დისნეის გმირებმა ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვასწავლეს, მაგრამ რას იტყვით ანტიგმირებზე? ისინი უამრავ შეცდომას უშვებენ, რაც მთელ სამეფოებად, თავიანთ სიამაყედ და ხშირად სიცოცხლის ფასადაც უჯდებათ, მაგრამ როგორც იტყვიან, შეცდომები მოსულა. შეიძლება ისინი ჩადენილს სათანადოდ ვერ აანალიზებენ, მაგრამ ჩვენ მათ პატივმოყვარეობაზე, გონებამახვილობაზე, უსაზღვრო სიბოროტეზეც კი სათანადო ცხოვრებისეულ დასკვნებს ვაკეთებთ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვითვალისწინებთ. ამისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით!
მაშ ასე: წარმოგიდგენთ 15 ცხოვრებისეულ სიბრძნეს, რომელიც დისნეის ქარიზმატული ვილანებისგან ვისწავლეთ.
1. იცნობდე საკუთარ ძლიერ მხარეებს
“სანამ საქმეში გონებაა ჩარეული, ლომი ვარ, მაგრამ როცა საქმე უხეშ ძალაზე მიდგება, ჩემს ნაჭუჭში ყოფნას ვამჯობინებ, სანამ ქარიშხალი არ გადაივლის” – დიახ, სკარმა ყოველთვის იცის, როდის უნდა გამოვიდეს ასპარეზზე და როდის დაიმალოს. ეს დიდი ნიჭია.
2. ეცადე, საკუთარი და-ძმების მიმართ შური დასძლიო
რატომ და როგორ გახდა ჰანსი მოღალატე? მხოლოდ ის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამის თავი და თავი საკუთარი ძმების მიმართ შური იყო. არ მისცეთ “შუათანა ბავშვის სინდრომს” თქვენი ქმედებების მართვის საშუალება.
3. შეიძლება ზოგიერთს შენი ფლირტი არ სიამოვნებდეს
გასტონი ძალიან სიმპათიური მამაკაცია. მასზე ყველა გოგონა ეცემა, მაგრამ განა ეს მას უფლებას აძლევს, ბელს თავისი კომპანია ასე უხეშად მოახვიოს თავს? ქება-დიდება თავში არ უნდა აგივარდეს, სიტუაცია ყოველთვის ადეკვატურად უნდა შეაფასო და არ ჩათვალო, რომ ყველა ფეხქვეშ უნდა გეგებოდეს.
4. ყოველთვის გქონდეს გეგმა ბ (და გ)
ამას მალეფისენტი გვასწავლის: მიუხედავად იმისა, რომ ბოროტია, წინდახედული ნამდვილად არის. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მისი წყევლისგან ავრორა კი არ მოკვდებოდა, არამედ განუსაზღვრელი ვადით დაიძინებდა, ბოროტმა კუდიანმა სასახლე საშინელეკლებიანი ტყით შემოსაზღვრა; ხოლო როცა პრინცმა ფილიპმა ეს ეკალბარდები მაინც გადალახა, უშველებელ დრაკონად გადაიქცა. საბოლოოდ ის დამარცხდა, მაგრამ ფაქტი, რომ მან წინასწარვე რამდენიმე გეგმა დასახა, მისაბაძია.
5. კედლებსაც ყურები აქვთ – საკუთარ თავთან ლაპარაკიც კი სარისკოა!
შეიძლება პარანოიკულად ჟღერს, მაგრამ გაიხსენეთ, როგორ გამოაშკარავდა ურსულას გეგმა. მისი ჩანაფიქრი, მზეთუნახავი ვანესას სახით დაქორწინებულიყო პრინც ერიკზე და საბოლოოდ ჩაეგდო ხელში არიელი, ნამდვილად იდეალურად იყო დაგეგმილი. მაგრამ როცა ის სარკეში იყურებოდა და თავისი ამ გეგმის შესახებ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, მის რეალურ ანარეკლს არიელის მეგობარმა თოლიამ მოკრა თვალი და ყველაფერს მიხვდა. აქედან დასკვნა: ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინაც კი, როცა მარტო ვართ.
6. საკუთარი საქმე თავად უნდა გააკეთო
ბოროტმა დედინაცვალმა ფიფქიას მოკვლა მონადირეს დაავალა, მას კი გოგონა შეეცოდა და გაუშვა. თავისი ბოროტი გეგმა იდეალურად რომ აღესრულებინა, დედინაცვალს მოხუც კუდიანად გარდაქმნა და ფიფქიასთვის მოწამლული ვაშლის საკუთარი ხელით შეთავაზება მოუხდა. რასაკვირველია, ასეთი საშინელებების კეთება დაუშვებელია, მაგრამ დედინაცვლის მაგალითი გვარწმუნებს, რომ საკუთარი საქმე ჩვენივე გასაკეთებელია და არა სხვისი.
7. ქურქების სიყვარული ცუდი ტონია
101 დალმატინელის შემდეგ შეუძლებელია ცუდი თვალით არ შეხედო ნებისმიერს, ვინც ცხოველის ბეწვისგან დამზადებული ქურქებით იწონებს თავს. მართლაც, რა განსხვავებაა, ქურქი პატარა შავ-თეთრი ლეკვების ტყავისგან იქნება შეკერილი თუ ბაჭიების, ციყვების ან მელაკუდების ღუნღულა ბეწვისგან? უფრთხილდით რეალურ კრუელა დე ვილებს!
8. საკუთარ სურვილებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ
ძალაუფლებით დაბრმავებულმა ჯაფარმა ყოვლისშემძლე ჯინად ქცევა ინატრა, ის კი დაავიწყდა, რომ ჯინები ერთიციდა ლამპრის ტყვეები არიან. ასეა: კარგად უნდა დავფიქრდეთ, რას ვნატრობთ.
9. თუ შენი მტერი ნიანგმა შეჭამა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიანგი შენი მეგობარია
კაპიტანი კაუჭა ვენდის წყალში გადაგდებას ცდილობდა – ზღვაში, რომელშიც ის ნიანგი ცხოვრობდა, რომელმაც მას ოდესღაც მკლავი მოაჭამა. მაგრამ საბოლოოდ იგი თავად გახდა ნიანგის მსხვერპლი. ამრიგად: მტრის დასამარცხებლად არასდროს შეეკრათ მტერს!
10. საკუთარი შავი საქმე სხვებს არ დაავალო
პანი და პანიკი ჰადესის ერთგული მსახურები იყვნენ, მაგრამ მათ მიერ შესრულებულ დავალებებს ყოველთვის ჰქონდა ნაკლი. თუ დიადი მიზნის მიღწევა გსურთ, კეთილი ინებეთ და შავი სამუშაოც თავად შეასრულეთ.
11. ძალაუფლებამ არ უნდა დაგაბრმავოს
რადგან როგორც კი ეს მოხდება, ვინმეს მიმართ ერთხელ მაინც აუცილებლად წარმოთქვამთ გულების დედოფლის ამოჩემებულ ფრაზას: “თავი მოჰკვეთეთ!” თავის დაკარგვა კი არავის უნდა – მათ შორის არც თქვენ. არადა, ამ სიტყვების შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ თქვენს თავს შეექმნება)))
12. თამაში წესების გარეშე ცუდად სრულდება
როცა თამაში ყოველგვარ საზღვრებს გადადის და როცა ისინი, ვინც მოკავშირეები გეგონა, საწინააღმდეგო ბანაკში აღმოჩნდებიან, დროულად უნდა გაჩერდე, თორემ აუცილებლად მოტყუებული დარჩები.
13. თვითკონტროლი ყველაზე ღირებული თვისებაა
კონკიას დედინაცვალი თვითკონტროლის დიდოსტატია, არა? ვერ დავუკარგავთ.
14. საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზას არ გადაუხვიო
ჯონ სილვერი უსინდისო და მატყუარა მეკობრეა, მაგრამ რასაც ვერ დავუკარგავთ, ეს მისი ანგარიშიანობაა. “საჭე თავად უნდა აიღო ხელში და კურსს არ გადაუხვიო. მიზანი არ შეცვალო, მაშინაც კი, როცა ტალღები აქეთ-იქით გათამაშებს.” – ვერაფერს იტყვი, ბრძნული რჩევაა.
15. მოიპოვე გარშემომყოფთა ნდობა
“სარკეში ჩაიხედე – მე ძლიერ, სანდო, მშვენიერ ახალგაზრდა ქალს ვხედავ!” – ეუბნება დედა გოთელი რაპუნცელს. მან ზუსტად იცის, ვის რა, როდის და რამდენი უთხრას, რომ მოიპოვოს ნდობა, რაც ასე ძვირად ფასობს. მიბაძეთ მას!
და თქვენ რა გასწავლეს დისნეის ვილანებმა?