ახლახან გამოსული სერიალი ჰილ ჰაუსის მოჩვენება მაყურებელმა და კრიტიკამ ძალიან დადებითად მიიღო. მას “ბოლო დროის საუკეთესო ჰორორ შოუდ” მოიხსენიებენ. სერიალის მიმართ თვით სტივენ კინგმა არ დაიშურა კომპლიმენტები. თუმცა, როგორც ყველა პოპულარულმა შოუმ, მანაც დატოვა უამრავი კითხვა, რომელთა პასუხების გარკვევასაც მაყურებლები სხვადასხვა არხებით ცდილობენ.
ჰილ ჰაუსის მოჩვენება ჩვენთანაც პოპულარულია, შესაბამისად, საინტერესოა, თუ რა უპასუხო კითხვები დაუტოვა მან მაყურებლებს.
როგორც ვიცით, სერიალის სიუჟეტი ქრეინების ოჯახის წარსულისა და აწმყოს გარშემო ტრიალებს – ისინი მოჩვენებებით სავსე ძველ მამულში, ჰილ ჰაუსში ცხოვრობენ და სხვადასხვა აჩრდილის პირისპირ შეხვედრა უწევთ. ეს ძალიან საშიში და საინტერესო შოუ მაყურებლებში უამრავ ემოციას აღძრავს, მაგრამ მათ მიღმა რამდენიმე “ცარიელი ადგილია”. ესაა კითხვები, რომლებზეც სერიალში პასუხი არ გაცემულა. მაშ ასე:
1. რატომ მაინცდამაინც თეო? ვგულისხმობთ იმას, რომ ის ერთადერთი ქრეინია, რომელსაც განსაკუთრებული, ე.წ. “შეხების ძალა” აქვს.
ქრეინების ოჯახიდან მხოლოდ თეოს გააჩნია განსაკუთრებული ზებუნებრივი ძალა. საინტერესოა, რატომ არის მაინცდამაინც ის გამორჩეული? საიდან შეიძინა მან “შეხების ძალა”? ოჯახის წევრები ყურადღებას არ აქცევენ იმ ფაქტს, რომ თეოს ყოველთვის ხელთათმანი აცვია. მართალია ოლივიამ ერთხელ აღნიშნა, რომ “მგრძნობიარე” ოჯახის წევრები ჰყავთ, თუმცა თეოს ძალებზე არაფერი ვიცით.
2. პატარა თეო უცნაური მოვლენების შემსწრე გახდა, მაგრამ რატომ არაფერი თქვა ამის შესახებ?
ერთ მომენტში, რომელიც ბევრს შეიძლება გამორჩა, თეოს მომაკვდინებელი ჩაის საღამო ახსენდება – ჩონჩხი კედელზე, ჰიუ ხელს კრავს ოლივიას და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოზრდილს არაფერი უთქვამს ამის შესახებ. იქნებ თეოს გონებამ ეს უსიამოვნო მოგონება დაბლოკა და ახლა საერთოდ აღარ ახსოვს?
3. ოლივია და ნელი საკუთარი თავისით დაიხოცნენ თუ მათ სიკვდილში პოპის, ასევე ოლივიას ხელი ერია?
მაყურებელს ძალიან აინტერესებს, პოპიმ და ოლივიამ (ან მათმა აჩრდილებმა) დახოცეს თუ არა ნელი და ოლივია, თუ ამ უკანასკნელებმა სუიციდით დაასრულეს სიცოცხლე. ასეა თუ ისე, მათ სიკვდილში დამნაშავე ჰილ ჰაუსია.
4. რა საიდუმლო იმალება წითელ ოთახში?
სერიალში გვხვდება ძალიან ნიშანდობლივი ტვისტი წითელი ოთახის მრავალი დანიშნულების შესახებ. ის იყო საცეკვაო დარბაზი, სახლი ხეზე, კაბინეტი, სათამაშო ოთახი და ა.შ. ეს ყველაფერი მართლაც საინტერესოა, მაგრამ სინამდვილეში როგორ ხდება ეს? რანაირად არის თეო საცეკვაო დარბაზში, შირლი და ნელი კი კარის გაღებას ცდილობენ? როგორც ჩანს, ეს სახლი მართლაც ლაბირინთია, როგორც სერიალის დასაწყისის კადრებშია ნაჩვენები. და თეოს კიდევ ერთი უცნაურობა – როგორ მოახერხა მან ამ ოთახში სხვა მხრიდან შესვლა?
ეს ყველაფერი არაა: როგორც ჩანს, წითელ ოთახს თავად შეუძლია არამარტო სხვადასხვა, არამედ სახლის გარეთ მდებარე ოთახადაც იქცეს. მაგალითად, ლუკის სახლი ხეზე. ის ხომ სახლის გარეთ მდებარეობს, წყეული წითელი ოთახი კი ლუკის სახლის ოთახადაც ქცეულა. დაგბურძგლათ? ჩვენც…
5. რა კავშირი აქვს ობიან კედლებს მოჩვენებებთან?
როცა ჰიუ კედელზე შავ ობის სოკოს აღმოაჩენს, მაყურებელი ხვდება, რომ ეს ავის მომასწავებელია. წითელ ოთახში კი ობი მთელ კედლებზეა მოდებული. მაშასადამე, მივდივართ თეორიასთან, რომ ჰილ ჰაუსში ეს მოვლენა პირდაპირ უკავშირდება აჩრდილების გამოჩენას. მაგრამ კერძოდ, რაში გამოიხატება ეს კავშირი?
6. როგორ გადის დრო ამ შოუში?
ეპიზოდის, სახელად “კისერმოტეხილი ქალის” ცქერისას ვხვდებით, რომ ჰილ ჰაუსის სამყაროში დრო სხვაგვარად გადის. მაგალითად, ნელის აჩრდილი საკუთარ ბავშვობას წლების განმავლობაში დაჰყვება, ანუ მოზრილი ნელის აჩრდილს წარსულში გადასვლა შეუძლია.
7. ვინ დააწყო ნელის ღილები თვალებზე?
ეს სერიალის ამოუხსნელი და შემაძრწუნებელი მოვლენებიდან ერთ-ერთია. ქრეინების ბავშვები გარდაცვლილი ნელის თვალებზე ორ სხვადასხვანაირ ღილს ამჩნევენ, თუმცა ამ საიდუმლოს მეტად აღარ უღრმავდებიან. შოუს ბოლოსკენ ზოგიერთ აუხსნელ მოვლენას ნათელი ეფინება, თუმცა მათ შორის ეს ფაქტი არაა (ერთ-ერთი ფანვერსია: ეს შეიძლება ოლივიას აჩრდილმა ქნა, რადგან ის ეძახდა ნელის “ღილებს”).
8. რატომ არ მოქმედებს სახლში ბენზინი?
როგორც გახსოვთ, ლუკს ჰილ ჰაუსის დაწვა ძალიან გაუჭირდა. ბენზინის დასხმა და ზედ ანთებული ასანთის დაგდება ხანძრის გასაჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. რა ზებუნებრივი ძალა ეწინააღმდეგება ამ პროცესს?
9. ლუკი მოკვდა და შემდეგ ისევ გაცოცხლდა?
სეზონის ცრემლიან ფინალში ქრეინები ამაოდ ცდილობდნენ წითელ ოთახში მყოფი ლუკის გადარჩენას, მაგრამ როგორ აიხსნება გარდაცვლილი ლუკის თავისებურ “განსაწმენდელში” მოხვედრა და ნელის მიერ მისი კვლავ ცოცხალთა სამყაროში დაბრუნება? იქნებ არც მომკვდარა და მხოლოდ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო?
10. რა დაემართა მესაათე-მოჩვენებას?
მესაათე-მოჩვენება ქრეინების ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა მთელი შოუს განმავლობაში მასზე არაფერი ვიცით. როგორ მოკვდა? მისი წყევლა ამ საათის მარადიული შეკეთებაა?
11. კვლავ მოჩვენებების თემაზე: შირლის “ბარის ნაცნობი” სინამდვილეში მკვდარი ხომ არაა? ან იქნებ უბრალოდ ჰალუცინაცია იყო?
შირლიმ ეს ტიპი რამდენჯერმე დაინახა ბარში, სანამ გავიგებდით, რომ სწორედ ამ მამაკაცთან უღალატა ქმარს. შირლი მას ყოველთვის ერთსა და იმავე სამოსში ხედავს – ისევე როგორც ნელი ხედავდა კისერმოტეხილ ქალს ან ლუკი – ცილინდრიან კაცს. ანუ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისიც, დანარჩენებივით, მკვდარია. კიდევ ერთი ვერსიაა, რომ აღნიშნული მამაკაცი შირლის უბრალოდ ელანდება.
12. თუ აბიგაილი მკვდარია, როგორ ეკონტაქტებიან მას მისტერ და მისის დადლები?
როგორც სერიებიდან ვიგებთ, მისტერ და მისის დადლებს არ უნდათ სახლის დატოვება, რადგან ეს მათი გარდაცვლილი ქალიშვილის მიტოვებას ნიშნავს. მაგრამ რას ნიშნავს ეს? ნუთუ მათ ქალიშვილთან კონტაქტი შეუძლიათ? თუნდაც ღამით, როცა მოჩვენებები გამოდიან? როცა მისტერ დადლის გარდაცვლილი აბიგაილის სხეული უჭირავს, იქვე მოჩანს მისის დადლი, რომელსაც აბიგაილის მოჩვენებასთან ერთდ ხელჩაკიდებული მიდის. როგორც ხედავთ, ეს ამბავი ფრიად ჩახლართულია.
13. ჰილ ჰაუსში დაბრუნებული დადლები ღრმა მოხუცებულები არიან. ამ მომენტში მომავალია ნაჩვენები თუ ჰილ ჰაუსის დროის უცნაური მიმდინარეობის გამო ჰიუ ქრეინისგან განსხვავებულად ემატებათ ასაკი?
დასასრულისკენ ჩვენ ვხედავთ, როგორ ბრუნდებიან დადლები ჰილ ჰაუსში, სადაც სიკვდილს და გარდაცვლილ ქალიშვილთან შეხვედრას აპირებენ. გაუგებარია მათი ასაკი. გვახსენდება, რომ ჰიუ დაახლოებით მათი ასაკისაა, მაგრამ ჰიუ სულაც არ დაბერებულა. ამრიგად, მათი სიკვდილი მომავალში მოსახდენი მოვლენაა თუ ეს ფაქტი ჰილ ჰაუსის მისტიკურ დროს უნდა დავაბრალოთ?