ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ძალიან საინტერესო კადრსმიღმა ფაქტები საყვარელი ფილმების შესახებ. ყველა ფილმის სამუშაო პროცესი განსაკუთრებულია, თუმცა ზოგიერთი დეტალი, რომელიც ფილმების გადაღების, რეჟისორებისა თუ მსახიობების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს და წარმოდგენას გვიქმნის, განსაკუთრებით სახალისო და საინტერესოა.
დღეს ამ შეგროვებული საინტერესო ამბებისა და დეტალების მეორე ნაწილს წარმოგიდგენთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ კინო იმაზე მეტია, რაც ეკრანზე ჩანს.
1. როკი 4
სილვესტერ სტალონეს იმდენად სურდა, რომ კრივის სცენები ძალიან ნატურალური ყოფილიყო, დოლფ ლუნდგრენს სთხოვდა, მართლაც დაერტყა მისთვის. მხარში დარტყმის გამო სტალონეს ოთხი დღის განმავლობაში საგანგებო სამედიცინო მეთვალყურეობაც კი დასჭირდა.
2. შავი გედი
ნატალი პორტმანი როლისთვის წლების განმავლობაში სერიოზულად ვარჯიშობდა ბალეტში და მეცადინეობის საფასურს საკუთარი ჯიბიდან იხდიდა მანამდე, სანამ ფილმის მესვეურები ინვესტორებს იპოვიდნენ. არანოვსკი ფილმის გადაღებასა და შემდგომ წარმატებას დიდწილად ნატალის თავდადებასა და ენთუზიაზმს უკავშირებს.
3. მებრძოლთა კლუბი
ბრედ პიტმა და ედვარდ ნორტონმა მართლა ისწავლეს საპნის დამზადება.
4. გარიყული
საშუალო ასაკის, ფორმადაკარგული სხეულის მქონე მამაკაცის გარეგნობის შესაქმნელად ტომ ჰენკსი არ ვარჯიშობდა და ცდილობდა გასუქებულიყო. შემდეგ ფილმის გადაღება ერთი წლით შეწყვიტეს, რათა ჰენკსს ამჯერად კუნძულზე დარჩენილ გასაცოდავებულ ადამიანს დამსგავსებოდა, ამ დროის ფარგლებში მსახიობმა 23 კილომდე დაიკლო და თმა-წვერი მოუშვა.
5. მუმია
ბრენდან ფრეიზერი კინაღამ მოკვდა იმ სცენაში, როცა მის პერსონაჟს ჩამოხრჩობას უპირებენ. რეიჩელ ვაისმა გაიხსენა, რომ “მან სუნთქვა შეწყვიტა და ამ ინციდენტის შემდგომ სერიოზული რეაბილიტაცია დასჭირდა”.
6. ტერმინატორი
არნოლდ შვარცნეგერი როლისთვის იარაღის ხმარებაში მთელი თვის განმავლობაში ყოველდღე ვარჯიშობდა. პირველი ორი კვირის განმავლობაში იგი აწყობდა და შლიდა იარაღებს, პარალელურად ეს მექანიკური, ავტომატური მოძრაობებით უნდა გაეკეთებინა. მსახიობი საათობით ისროდა მიზანში და ბრმად, შეუხედავად გადატენასა და ჩახმახის გამოკვრაშიც დახელოვნდა. ეს ყველაფერი მარჯვენა და მარცხენა ხელით თანაბარი ოსტატობით უნდა გაეკეთებინა.
7. თავს უშველე
დენიელ კალუუიას სერიოზული კასტინგის გავლა მოუწია ამ ფილმში მთავარი როლის მისაღებად. რეჟისორმა ჯორდან პილმა კალუუიას მოსთხოვა, გადამწყვეტი სცენის, რომელშიც პერსონაჟს ტირილი უწევს, ხუთჯერ ზედიზედ გადაღება მოითხოვა. მსახიობმა დავალება იმდენად ოსტატურად შეასრულა, რომ თითოეული ცრემლი სახეზე ყოველი გადაღებისას ერთსა და იმავე დროს ჩამოსდიოდა.
8. 12 წელი მონობაში
ლოთი პერსონაჟი უკეთ რომ განესახიერებინა, მაიკლ ფასბენდერმა გრიმიორს ულვაშის ალკოჰოლით გაჟღენთა სთხოვა, რათა სხვა მსახიობებს მის სუნზე ბუნებრივი რეაქცია ჰქონოდათ და მართლაც ჰგონებოდათ, რომ წყალწაღებულ ლოთთან ჰქონდათ საქმე.
9. ქენდიმენი
ამ ფილმისთვის ფუტკრები სპეციალურად გამოიყვანეს და მოაშენეს. ისინი აუცილებლად მხოლოდ 12 საათის გამოჩეკილები, მაგრამ ზრდასრული ფუტკრებისგან არაფრით განსხვავებულები უნდა ყოფილიყვნენ, ნესტარი კი ზიანის მისაყენებლად საკმარისი ზომის უნდა ჰქონოდათ.
10. რკინის კაცი
J.A.R.V.I.S.-ის როლის შემსრულებელ პოლ ბეტანის არასდროს უნახავს ფილმი და სიუჟეტს წესიერად არც იცნობს. მისი თქმით, ჯარვისი მისთვის უადვილესი როლი იყო და ცოტა არ იყოს, ყაჩაღად გრძნობს თავს, რადგან მხოლოდ ორი საათი იმუშავა და უზარმაზარი ანაზღაურება მიიღო, რომლის წყალობითაც მეუღლესთან ერთად მშვენიერი დასვენება მოიწყო.
11. კინგსმენი: საიდუმლო სამსახური
ფილმშიც და მის თრეილერშიც კინგსმენის ახალწვეულებს შემდეგნაირად ცდიან: პირველ ღამეს მათ საძინებელს წყლით ტბორავენ. მოედანზე ამ სცენის გადაღებას დიდი სირთულეები შეექმნა. მეთიუ ვონის თქმით, როცა მან გადაღების დაწყების ბრძანება გასცა, კომპიუტერმა რაღაც აურია და უეცრად ყველა სამი მეტრის სიღრმის წყალში აღმოჩნდა – კამერები, ხმის ინჟინრები… დამხმარეები პანიკაში ჩავარდნენ და ხალხის ამოყვანა დაიწყეს. გადასაღები მოედანი, რომლის დეტალები გულმოდგინედ იყო გათვლილი და გაწერილი, ამასთან, კომპიუტერულად მართვადი სპეციალური წყლის რეზერვუარებით იყო აღჭურვილი, თითქოს ბიბლიურმა წარღვნამ გადაირეცხა, და ეს, ერთადერთ პროგრამული შეცდომის გამო. “იმ სახიობებს იმ დღეს არ უნდა ეთამაშათ, მაგრამ ყველა ძალიან შეშინდა”, – განაცხადა ვონმა, – “და ეს ყველაფერი – გადაღების პირველ დღეს”.
12. ლოგანი
სერ პატრიკ სტიუარტმა მოხუცებული და ავადმყოფი ჩარლზ ხავიერის როლისთვის 10 კილო დაიკლო. მსახიობის განცხადებით, თინეიჯერობის ასაკიდან მას ყოველთვის სტაბილური წონა ჰქონდა და ამ როლამდე დაკლება არ დასჭირვებია.
13. ნათლია
ფილმის დასაწყის ნაწილში, როცა ვიტო კორლეონე სახლში ბრუნდება და თავის ხალხს კიბეებზე საკაცით აჰყავს, მარლონ ბრანდომ ტანქვეშ ხუმრობით სიმძიმეები ამოიდო, რომ მისი აწევა ძნელი ყოფილიყო.
14. ბრიჯიტ ჯონსის დღიური
ბრიჯიტის როლისთვის რენე ზელვეგერმა 11 კილო მოიმატა, შემდეგ კი ერთი თვის განმავლობაში მართლა მუშაობდა ბრიტანულ გამომცემლობაში. იმისათვის, რომ ვერ ეცნოთ, რენემ სახელი შეიცვალა. ოფისში, თავის სამუშაო მაგიდაზე მსახიობს იმდროინდელი ბოიფრენდის, ჯიმ კერის სურათი ედო, მის თანამშრომლებს კი, რომლებიც მსახიობს ვერ ცნობდნენ, ეს უცნაურად მიაჩნდათ, თუმცა არაფერი უთქვამთ, კოლეგისთვის რომ არ ეწყენინებინათ.
15. შინდლერის სია
ფილმის გადაღებისას ატმოსფერო იმდენად პირქუში და დეპრესიული იყო, რომ სტივენ სპილბერგმა თავის მეგობარ რობინ უილიამსს სთხოვა, ხუმრობებითა და კომედიური ნომრებით გაერთო ჯგუფი, პარალელურად კი რეჟისორი საინფელდის ეპიზოდებს უყურებდა. სკეჩები, რომლებსაც ხალხი სპიკერზე ჩართული ტელეფონით უსმენდა, უილიამსმა ჯინის (ალადინი) დიალოგებში გამოიყენა.
16. იგი
ფილმის გადაღება თავდაპირველად ძმებ დაფერებს სურდათ, თუმცა მიიჩნიეს, რომ ისინი საკმარისად “სახელგანთქმულები” არ იყვნენ. მათ გადაიღეს უცნაური ამბები (2016), რომელშიც ფინ ვოლფჰარდი (ის იგი-შიც თამაშობს) მიიწვიეს და სტივენ კინგს მიუძღვნეს.
17. უსახელო ნაბიჭვრები
როცა ილაი როთს ჰკითხეს, როგორ მოახერხა მოძალადე, ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული პერსონაჟის (“The Bear Jew”) როლში შესვლა, მსახიობმა აღნიშნა, რომ ისტორიულად ზუსტი კოსტიუმები დაეხმარა. “შალის საცვალი როცა გაცვია, ძნელია ვინმეს მოკვლა არ მოგინდეს” – განაცხადა როთმა. სხვა ინტერვიუში მან თქვა, რომ მეგობარმა გოგომ აიპოდში ჩუმად “ჰანა მონტანას” მუსიკა ჩაუწერა, რომლის მოსმენისასაც მსახიობში ძალადობრივი ბუნება იღვიძებდა და ნამდვილ “დათვ ურიად” გადაიქცეოდა.
18. რას ვაკეთებთ სიბნელეში
სტიუს როლის შემსრულებელი მსახიობი არაა – მას სინამდვილეში სტიუ რათერფორდი ჰქვია და კომპანია LanWorx-ში ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობდა. იმის გამო, რომ სტიუმ იცრუა, თითქოს მას საქმე კომპიუტერებთან ექნებოდა და ამ დროს ფილმში როლი შეასრულა, კომპანიამ ის სამუშაოდან გაათავისუფლა.
19. ოპერის მოჩვენება
ემი როსუმის ფიგურა, რომელსაც ოპერის მოჩვენება თავის ბუნაგში ინახავს, ცვილისა არაა. სპეციალისტებმა საგანგებოდ დაამზადეს მსახიობის სახის ნიღაბი, რომელიც მანეკენს დაუმაგრეს, თუმცა როცა მას ხელოვნური თვალები ჩაუსვეს, ის მსახიობს არ ჰგავდა. ემიმ რეჟისორს შესთავაზა, მანეკენის მაგივრად მე დავდგებიო. ამრიგად, ცვილის გრიმის მქონე მსახიობმა თავისივე თოჯინა განასახიერა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში სრულიად უძრავად უნდა მდგარიყო.
20. უოლ სტრიტის მგელი
მსახიობები კოკაინის ნაცვლად B ვიტამინის დაფხვნილ აბებს იყნოსავდნენ. ჯონა ჰილის თქმით, ფხვნილის ამდენი შესრუტვისგან მწვავე ბრონქიტი დაემართა და საავადმყოფოში დაწოლა მოუწია.
21. ჩარლი და შოკოლადის ქარხანა
ფილმში გამოყენებული 1,850 ფილა შოკოლადი “ნესტლეს” ფირმისაა.
22. დანის პირზე მორბენალი 2049
ვიზუალური ეფექტების კომპანია მთელი წელი მუშაობდა სცენაზე, რომელშიც რეიჩელი (შონ იანგი) 35 წლის წინანდელი სახით ჩნდება – ზუსტად ისეთი, როგორიც 1982 წლის დანის პირზე მორბენალშია. სცენაში შემცვლელი მსახიობი ლორენ პეტა თამაშობს, სახე კი კომპიუტერული ვიზუალური ეფექტებით შეუცვალეს და იანგის სახე “დაადეს”.
23. დრაივი
როლში უკეთ შესასვლელად რაიან გოსლინგმა 1973 წლის შევროლე მალიბუ (სწორედ ამ მანქანით მოძრაობს მისი პერსონაჟი) აღადგენინა.
24. ბერდმენი
ფილმის სტილიდან გამომდინარე, უჩვეულოდ ხანგრძლივი გადაღებების გამო გაბეზრებული, ედვარდ ნორტონი და მაიკლ კიტონი მსახიობების მიერ დაშვებულ შეცომებსა და კუროზებს სპეციალურ დავთარში აფიქსირებდნენ. ყველაზე მეტი შეცდომა ემა სტოუნმა დაუშვა, ყველაზე ცოტა – ზაკ გალიფიანაკისმა. რეალურად, იგი გადაღებისას პატარა რეპლიკებს სულ სხვადასხვანაირად ამბობდა, მაგრამ იმდენად დამაჯერებლად თამაშობდა და გადაცდომას არ იმჩნევდა, რომ მისი ეს ფრაზები ფილმში ასევე დატოვეს და თავიდან არ გადაუღიათ.
25. ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი
ირლანდიაში, სკელინგის კუნძულებზე (ლიუკის საცხოვრებელი პლანეტა) გადაღებებს მომქანცველი, თითქმის 200-მეტრიან სიმაღლეზე ცოცვა უძღოდა წინ. მარკ ჰემილს სურდა, დამატებითი სცენების გადასაღებად ეს გზა ხელახლა არ გაემეორებინა, ამიტომ რეჟისორს სთხოვა, ძვირფას სასტუმროში დარჩენის ნაცვლად, იქვე, კარავში გაეთია ღამე, თან “როლშიც დარჩებოდა”. მისი მონდომების მიუხედავად, ირლანდიის კანონი მას იქ დარჩენის უფლებას არ აძლევდა, რადგან კუნძულები იუნესკოს მსოფლიო კულტურის დაცულ ძეგლებშია შესული.
26. ველურ პირობებში
იმ სცენის გადაღებისას, როცა ემილი ჰირში შიშველი დალივლივებს წყალზე, ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვემოთ იყო.
27. ფიფქია და მონადირე
ფილმის დასაწყისში დაცემული სისხლის წვეთები ნამდვილი სისხლია. რეჟისორ რუპერტ სანდერსს ხელოვნური სისხლი ყალბად ეჩვენა, ამიტომ თითი გაიკაწრა და სასურველი კადრები საკუთარი სისხლით გადაიღო.
28. ქრისტეს ვნებანი
ჯეიმს კავიეზელმა დაადასტურა, რომ ჯვარცმისა და მთაზე ჯვრის ატანის დროს მეხმა ნამდვილად დაარტყა.
29. ღრუბლების ატლასი
ფილმის გადაღებებზე ტომ ჰენკსი ლანა და ლილი ვაჩოვსკებს “დედას და მამას” ეძახდა, რადგან რეჟისორები მხოლოდ ლიდერები კი არ იყვნენ, გუნდთან ერთად მუშაობაში ბოლომდე იყვნენ ჩართულები.
30. დედა!
ჯენიფერ ლოურენსი კლიმატის სცენებში როლში ისე შეიჭრა, რომ ჰიპერვენტილაცია (ჰაერის მიწოდების შეფერხება) დაემართა და ნეკნიც კი გაიტეხა. იმ სცენის გადაღების შემდეგ, როცა ჯენიფერს ჰაერის უკმარისობა დაემართა, ჯგუფმა მსახიობს “მხიარული ადგილი” მოუწყო – კარავი სავსე საღეჭი რეზინებით და მუდმივ რეჟიმზე გაშვებული “Keeping Up with the Kardashians”-ის კლიპებით.