2015 წელს ჯეკი ჩანმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. გარდა მსახიობის ცხოვრების ცნობილი ფაქტებისა, ბიოგრაფიაში შეგვიძლია წავიკითხოთ მრავალი ისეთი შოკისმომგვრელი და უცნაური ამბავი, რომლებიც ჯეკი ჩანის შესახებ მანამდე არ ვიცოდით. მაგალითად, ის, რომ ცნობილი მსახიობს დალხინებული ბავშვობა სულაც არ ჰქონია და მის ფილმებზე დუბლების გადაღება საკმაოდ ხშირად სრულდება სახიფათო შემთხვევებით.
დღეს ჯეკი ჩანის ცხოვრების რამდენიმე, სწორედ ასეთ საინტერესო ფაქტსა და ისტორიას გაგაცნობთ.
1. იგი გართობის მიზნით ძვირფას მანქანებს ამტვრევდა
გვიან 1970-იანებში, როცა ფილმები საბრძოლო ხელოვნების ოსტატების მონაწილეობით პოპულარობის პიკზე იყო, ჯეკი ჩანი საოცრად გამდიდრდა. იგი თითო ფილმში 350 მილიონ დოლარამდე აკეთებდა. მოულოდნელმა წარმატებამ და აურაცხელმა ფულმა მას თავბრუ დაახვია და მსახიობისავე თქმით, ფულს “სმაში, თამაშსა და ქალებში” ხარჯავდა. ხშირად კი თავაწყვეტილი მართავდა ძვირფას მანქანებს. ერთხელ მან ერთი დღის განმავლობაში პორშეს და მერსედეს-ბენცის ძვირფასი მოდელები დაამტვრია.
2. ერთხელ მან თავისი 2 წლის შვილი ოთახის სიგრძეზე გაისროლა
ჩანმა აღიარა, რომ არც მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობაში ბრწყინავდა. 1980-იანებში, როცა მისი ვაჟი ჯეისი მხოლოდ 2 წლის იყო, ჯეკმა ბავშვი ოთახის მეორე ბოლოში მდგარ დივანს დაუმიზნა და გაისროლა. საბედნიეროდ შემთხვევა ტრავმების გარეშე დასრულდა. იმის გაცნობიერებამ, რომ ბავშვი შეიძლებოდა სერიოზულად დაშავებულიყო, ჩანს თავზარი დასცა და მან დაიფიცა, რომ შვილს არასოდეს დაარტყამდა ან გაისროდა. მსახიობმა, რომელიც თავს “სიტყვის კაცს” უწოდებს, ეს პირობა შეასრულა (მადლობა ღმერთს!).
3. მან თავის ცოლს “მის აზიასთან” უღალატა
ჩანი 1982 წლიდან დაქორწინებულია, თუმცა ცოლის ერთგულებით ყოველთვის არ გამოირჩეოდა. მის სხვადასხვა რომანს შორის ყველაზე გახმაურებული იყო სასიყვარულო ურთიერთობა ელაინ Ng-სთან – მსახიობსა და მოდელთან, რომელმაც 1990 წელს “მის აზიის” ტიტული მოიპოვა. 1999 წელს Ng დაფეხმძიმდა და მას მერე, რაც ჩანმა მოდელი შვილი თავისად აღიარა, მედიაში დიდი სკანდალი ატყდა.
თავის ავტობიოგრაფიაში ჩანი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევის გამო თავს საშინლად დამნაშავედ გრძნობს და მადლობას უხდის ცოლს, რომ ასეთ ძნელ პერიოდებში მის გვერდით იდგა.
4. ბავშვობაში ის ბულინგის მსხვერპლი და მარტოსული იყო
ჩანის დედა მოსამსახურე იყო, მამა – მზარეული. მშობლების სამსახურის გამო ის ბავშობაში ხშირად გამხდარა დაცინვის ობიექტი. დაცინვის გარდა მის სკოლაში სასტიკი აღზრდა იყო და მოსწავლეებს მცირე დარღვევაზეც კი ფიზიკურად სჯიდნენ, რის გამოც ჯეკს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
შემდეგ ჯეკის მამა ავსტრალიაში წავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ, ორი წლის შემდეგ მას დედაც მიჰყვა. ჩანს რვა წლის განმავლობაში არცერთი მშობელი ერთხელაც არ უნახავს.
5. იგი ძვირფასი საათების მოყვარულია
ჯეკი ჩანი ფულს მხოლოდ ძვირადღირებულ მანქანებში როდი ხარჯავდა. მას ძალიან უყვარს ძვირფასი მაჯის საათები და საკმაოდ მდიდარ კოლექციასაც ფლობს. როცა დიდი შემოსავალი ჰქონდა, ის ყოველდღე სხვადასხვა ძვირიან საათს ატარებდა, რათა ყველასთვის ეჩვენებინა თავისი სიმდიდრე. ჩანი იხსენებს, რომ ადრე ის სპონტანურად ეწვეოდა ხოლმე საათების მაღაზიას და იქ დაახლოებით 64 ათას დოლარს ხარჯავდა. ერთხელ ისიც კი იკითხა: “რომელი გაქვთ ყველაზე ძვირი, ძვირფასი თვლებით?” და 7 ყველაზე თვალისმომჭრელი და გლამურული მოდელი შეიძინა.
6. რთული ტრიუკების გადაღებისას მას არაერთხელ შემთხვევია უბედურება
ფილმში პოლიციელის ამბავი ჩანი დიდი სიმაღლიდან ეშვება დეკორატიული განათებების “თოკზე”, შემდეგ კი მანქანას ასკდება. მსახიობმა ეს რთული ტრიუკი ძირს დაგებული უსაფრთხოების ლეიბის გარეშე შეასრულა და ელექტროკაბელებიც რეალურზე რეალური იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათში მაღალი ძაბვა გადიოდა. მსახიობი იხსენებს, რომ არ უღიარებია, მაგრამ იმ დროს ასე ფიქრობდა: “მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არ ვარ სუპერმენი, ასე რომ, შეიძლება მოვკვდე”.
საბოლოოდ მსახიობი მეორე ხარისხის დამწვრობითა და ნაღრძობი მენჯით “გამოძვრა”.
პროექტი A-ს გადაღებისას კი საათის კოშკიდან გადმოვარდნის ცნობილ სცენაში, როცა მსახიობის უსაფრთხოებას არაფერი უზრუნველყოფდა ორი თხელი მზისგან დამცავის გარდა, ჯეკი ჩანი მიწაზე მძიმედ დაეცა და კისერი იღრძო. ტრავმა ახალი მორჩენილი ჰქონდა, როცა რეჟისორმა მას მეორე დუბლის გადაღება მოსთხოვა. მსახიობი დათანხმდა და მეორე ცდაზე სიცოცხლისთვის სახიფათო ეს ტრიუკი სრულყოფილად შეასრულა.
7. ჯეკი ჩანს ურთიერთობა ჰქონდა ქალთან, რომელსაც ის “ნომერ ცხრას” უწოდებდა
“სმის, თამაშისა და ქალების” პერიოდში ჩანი ხშირად სტუმრობდა კლუბს, სადაც ქალები თავიანთ “პატრონებს” სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ. ჯეკს იქ ფავორიტი გოგონა ჰყავდა, რომელსაც ავტობიოგრაფიაში “ნომერ ცხრად” მოიხსენიებს. მსახიობის თქმით, ის ლამაზი და საყვარელი იყო, ამიტომაც ყოველღამე მიდიოდა მასთან. “მისი პატარა ოთახი, რომელშიც ხანდახან გვიჭვრიტინებდნენ კიდეც, მაშინ ნამდვილ სამოთხედ მეჩვენებოდა”.
და ბოლოს:
თავის გულახდილ ბიოგრაფიაში ჯეკი ჩანი თავის თავს “ნამდვილ ნაბიჭვარს” უწოდებს. მას რცხვენია მრავალი თავისი დაუფიქრებელი ან საძაგელი ქმედებისა, თუმცა, ამავე დროს, აოცებს საკუთარი პიროვნების ის ნაწილები, რომლებიც წლების განმავლობაში დაკარგა და შეიძინა.
“თითქმის დამავიწყდა, ვინ ვიყავი ადრე. ეს ის კაცი არაა, ვინც დიდ ეკრანებზე ჩანს, არც ის, ვინც ნიუსებში. ძალიან მინდა, იგი კარგად გავიცნო”.