უკვე ბევრი წელია მარველის ფილმები სამყაროს ცვლიან. შეიძლება არ დაგვეთანხმოთ, მაგრამ სინამდვილეში მათ ბევრი რამე გვასწავლეს ისეთი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველასთვის: დიდისთვის თუ პატარასთვის. გარდა დაუვიწყარი თავგადასვლისა, მარველის სამყარო გვჩუქნის იმას რაც ასე ძალიან გვაკლია: იმედს. იმედს იმისა, რომ მარტონი არ ვართ ან იმისა, რომ არსებობს ამ სამყაროში სიკეთე და მისთვის ბრძოლა ღირს. ჩვენ გვინდა რომ გაგიზიაროთ ის გაკვეთილები, რომლებიც მარველის ფილმებმა გვასწავლეს და დაინახოთ ის რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ჯადოსნურ, თუმცა ამავდროულად ასეთ რეალურ სამყაროში
საკუთარ თავს ჩვენ თვითონ ვაშენებთ
ეს ადამიანი სუსტია, ეს ადამიანი ძლიერია. ეს ბოროტია, ეს კი – კეთილი. ამას ის დაემართა, ამას კი – ეს. ყველას გაგება შეგვიძლია, თუმცა მარველის ფილმებიდან სწორედ ის გავიგეთ, რომ ჩვენით ვირჩევთ ვინ ვიყოთ – გმირები, ბოროტმოქმედები თუ უბრალოდ დინების მიმართულებით ვიცუროთ. მიუხედავად იმისა რომ ბედი დიდ როლს თამაშობს ჩვენს ჩამოყალიბებაში მაინც ჩვენ ვწყვეტთ ვინ გავხდებით და რას ჩავიდენთ. სტივ როჯერსი დაიბადა, მაგრამ კაპიტანი ამერიკა შეიქმნა და მისი ისტორია სირთულეებით არის სავსე. მერე რა? ყველა სირთულეს გადალახვა შესაძლებელია. მთავარია გულით გინდოდეს…
დახმარების თხოვნა სისუსტეს არ ნიშნავს
გმირები ხომ ისინი არიან ჩვენ ვინც გვიცავს? ისინი ვინც ყველაზე დიდ ბოროტებას უშიშრად ებრძვის, ვინც საკუთარ თავს არ ზოგავს სიკეთისთვის… თუმცა ჩვენ ხშირად გვავიწყდება მთავარი: ისინიც ადამიანები არიან. აი პიტერ პარკერი, რომელიც ასეთი პატარაა, გახოსვთ ტონი სტარკს, როგორ სთხოვდა დახმარებას ფილმში შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი? სტარკი მას არ მიატოვებს და აუცილებლად დაეხმარება. ყველას ჭირდება ადამიანი, რომელსაც გასაჭირის ჟამს დაეყრდნობა, ამიტომაც გაერთიანდნენ შურისმაძიებლები – მსოფლიო ბოროტებას მარტო ვერავინ გაუმკლავდება.
ყველანი ვცდებით, მთავარია სწორ გზას დავუბრუნდეთ
ყველას გადაგვიხვევია ნათელი გზიდან და ბნელ მხარეს გადავსულვართ. იდეალური არავინაა. დავკარგულვართ, გამოსავალი დიდ ხანს გვიძებნია, აუცილებლად გვიწყენინებია ვინმესთვის, თუმცა საბოლოოდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდები ვართ. აი ლოკის მაგალითზე. შეიძლება ტყუილის თქმაც უყვარს და ბოროტების მხარესაც ხშირად გადასულა, მაგრამ თავისი ძმა ძალიან უყვარს, სწორედ შურისმაძიებლების დახმარებით დაუბრუნდა სინათლის მხარეს და სიკეთისთვის თავსაც გაწირავს.
ყოველთვის უნდა ვებრძოლოთ უსამართლობას
ბულინგი, უსამართლობა, ჩაგვრა, უფლებების შეზღუდვა – ჩვენ გარშემო ეს ცნებები მუდამ არსებობს და სამუდამოდ იარსებებს. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ. არა. ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც უსამართლობის მომსწრენი ვიქნებით, შეგვიძლია ამის წინააღმდეგ რამე მოვიმოქმედოთ. და თუ უსამართლობა გაიმარჯვებს, ვინმეს დაჩაგრავენ და ჩვენ დროს უკან ვერ ვაბრუნებთ, მაშინ უნდა ვეცადოთ რომ მომავალში იგივე არ განმეორდეს. გახსოვთ ტონი სტარკი ლოკის ეუბნება 2012 წლის შურისმაძიებლებში: If we can’t protect the Earth you can be damn sure we’ll avenge it! (თუ დედამიწას ამჯერად ვერ დავიცავთ, დარწმუნებული იყავი, შურს მაინც ვიძიებთ ). გმირების გუნდის სახელიც შურისძიებიდან მოდის, ოღონდ ამ სიტყვის სრულიად დადებითი მნიშვნელობით- შურისმაძიებლები ბოროტებაზე ყველა ადამიანის დამცველები და სამყაროში სამართლიანობის დამყარებელნი.
მუდამ გჯეროდეს საკუთარი თავის
ამდენმა ფილმმა გმირებზე კიდევ ერთი ჭეშმარიტება წარმოგვისახა – საკუთარი თავის გმირები ჩვენ ვართ. ნებისმიერი ადამიანი, შეიძლება იქცეს გმირად, არ არის აუცილებელი ამისთვის სუპერშესაძლებლობები გვქონდეს. ყველაზე რთულ სიტუაციებში მთავარია ჩვენი შინაგანი სიმყარე არ დავკარგოთ და ყველაფერს მოვერევით. მთავარი გამოწვევა – ჩვენი მე-ს შენარჩუნებაა ყველაზე ბნელ დროსაც კი. ვის არ ჰქონია კრიზისი, აი ტონი სტარკი მესამე რკინის კაცში სრულიად დაიკარგება, მაგრამ შეძლებს და საკუთარი თავის რწმენას აღიდგენს.
არასდროს უნდა დავკარგოთ იმედი
იმედი ის არის რაც ამ დედამიწას ამოძრავებს. იმედი ის არის რაც არასდროს უნდა დავკარგოთ. გახსოვთ ენთ-მენში ჰენკ პიმის ცოლი ქვანტუმ რეალმში დაიკარგა? ჰენკს არასდროს დაკარგვია იმედი, მან თავის შვილსაც კი ჰოუფი დაარქვა, რაც იმედს ნიშნავს. იმედს იმისა, რომ მისი ცოლი დაბრუნდებოდა და მართლაც…ფილმში ენთმენი და კრაზანა ის თავის სამყაროში აღმოჩნდება. სასწაულები ხდება. მთავარია მთელი გულით გვჯეროდეს…
თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა
გეცნოთ არა? დიახ, ეს სლოგანი ნამდვილად საფრანგეთის რევოლუციის შვილია. ეს სამი რამ არის ის რისთვისაც იბრძვიან ჩვენი გმირები და რისთვისაც ბრძოლისკენ მოგვიწოდებენ. შურისმაძიებლების სლოგანად ნამდვილად ივარგებს, რას იტყვით? მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომში დავინახეთ – ზოგისთვის თანასწორობა მეტია ზოგისთვის კი თავისუფლება, მაგრამ ძმობამ საბოლოოდ იმარჯვა.
სქესს არანაირი მნიშნელობა აქვს
სუპერგმირი – სუპერგმირია, არ აქვს მნიშვნელობა ის კაცი იქნება თუ ქალი, ისინი გვერდიგვერდ იბრძვიან სამყაროს გადასარჩენად. არც ერთი სუპერგმირი არასდროს გაამახვილებს ყურადღებას სქესზე. წარმოგიდგენიათ, ჰო ქეროლ დენვერსისთვის ან ნატაშა რომანოვისთვის ვინმეს მაგის თქმა გაებედა, ან ეთხოვათ უკანა რიგებში მოეცადათ სანამ კაცები ომით არიან დაკავებულები?საუკეთესო შემთხვევაში ენას ამოაძრობდნენ, უარეს შემთხვევაში წარმოდგენაც არ გვინდა …
ვერ გეტყვით ზუსტად რამდენი რამ გვასწავლა მარველის კინო სამყარომ, თუმცა ვიცით, რომ ძალიან ბევრ და ფუნდამენტალურ ღირებულებას შეეხო. ახლა კი, მოვიდა დრო, რომ ერთად ჩავხედოთ თანოსს თვალებში. ავაფრიალოთ მის თავზე სიკეთის დროშა, რომელსაც ჩვენი სუპერგმირები ამდენი ხანია ამზადებენ.