედ თავისი გმირების სახასიათო ჩაცმულობაა – ლატექსის კოსტიუმები, ლეოპარდის პრინტიანი უსახელო მაისურები, ჯიბეებიანი ფართხუნა შარვლები და წარწერებიანი ფეხბურთელის მაისურები.
ეს “კიბერპანკული” სტილი კოსტიუმების მხატვრისა და სტილისტის, როჯერ ბარტონის შემოქმედებაა. მისი ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ ინსტაგრამ გვერდზე Contemporary Wardrobe.
2. რეალობა იკბინება, 1994
ახალგაზრდა ვაინონა რაიდერის გამოჩენილი სტილი – 90-იანების “შიკი”, რომლისადმი მიძღვნილი ბლოგები და ინსტაგრამპროფილებიც კი არსებობს. მსახიობი დღესდღეობითაც კი ჩნდება ხოლმე იმდროინდელ ტანსაცმელში.
ფილმი რეალობა იკბინება მაღალი რეიტინგით არ გამოირჩევა, თუმცა ერთი ნახვითაც კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს სწორედ კოსტიუმების ხარჯზე. ღია ფეხსაცმელი არცთუ მაღალ პლატფორმაზე, ჟილეტები ეთნიკური პრინტით, თხელი ქსოვილის ყვავილებით მოჩითული კაბები, უსახელოებო თეთრი პერანგები. და რაც მთავარია – უცნაური ფორმის სათვალეები.
3. მარტოხელები, 1992
1992 წლის ამ ფილმში, რომელიც სიეტლელ მუსიკოსებზეა, გრანჟია გამეფებული.
უჯრულა პერანგები, გრძელსახელოებიან მაისურებზე გადაცმული მოკლესახელოებიანი მაისურები, უხეში ბათინკები და სქელი წინდები – ეს ამ ფილმის ჭრელი სტილის ჩაცმულობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
არ უნდა დაგვავიწყდეს 80-იანებიდან გამოყოლილი გრძელი, ფუმფულა თმები და ტყავის ქურთუკები.
4. პირველყოფილი შიში, 1996
პირველყოფილი შიში ედვარდ ნორტონისა და რიჩარდ გირის მონაწილეობით, განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილი ფილმებისგან, ახალგაზრდობასა და ქუჩაზე ნაკლებად არის და უფრო ოფიციალური სამოსით გამოირჩევა.
წარმატებული ადვოკატის სამოსი, რომელსაც დღეს ქუჩებსა და ოფისებში ნაკლებად შევხვდებით; ლორა ლინის ფერადი ორეულები ოფისში, სახლში კი – მოჰერის სვიტერები და თავისუფალი ჯინსები – 90-იანების სტილის საუკეთესო ტრადიციებს წარმოგვიდგენს. ფილმის კოსტიუმების მხატვარი ჯანინ ოპუოლია, რომელიც დღემდე მუშაობს ჰოლივუდში. მისი კოსტიუმების მომხიბვლელობა არამყვირალა, პატარა დეტალებშია.
5. ჭკვიანი უილ ჰანტინგი, 1997
90-იანების ერთ-ერთი წარმატებული და ნიშნადობლივი ნამუშევარი მხოლოდ რობინ უილიამსისა და მეთ დეიმონის გმირების ჭკვიანური დიალოგების გამო როდი ფასობს. ფილმში კარგად არის აღწერილი ორი განსხვავებული სამყარო: სტუდენტების აკადემიური და სპორტული ცხოვრება, რაც კოსტიუმებშიც შესანიშნავად გამოიხატება.
ფილმთან დაკავშრებით ერთ-ერთ ინტერვიუში მეთ დეიმონმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საკუთარ ვარცხნილობას და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ის მოსწონს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ასეთი ვარცხნილობა უცნაურად გამოიყურება. მსახიობმა გაიხუმრა, რომ ბენ აფლეკის ვარცხნილობა თანამედროვეობას მშვენივრად ერგება, მაგრამ საკუთარი შუაზე გაყოფილი და შუბლზე ჩამოყრილი თმა ყველაფერს ურჩევნია.
6. ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი, 1999
ჰიტ ლეჯერის სტილი ამ ფილმში ეპოქის ძახილია, თუმცა აღუნიშნავად არ უნდა დავტოვოთ შაია ლაბაფის ჩაცმულობა და სტილიც. ახალგაზრდული კოსტიუმები, უსახელო მაისურები, ჯულია სტილსის ვარდისფერი კარდიგანი და ფერადნახატიანი ტოპები – ამას და მრავალ სხვა დეტალს დღევანდელი ახალგაზრდებიც სიამოვნებით მოირგებდნენ.
7. პრაქტიკული მაგია, 1998
დაუფასებელი ფილმი ნიკოლ კიდმანისა და სანდრა ბულოკის მონაწილეობით მოგვითხრობს დებზე, რომლებზეც ხმები დადის, თითქოს კუდიანები არიან და ვინც მათ შეიყვარებს, ახალგაზრდა მოკვდება. შინაარსი იქით იყოს და ფილმის სტილი ნამდვილად დასამახსოვრებელია: ფერადლინზებიანი სათვალეები, კაბა-პერანგები, დროებითი ტატუები მაჯებზე, “ალქაჯური” ვარცხნილობები და ფილმის სხვა საფირმო მახასიათებლები ოსკაროსან კოსტიუმების მხატვარს, ჯულიან მაკოვსკის ეკუთვნის.
საინტერესოა, რომ მალე ჯულიან მაკოვსკი ჰარი პოტერისა და ფილოსოფიური ქვის კოსტიუმების მხატვარი გახდა.
8. ჩემი პირადი შტატი აიდაჰო, 1991
დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი ახალგაზრდა ასაკში დაღუპული რივერ ფენიქსის ძეგლია. გარდა შინაარსისა, ფილმი ფერადი , სახასიათო სამოსით, ნოსტალგიური სტილითა და აქსესუარებით გამოირჩევა.
ველვეტის ქურთუკები, ნაქსოვი ქუდები, დენიმის პერანგები – ეს ფენიქსის გმირის, უსახლკარო ყმაწვილის ჩაცმულობაა; კიანუ რივზის გმირი კი სახასიათო ქურთუკებით და ჭრელი პერანგებით გვახსოვს.
9. სულელი
ეს ფილმი 90-იანების სასკოლო მოდის სახეა. მასში გამოყენებული ყოველი კოსტიუმი და აქსესუარი ეპოქის ძახილია. 1995 წლის ეს ფერადი ფილმი დეკადის დასაწყისის გრანჟული სიპირქუშისგან რადიკალურად განსხვავდება.
შერის და დიონეს პლედის (უჯრებიანი ქსოვილის) კაბა-კოსტიუმები, ისევე როგორც სხვა დანარჩენი სამოსის დიზაინი კოსტიუმების მხატვარ მონა მეის ეკუთვნის. 2018 წლის ინტერვიუში მან განაცხადა: “ფილმზე მუშაობა რომ დავიწყეთ, მთელი ლოს-ანჯელესი გრანჟის სტილით იყო მოცული. ყველას კურტ კობეინივით ფლანელის პერანგები და ფართხუნა ჯინსები ეცვა. ამის საპირისპიროდ კი შერის და დიონეს სტილი ძალიან ქალური (უფრო სწორად, გოგონური) და მხიარულია.”
10. მებრძოლთა კლუბი
მებრძოლთა კლუბის პირველი წესია, არ ილაპარაკო მებრძოლთა კლუბზე, ხოლო მოდის წესია – არასდროს ჩაიცვა წითელი ტყავის კოსტიუმი და გაიკეთო წითელი სათვალე. მაგრამ ტაილერ დერდენს ესეც იდეალურად გამოსდის!
ეს ფილმი საკულტოა არამარტო დაძაბული, ამოუხსნელი სიუჟეტითა და რეჟისურით, არამედ ჩაცმულობითაც, რომელიც თავისი ქაოსურობით თითქოს 90-იანების ბობოქარ ეპოქას აჯამებს. ტაილერის ფერადი სამოსი, რომელიც თავისი “ორეულის” უღიმღამო ტანსაცმლის კონტრასტია და მათ ამ სხვაობას გამოხატავს, ასევე მარლა სინგერის ახირებული სტილი, ნამდვილად სახასიათო და ბევრისთვის მისაბაძია.