კინომოყვარულებს ერთი თვისება აერთიანებთ – მათ ფილმებში მინიშნებების აღმოჩენა და მათ გარშემო საკუთარი თეორიების შექმნა უყვართ.
გადავწყვიტეთ, ამჯერად 9 ყველაზე გიჟური ფანთეორია გაგაცნოთ, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფილმების შინაარსს ძირფესვიანად ცვლის:
1. ვირი შრეკიდან ადამიანი იყო
შრეკის მესამე ნაწილში ვირი სკოლაში გატარებულ წლებს იხსენებს, ხოლო როდესაც ჩექმებიანი კატა დეტალებით ინტერესდება, ის პასუხობს, რომ “ზოგი რამ სჯობს უთქმელი დარჩეს!”.
ახლა გავიხსენოთ არანაკლებ ცნობილი ანიმაცია პინოქიო, რომლის თანახმადაც, ძალიან ბევრი პატარა ბიჭი ოდესღაც ვირებად გადააქციეს. დაგვეთანხმეთ, რომ ეს დეტალი ამ თეორიას მეტ სიცხადეს სძენს და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი საყვარელი ვირი სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყოს!
2. ჩენდლერმა საძიებო სისტემა გამოიგონა
მეგობრების ნებისმიერმა მაყურებელმა იცის, თუ როგორ სძულდა ჩენდლერს საკუთარი სამსახური და მონაცემთა ბაზებთან მუშაობა. თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ საქმის გამარტივების მიზნით, მან საძიებო სისტემის მოდელი გამოიგონა… ყოველ შემთხვევაში ეს იდეა თავის ერთ-ერთ კოლეგას გაუზიარა, რომელმაც მოგვიანებით მუშაობა Microsoft-ში დაიწყო და ჩენდლერის ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა.
ამ თეორიას კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ 1998 წლიდან მართლაც არსებობდა საძიებო სისტემა სახელად ბინგი – ეს კი, მოგეხსენებათ, ჩენდლერის გვარია!
3. ადამიანი ობობას ისტორია სინამდვილეში გაზრდის მეტაფორაა
პიტერ პარკერის ისტორიის თაყვანისმცმელების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ობობის ნაკბენსა და მთავარი გმირის შემდგომ ტრანსფორმაციას ფილმებში სიმბოლური ხასიათი აქვს და ადამიანის გაზრდას გამოხატავს.
თავად განსაჯეთ – პიტერის სხეული იცვლება, ის უფრო ძლიერი ხდება, სწავლობს საკუთარი თავის კონტროლს, გამოიმუშავებს თავდაჯერებულობას და უადვილდება სხვებთან ურთიერთობა. მართლაც, რა შეიძლება იყოს ეს, თუ არა ზრდასრულ ასაკში გადასვლა?
4. ჰომერ სიმფსონი 1993 წლიდან კომაშია
რატომ არ ბერდებიან ანიმაციური სერიალის პერსონაჟები? და რატომ ემსგავსება სიმფსონების სიუჟეტი გარკვეული მომენტიდან მსუბუქ პარანოიას? თაყვანისმცემლებს ამ კითხვებზე შემდეგი პასუხი აქვთ – იქნებ იმიტომ, რომ ჰომერი უკვე დიდი ხანია, რაც კომაში იმყოფება და ყველაფერი რასაც ვხედავთ, სწორედ მისი წარმოსახვის ნაყოფია?
ყველაფერი კი იმ მოვლენებით აიხსნება, რასაც 1992-1993 წლის ეპიზოდებში ვხედავთ – 1992 წლის ოქტომბერში ჰომერი მოულოდნელად ღმერთს ხვდება და მას ცხოვრების აზრის შესახებ უსვამს კითხვას. ღმერთი კი პასუხობს, რომ 6 თვის შემდეგ მოკვდება და ყველაფერს შეიტყობს. მართლაც, 1993 წლის აპრილში ის კომაში ვარდება, საიდანაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოდის, თუმცა – ვინ იცის? იქნებ ეს უკვე მისი ილუზიაა?
სწორედ ამიტომ, იცვლება ანიმაციის სიუჟეტიც. თუ მანამდე ძირითადი ხაზი ადამიანურ ისტორიებს მიჰყვებოდა – მაგალითად, როგორიცაა ის ფაქტი, რომ ლიზას მასწავლებელი შეუყვარდა ან მარჯი სანატორიუმში გაემგზავრა, 1993 წლიდან ყველაფერი ძალიან უცნაური ხდება – ჩნდებიან ცნობილი ადამიანები, ჰომერი გალაქტიკაში მიფრინავს და პერსონაჟებს ასაკი საერთოდ არ ემატებათ, რადგან ისინი სამუდამოდ ისეთები რჩებიან, როგორიც ჰომერმა დაიმახსოვრა!
5. უცხო – ეს არის ფილმი შიდსის ეპიდემიის შესახებ
ერთ-ერთი ფანთეორიის თანახმად, უცხოს ტრილოგია შიდსის ეპიდემიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სწორედ 80-იან წლებში გავრცელდა. თუ დავაკვირდებით ფილმის შინაარსს, ყველაფერი ცხადი გახდება: ყველა შესაძლოა დაიღუპოს, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ჭკვიანები ან ძლიერები არიან ისინი. სწორედ ასეთივე საშიშროებას შეიცავდა იმ დროისათვის ეს ვერაგი დაავადება. ასე რომ, ვინ იცის – შესაძლოა, სწორედ ის გახდა ფილმის შემქმნელების ინსპირაციაც?
6. ყაჩაღი ჰარი ფილმიდან მარტო სახლში მართლაც პოლიციელი იყო
ფილმის დასაწყისში ის მაკკალისტერების ოჯახში, პოლიციელის უნიფორმაში გამოწყობილი გვხვდება და საკმაოდ ბუნებრივად იქცევა. მას საერთოდ არ ეშინია, როდესაც კარზე პიცის დამტარებელი რეკავს და არც ოჯახის უფროსთან შეხვედრას გაურბის – დაგვეთანხმებით, ქურდი ასე ნაკლებად მოიქცეოდა.
ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ის მართლაც პოლიციელი იყო, რომელიც იქ მაკკალისტერების გასაფრთხილებლად მივიდა, თუმცა, მას შემდეგ რაც მათი სიმდიდრე იხილა და ისიც შეიტყო, რომ ოჯახი მალე გამგზავრებას აპირებდა, თავში გაქურდვის გეგმა მოუვიდა. ვინ იცის, იქნებ საკუთარი პროფესია ამ ყოველივეს წარმატებით განხორციელებაშიც კი დახმარებოდა, ხელი პატარა კევინს რომ არ შეეშალა?
7. როგორ ესმის როქეთს გრუტის?
გალაქტიკის მცველების ნებისმიერი მაყურებელი ყურებამდეა შეყვარებული პატარა გრუტზე, თუმცა ჩვენ მისგან მხოლოდ ერთი ფრაზა “მე ვარ გრუტი” გვესმის, რასაც ვერ ვიტყვით როქეთზე – აშკარაა, მას გრუტის გაგება სულაც არ უჭირს. საინტერესოა, როგორ ახერხებს ამას?
ერთ-ერთი ფანთეორიის თანახმად, გრუტი კომუნიკაციის ფორმად საკუთარ სურნელს იყენებს. ხოლო როქეთი კი, რომელიც გენეტიკური ექსპერიმენტის შედეგია, ყნოსვის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა და სწორედ ამ გზით შესანიშნავად ესმის თავისი ხის მეგობრის.
8. რატომ აქვს პენივაისს დიდი თავი?
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის იგი მთავარი პერსონაჟი, კლოუნი პენივაისი ძალიან ცდილობს ადამიანებს მაქსიმალურად დაემსგავსოს, მას მათგან თავის გიგანტური ზომა მაინც გამოარჩევს.
შესაძლოა, ამის მიზეზი მისი ძველი მისწრაფება იყოს, როდესაც ის მშობლებისაგან მიტოვებულ ახალშობილებს იტაცებდა. მათ კი, მოგეხსენებათ, ტანთან შედარებით გაცილებით დიდი თავი აქვთ და კლოუნმაც სწორედ ამ პროპორციებთან მიმსგავსება სცადა.
9. გენდრი – სერსეისა და მეფე რობერტის პირველი შვილი
გენდრი სამეფო კარის თამაშების ერთი შეხედვით უმნიშვნელო პერსონაჟი იყო, რომელიც სერიალის მეშვიდე სეზონში კვლავ დაბრუნდა. სწორედ ამ ფაქტმა დააფიქრა თაყვანისმცემლები იმაზე, რომ მის მიღმა გაცილებით უფრო საინტერესო ისტორია იმალებოდა.
გავიხსენოთ, პირველი სეზონი, სადაც სერსეი თავის განსვენებულ, პირველ შვილზე საუბრობს და ამბობს, რომ ის შავგრემანი, ძლიერი ბიჭუნა იყო. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ის გადარჩა და ერთ-ერთმა ექთანმა გაზარდა?
ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ გენდრი არა უკანონო ბავშვი, არამედ სერსეისა და მეფე რობერტის ერთადერთი შვილია – შესაბამისად, ტახტის კანონიერი მემკვიდრეც ის არის!