ჰარი პოტერი თანამედროვეობის განუმეორებელი ფენომენი და ყველა ასაკის მკითხველისთვის დაუვიწყარი თავგადასავალია, რომელიც განუმეორებელ, ქარიზმატულ გმირებს, ჯადოსნურ ადგილებსა და მაგიურ მოვლენებს გვაცნობს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, მასში ყველაფერი კარგია. პირიქით – ზოგი რამ იმდენად აუტანელია, რომ მოთმინებიდან გამოვყავართ.
თუმცა ცუდშიც ხომ დადებითი უნდა დავინახოთ: აუტანელი პერსონაჟების, მოვლენებისა და შემთხვევების გარეშე პოტერიადას საუკეთესო მოვლენებს კიდევ უფრო მეტად ვაფასებთ. ასე რომ, სათანადო პატივი მივაგოთ იმ საძაგელ, მოსაწყენ, გროტესკულ და აუტანელ ტიპებსა თუ ამბებს, რომლებიც ჰარი პოტერის სერიაში ჩვენს ნერვებზე თამაშობენ. გავიხსენოთ 15 აუტანელი რამ პოტერის წიგნებიდან და ფილმებიდან.
1. გოლიათების ქვესიუჟეტური ხაზი, რომელიც არსაით მიდის
სერიის მეხუთე ნაწილში, “ფენიქსის ორდენში” გოლიათების თემას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. დამბლდორი ჰაგრიდს გოლიათებთან მოსალაპარაკებლად აგზავნის, რათა ხელახლა აღზევებულმა ვოლდემორმა ისინი თავისკენ არ გადაიბიროს. ამის გამო ჰაგრიდი ჰარის სწავლის მეხუთე წელს თითქმის არ ჩანს. საბოლოოდ კი რას ვიღებთ? ჰაგრიდის მცირე მონაყოლს გოლიათების ორ ჯგუფზე და მის მიერ ჩამოყვანილ ნახევარძმა გრაუპს. საბოლოოდ ამ არსებებზე ისეთივე ბუნდოვანი წარმოდგენა გვრჩება, როგორიც ტროლებზე. ჰოგვორტსის ბრძოლაშიც გოლიათები ვოლდემორის მხარეს არიან, ფენიქსის ორდენსა და დამბლდორის არმიას კი მხოლოდ გრაუპი ეხმარება.
2. დერსლების ოჯახი კომიკურობამდე საშინელია
დერსლების ოჯახი: ვერნონი, პეტუნია და დადლი ერთიანად აუტანელი ხალხია. როგორც მაკგონაგელი იტყოდა, “ყველა მაგლზე საშინელი მაგლები”. მართალია, სიუჟეტურად გამართლებულია, მთავარ გმირს გამარჯვებამდე ბევრ ძნელბედობა შეხვდეს, მაგრამ თითოეული დერსლი განსაკუთრებულად გროტესკულია. მათი აკვიატება კი – ოდნავაც არ გადაუხვიონ “ნორმალური ადამიანის” ტიპაჟს, თავისთავად სიგიჟე.
3. რატომ არასდროს არავის სჯერა ჰარი პოტერის?
სწავლის პირველ წელს ყველამ გაიგო, რომ ჰარი პოტერი ქვირელსა და მის თავში შესახლებულ ვოლდემორს შეებრძოლა, მაგრამ რა ხდება საიდუმლო ოთახში? – არავის სჯერა ჰარის უდანაშაულობის და მას სლიზერინის მემკვიდრედაც კი რაცხავენ. მეოთხე ნაწილში მას, ჯერ კიდევ არასრულწლოვანს ლამის სასიკვდილო დავალებების შესრულება უწევს, თუმცა მაინც ყველას დიდებაზე მონადირე ყოყოჩად მიაჩნია. შემდეგ კი არ უჯერებენ იმას, რომ ვოლდემორი აღდგა. სერიოზულად არ იღებენ ჰარის ხილვებს ვოლდემორის შესახებ და კიდევ უამრავ რამეს. ბოლოს და ბოლოს, მას არც დამბლდორი ენდობა და თავის გეგმას სიკვდილის შემდეგაც კი არ უმხელს.
4. მთლიანად “საიდუმლო ოთახი”
სერიის ეს ნაწილი ნამდვილად არაა საუკეთესო. მთლიანობაში ეს არის ამბავი იმაზე, რომ ჰოგვორტსის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ციხესიმაგრეში დატოვა სასტიკი იარაღი, რომელსაც ერთი შეხედვით ყველას მოკვლა შეუძლია. თეორიულად საინტერესოა, კი. მაგრამ პრაქტიკულად ცოტა სასაცილოც კია, ურჩხული მილებში რომ დასეირნობს და ჰოგვორტსის წარჩინებული პროფესორები ვერაფერს აწყობენ, საბოლოოდ კი მასთან შეტაკება ისევ ჰარის უწევს. თან რით? ფენიქსით და ერთადერთი ხმლით. 12 წლის ბავშვს!
5. სლაგჰორნის წვეულებები
ჰორაციუს სლაგჰორნი სერიაში საკმაოდ გვიან ჩნდება – სასაცილო ბერიკაცი, რომელიც ამაყობს იმით, რომ პირადად იცნობს წარმატებული და წარჩინებული. თავისთავად მისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, იგი თავისი ექსცენტრიკულობით გვართობს კიდეც, მაგრამ არა მისი კლუბი, ანუ “სლაგკლუბი”, რომელიც მისი აზრით წარმატებისთვის “განწირული” სტუდენტების კოლექციას აერთიანებს. მიუხედავად საინტერესო კრებულისა, მის კლუბში საშინლად მოსაწყენი სიტუაციაა. წიგნში კიდევ ჰო, მაგრამ ფილმის რაღაც მომენტში ვნატრობთ, სლაგჰორნის კლუბი საერთოდ გამოეტოვებინათ და დამბლდორის მოგონებებისთვის ჰორკრუქსების შესახებ მეტი დრო დაეთმოთ.
6. კორნელიუს ფაჯის სიბრიყვე
მაგიის მინისტრად რომ კორნელიუს ფაჯის მსგავსი რეგვენი გყავს, ესე იგი, შენს ქვეყანაში მაგიის საქმე ძალიან ცუდადაა. მისი შეცდომები, არაპროფესიონალიზმი, კორუმპირებულობა და უნიათობა უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს.
7. ეპილოგი
ეპილოგმა ჯერ კიდევ წიგნიდან გაგვიცრუა იმედები, ფილმმა კი გაგვიძლიერა. ამ ჯადოსნური თავგადასავლის, ბრძოლის, გულისტკივილისა და სიხარულის შემდეგ ავტორი ხელოვნურად დამტკბარ დასასრულს გვთავაზობს, რაც ყველას ისეთ განცდას გვიჩენს, თითქოს ის დაღლილია და უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. კონცეპტი – ჰარი თავის ოჯახთან ერთად პლატფორმა 9 3/4-ზეა და შვილებს ჰოგვორტსში აცილებს – წასაკითხად კიდევ ნორმალურია, მაგრამ ვიზუალურად ამის ხილვა სრულიად აუტანელი.
8. სამეულის უაზრო ხეტიალი სიკვდილის საჩუქრებში
წიგნშიც და ფილმშიც ამ ყველაფერს საკმარისზე დიდი დრო ეთმობა – ჰარი, ჰერმიონი და რონი ტყე-ტყე დახეტიალობენ და ფაქტობრივად ვერაფერს აკეთებენ. გაცილებით მოკლედ შეიძლებოდა ამ ყველაფრის მოყოლა.
9. გარდაცვალების დღის წვეულება
თითქმის უთავო ნიკის გარდაცვალების დღის წვეულება წიგნში საკმაოდ სახალისოა, თუმცა მაყურებელი ამჯობინებს, ეს მონაკვეთი ფილმში საერთოდ არ იყოს. ის თითქოს ნაძალადევია და რაღაც სიცარიელის ხეოვნურად შესავსებ ელემენტს წააგავს.
10. ქვიდიჩი წესების გარეშე
ქვიდიჩი ჩვენი უსაყვარლესი სპორტის სახეობაა თავისი ოთხგვარი ბურთით, უხეშობით, დაკარგული მსაჯებით და თვეების განმავლობაში გაგრძელებული მატჩებით (ვისაც აქამდე არ წაგიკითხავთ, აუცილებლად გაეცანით როულინგის წიგნს ქვიდიჩზე: “ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია”) მაგრამ ფილმებმა ეს თამაში, უბრალოდ გაანადგურა. ეკრანიზაციებში არავინ უსმენს მსაჯის სასტვენს, მსაჯსაც ავიწყდება, რომ ბოლოს და ბოლოს ურჩები შეიძლება ჯადოსნობით დაიმორჩილოს, დაქრიან მაყურებლებში და გამეტებით ურტყამენ ერთმანეთს. მოკლედ, ყველა, ვისაც არ ეზარება, ამ მეტად სერიოზული და პატივსაცემი თამაშის წესებს არღვევს. ყველა ნამდვილი პოტერჰედი გაბრაზდება ამაზე.
11. დობი ყველაფრის გამოსწორებას ცდილობს, მაგრამ ყველაფერს აფუჭებს
აღიარეთ – ხომ ძალიან ნერვების მომშლელია დობის გამოჩენისა და მოლივლივე ტორტის ინციდენტი, რომელმაც ჰარის პრობლემები შეუქმნა? გარდა ამისა, მან პლატფორმა 9 3/4-ის შესასვლელის დაბლოკვით ჰარის და რონის არამარტო ჰოგვორტსის სტუდენტობა, არამედ სიცოცხლეც სერიოზულ საფრთხეში ჩააგდო.
12. ოკლუმენციის უგულებელყოფა
ფენიქსის ორდენიდან ვიგებთ, რომ ოკლუმენცია ერთგვარი ჯადოქრული ტელეპათიაა. თუმცა მას ჯადოქრები აიგნორებენ და ამ უნარის განვითარებას სულაც არ ცდილობენ. ვოლდემორი წარმატებით იყენებს ოკლუმენციას და ჰარის იმასაც კი აჯერებს, რომ სირიუსი ჰყავს დატყვევებული, მაგრამ სნეიპის გარდა დამბლდორის გუნდში ვერავინ მოინახა, ვინც ჰარის ამ უნარის განვითარებას სათანადო ყურადღებას მიაქცევდა – თავად ჰარისაც ხომ შეეძლო ვოლდემორის ფიქრებში შეღწევა! სნეიპი კი ჰარის იმდენად ვერ იტანდა, რომ მისი დაცვის პირობამაც ვერ აიძულა, ოკლუმენციის გაკვეთილები პრაგმატულად ჩაეტარებინა და ჰარი არ გაეღიზიანებინა, რაც მას გონების გასუფთავებასა და ოკლუმენციის ხელოვნების დაუფლებაში ხელს უშლიდა.
13. “დაწყევლილი ბავშვი”
ჰარი პოტერის ისტორიის გაგრძელებას, რომელსაც ჰარის, დრაკოს, რონისა და ჰერმიონის შვილების ჰოგვორტსული ამბები უნდა მოეთხრო, მილიონობით პოტერომანი ელოდა, შედეგმა კი ყველა გააოცა და მეტიც, გააბრაზა. პიესა “დაწყევლილი ბავშვი” თეატრში დაიდგა, წიგნად კი მოგვიანებით, ასევე პიესის სახით გამოვიდა. ამბავი, რომელიც დროის მდევრის არამიზნობრივ გამოყენების გარშემო ვითარდება, ზედაპირული, აბურდული და ნაძალადევია. ნაცნობი პერსონაჟები – ხელოვნური, კარიკატურული და ყალბად იუმორისტული. ახალი გმირები კი – ვოლდემორის საიდუმლოებით მოცული ქალიშვილი, სკორპიუს მალფოი, გაბოროტებული სედრიკ დიგორი და სხვები იმდენად უღიმღამოები არიან, რომ თავმოყვარე ფანფიქშენი მათ არც კი მიიწერდა.
14. როცა “ნახევარპრინცი” სასკოლო დრამაში გადაიზრდება
ჰარი პოტერის სერიის ერთ-ერთი საუკეთესო ელემენტი მეტაფორული თხრობაა, ანუ ჯადოსნურ გარემოში გადატანილი ადამიანური პრობლემები, რომლებიც ყველას აწუხებს, განსაკუთრებით კი თინეიჯერულ ასაკში, ვინაიდან მთავარი გმირები თინეიჯერები არიან. მაგალითად, ტომ რიდლის დღიური მეტაფორულად გამოხატავს, თუ რა იოლად შეიძლება მიწერ-მოწერის გაბმითა და ნდობის მოპოვებით თინეიჯერი გოგონას გრძნობებით მანიპულირება; ჰარის მთელი ისტორია კი უმშობლებოდ გაზრდილი ბავშვის შიშს ასახავს ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე. მაგრამ როცა საქმე რომანტიკულ დრამაზე მიდგება, ყველაფერი ხელოვნური და მოსაწყენი ხდება. ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი ამ მხრივ გამორჩეულია. შინაარსის ნახევარი ჰერმიონისა და რონის, ჰარისა და ჯინის გაუმხელელ გრძნობებსა და სასიყვარულო პერიპეტიებს მიაქვს, რაც მშვენიერ სიუჟეტს დიდ დარტყმას აყენებს.
15. დროის მდევრის აბსურდულობა
ჯადოსნობა დიდებული რამეა და მისი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა დროის მანქანა, რომელიც ხელისგულზე გეტევა. მაგრამ მოიცადეთ – არის კი ისეთი შესანიშნავი ნივთი, როგორც ეს ერთი შეხედვით გვეჩვენება? ნუთუ მართლა შეიძლება უდანაშაულო ადამიანები და არსებები ისე გადაარჩინო დასჯას, რომ არაფერი შეიცვალოს? წარსულში გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი ცვლის მომავალს (სწორედ ამ პარადოქსზეა დაფუძნებული “დაწყევლილი ბავშვის” სიუჟეტი). ამრიგად, მას მხოლოდ “სასიკეთო”, ჰერმიონის შემთხვევაში, სასწავლო დანიშნულებით იყენებენ. არადა, დაფიქრდით: ვინ ენდობა 13 წლის გოგონას, თუნდაც საუკეთესო მოსწავლეს, რომ წარსულში მომხდარი უსამართლობების გამოსწორებას არ ეცდება? მაგალითად, საუკეთესო მეგობრის მშობლების გაფრთხილებას ვოლდემორის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ… მოკლედ, დროის მდევარი მეტისმეტად საშიში ნივთია და მის მფლობელს ერთი უმნიშვნელო სვლითაც კი შეუძლია მომავლის შეცვლა. ეს კი იმას ნიშნავს, მის არსებობას აზრი არ აქვს.
პოტერომანებო, თქვენ რას დაამატებდით?