კინომოდა საოცრად გავლენიანი ფენომენია და ძალზე სწრაფად იპყრობს ჩვენს გულებს, მაგრამ ამავე დროს, ის სწრაფად ცვალებადიცაა. კინოისტორიის მანძილზე სულ რამდენიმე ვარსკვლავს თუ რგებია “მოდის ქალღმერთის” ტიტული – ქალებს, რომელთა სახელის გაგონებაზეც კონკრეტული სტილი, სილუეტი და, რაც მთავარია, ფილმები წარმოგვიდგება, რომლებიც, თავის მხრივ, სწორედ ამ ქალბატონების ჩაცმულობის გამო, დღეს საკულტოდ არის ქცეული. ამ კინოგმირების სტილი თაობებს შთააგონებდა და კვლავაც შთააგონებს. ამ ლეგენდარული ქალების კოსტიუმების დიზაინზე მაღალი მოდის გურუები ზრუნავდნენ და მათი სტილი დღემდე დაუვიწყარია.
დღეს მოდის ხუთ ქალღმერთს მივაგებთ პატივს. ერთად გავიხსენოთ კინოს მშვენებები, რომელთა სახელიც მეოცე საუკუნის მოდისგანაც განუყოფელია. გავიხსენოთ ასევე მათი ლეგენდარული როლები, სადაც ეს ქალბატონები თავიანთი განუმეორებელი სტილით ბრწყინავენ.
1. ოდრი ჰეპბერნი – საუზმე ტიფანისთან
ამ ავანგარდულმა სურათმა ერთი ხელის მოსმით გაანადგურა თავისი პერიოდის მრავალი მოდური ტრენდი! ჰეპბერნისა და ჟივანშის ულამაზესი ტანდემის მიმართ თაყვანისცემა ერთი ათად გაიზარდა, როცა მსახიობი თვალისმომჭრელ თეთრ საღამოს კაბაში გამოჩნდა 1954 წლის კლასიკაში – საბრინა. ხოლო ამავე დიზაინერის მიერ შექმნილ, გრძელი ხელთათმანებითა და მარგალიტის მძივით დამშვენებულ საკულტო შავ საღამოს კაბაში გამოწყობილი ოდრის ფიგურა ფილმიდან საუზმე ტიფანისთან სამუდამოდ დამკვიდრდა კინომოდის ერთ-ერთ ხატად.
2. მერლინ მონრო – შვიდი წლის თავზე
უკვე 65 წელი გავიდა მას მერე, რაც 1954 წელს მერლინი მეტროს საჰაერო ხუფთან იდგა სიფრიფანა თეთრი გოფრირებული კაბით და ქვემოდან მომავალი ქარი ამ კაბის კალთებს ჰაერში უფრიალებდა – ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც უხილავს ეს სურათი, ის არასოდეს დაავიწყდება. სცენა ფილმიდან შვიდი წლის თავზე, რომელშიც კაბააფრიალებული და მოცინარი მერლინი მოჩანს, დიდი ხანია მოდის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო მომენტად არის ქცეული. ნაწილობრივ ამ კაბამ, რომლის დიზაინიც უილიამ ტრავილას ეკუთვნის, განსაზღვრა თავად ვარსკვლავის შემდგომი სტილიც.
3. ვივიენ ლი – ქარწაღებულნი
ვივინ ლის გმირის, სკარლეტ ო’ჰარას არა ერთი კონკრეტული სამოსი, არამედ მთლიანად 1939 წლის კლასიკაში (ქარწაღებულნი) გამოყენებული, უოლტერ პლანკეტის კოსტიუმები სამუდამოდ შევიდა და დამკვიდრდა კინომოდის ისტორიაში. უძვირფასესი კაბები და კოსტიუმები არამარტო დიდებულად გამოიყურება, არამედ საოცრად ეხამება და გამოხატავს მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ხასიათს. რაც შეეხება ვივიენ ლის, ის ჩვენს წარმოსახვაში მუდამ გრძელ, ხავერდის კაბაში გამოწყობილ ფიცხ და მომხიბვლელ ქალღმერთად დარჩება.
4. ინგრიდ ბერგმანი – კასაბლანკა
1942 წელს აფრიკაში გადაღებული ფილმი, რომელიც ამავე პერიოდის აფრიკაში განვითარებულ, მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ ადამიანურ დრამებზე მოგვითხრობს, ინგრიდ ბერგმანის შემოქმედების მარგალიტია. ამ ფილმში შვედი მზეთუნახავი ფაქიზი და უბრალო ვარცხნილობით, ღია ფერის ორნაწილიანი კოსტიუმებითა და ყვავილის ფორმის ბროშებით იწონებს თავს. იშვიათია სურათი, რომელშიც ინგრიდ ბერგმანის ელეგანტურობა ასეთი სრული ბრწყინვალებით იყოს წარმოჩენილი. კაბა-კოსტიუმების, მდიდრული ქუდებისა და თვალისმომჭრელი კაბების დიზაინი ორი კელის ეკუთვნის.
5. გრეის კელი – ეზოში გამავალი ფანჯარა
ალფრედ ჰიჩკოკის 1954 წლის კლასიკა – ქუჩაში გამავალი ფანჯარა – გრეის კელისა და მისი გარდერობის ტრიუმფად იქცა. ედიტ ჰედის დიზაინით შიქმნილი შავ-თეთრი ტიულის კაბა ელეგანტური ნაქარგობით, რომელსაც ფილმში გრეისი თავისი განუმეორებელი გრაციით ატარებს, დღემდე კინომოდის ერთ-ერთი დაუვიწყარი კოსტიუმია. ამ შესანიშნავმა სამოსმა გრეის კელის სამუდამოდ დაუმკვიდრა სტილის ქალღმერთებს შორის საპატიო ადგილი.
მომზადებულია bebeautiful.in