მსახიობები გადაღებისას ხშირად აწყდებიან სხვადასხვა სახის პრობლემას. მაგალითად, რთული ტრიუკების შესრულება შეიძლება უხერხული ან ფიზიკური ტკივილის მომტანი აღმოჩნდეს მათთვის. მრავალი მსახიობი ამ პრობლემას თავს ადვილად ართმევს და პროფერიონალი კასკადიორის დახმარებას იყენებს. ან უბრალოდ ცდილობენ, თავი აარიდონ მძიმე სიტუაციაში ჩავარდნას. თუმცა არსებობენ უშიშარი მსახიობებიც. წარმოგიდგენთ 11 შემთხვევას ფილმებიდან, როცა მსახიობებმა საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად რეალური ემოციებითა და ხიფათით სავსე მომენტები შექმნეს.
ჩენინგ ტატუმი, მელიებზე მონადირე
ფილმ მელიებზე მონადირის გადაღებისას ტატუმს რაღაც უცნაური დაემართა. მსახიობი სარკეს თავით უნდა დასჯახებოდა. სარკე მსახიობის უსაფრთხოებისთვის დამცავი პლასტიკით იყო დაფარული, მაგრამ ჩენინგმა ემოციებს კონტროლი ვერ გაუწია: სარკეს 3-ჯერ მაგრად დასცხო თავი და სწორედ ამიტომ, სისხლი, რომელიც მას მოსდის, ყალბი არაა. ტატუმის თქმით, არც იცოდა, ამ დროს რა შეუჩნდა.
სილვესტერ სტალონე, პირველი სისხლი
ვიეტნამის ვეტერანი ჯონ რემბოს შესახებ გადაღებულ პირველ ფილმში სილვესტერ სტალონეს გმირი უშველებელ კლდეზე მიცოცავს, პოლიციელს რომ დააღწიოს თავი. ამის გაკეთება ნამდვილად ძნელი იყო, მაგრამ სტალონემ კასკადიორის დახმარება არ მოინდომა. და ეს 2 გატეხილ ნეკნად დაუჯდა – ის ცუდად ჩამოხტა, თუმცა სცენა ბოლომდე ითამაშა და მისმა ტკივილით სავსე ყვირილმა მომენტი ბევრად შთამბეჭდავი გახადა.
ლეონარდო დიკაპრიო, ჯანგო
ვერც დიკაპრიო გადარჩა ტრავმის გარეშე. ჯანგოს ერთ-ერთი ყველაზე მძფრი სცენისას გაცეცხლებული მონათმფლობელი ქენდი (ლეო) მაგიდას ხელს ურტყამს. მსახიობი როლში ძალიან შეიჭრა და შუშის ნივთი დაამსხვრია. აუტანელი ტკივილისა და მომდინარე სისხლის მიუხედავად მან თამაში გააგრძელა და თავისი ბრაზიანი მონოლოგი ბრწყინვალედ მიიყვანა ბოლომდე. გადაღების დასრულების შემდეგ მამაც დიკაპრიოს ნაკერები დასჭირდა.
ჯერარდ ბატლერი, ტალღების დამპყრობელი
პროფესიონალი სერფერის ცხოვრებაზე დაფუძნებული როლის შესრულება მსახიობს ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ფილმი უფრო რეალისტური რომ ყოფილიყო, კასკადიორის დახმარებაზე ბატლერმა უარი განაცხადა და უშველებელ ტალღებს თვითონ შეერკინა. მაგრამ ერთხელ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა: ძალიან დიდმა ტალღამ ბატლერს უბიძგა და სიღრმეში მოისროლა. ის რამდენჯერმე ჩაიძირა წყალქვეშ და ამოტივტივდა, სანამ დახრჩობას არ გადაარჩინეს.
ვიგო მორტენსენი, ბეჭდების მბრძანებელი
ბეჭდების მბრძანებლის მეორე ფილმის დრამატულ მომენტში, როცა გიმლი, ლეგოლასი და არაგორნი გადაწყვეტენ, რომ მერი და პიპინი მოკლეს, ვიგო მორტენსენი იმდენად შეიჭრა ემოციებში, რომ დანაკარგის სიმწარე ორკის მუზარადზე ფეხის ამორტყმით გამოხატა. შედეგად, მისი გამწარებული ყვირილი ფეხის თითების აუტანელი ტკივილის “დამსახურებაა”.
ჯეკი ჩანი, Rumble in the Bronx
ჯეკი ჩანი არამარტო ტრიუკების უკასკადიოროდ შესრულებითაა ცნობილი, არამედ თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მიღებული ტრავმების სიმრავლითაც. საბრძლო ხელოვნებების ოსტატს ყოველთვის ყველაფერი იდეალურად როდი გამოსდის. მაგალითად, ფილმში, Rumble in the Bronx მსახიობი ხიდიდან ხტება. უხერხული ნახტომის შემდეგ მსახიობმა მუხლი გაიტეხა, მაგრამ აუტანელი ტკივილის მიუხედავად, გადაღება გააგრძელა და ბოლომდეც მიიყვანა.
მაიკლ ჯ. ფოქსი, უკან მომავალში 3
უკან მომავალში 3-ის გადაღებისას შემდეგი ინციდენტი მოხდა: მაიკლის გმირი უნდა ჩამოეხრჩოთ. რეპეტიციებზე ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ გადაღებისას მსახიობს თოკი ძალიან მჭიდროდ მოეჭირა ყელზე და რამდენიმე წამის განმავლობაში მაიკლი მართლა ყელით ეკიდა. საბედნიეროდ, იგი დახრჩობას გადაარჩინეს.
ლივ ტაილერი, ვნების ფასი
ვნების ფასი ლივ ტაილერის საუკეთესო ფილმებში ნამდვილად არ მოიხსენიებს, მაგრამ ის ყველაზე სახიფათო აღმოჩნდა მსახიობისთვის. სიუჟეტის მიხედვით, მთავარ გმირ შანას სასტუმროს ოთახში ფანატიკოსი ქმარი კეტავს. ფილმის შემქმნელებს ამ სცენის გადასაღებად ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ და ბევრ დუბლს ვერ იღებდნენ, ამიტომ საბრალო ლივს რეალურად უწევდა წამების სცენების თამაში.
შია ლაბაფი, რისხვა
შია ლაბაფი ნიჭითა და არაორდინალური ქცევით გამორჩეული მსახიობია. სამხედრო დრამის, რისხვის გადაღებისას შიამ გადაწყვიტა, რომ იარები, რომლებიც ვიზაჟისტებმა მიახატეს, საკმარისი არ იყო და მეტი ბუნებრიობისთვის კბილი ამოიღო, შემდეგ მეორეც მიაყოლა. ალბათ სწორედ ამიტომ ბრედ პიტმა მას ახალგაზრდა მსახიობებს შორის უდიდესი ტალანტი უწოდა.
დენიელ დეი-ლუისი, ნავთობი
კოლეგები ხუმრობენ, თუ დენიელმა ნეკნები არ ჩაიმტვრია, ფილმი წარმატებული არ იქნებაო. ნავთობსაც არ გაუცრუებია მათთვის ამ მხრივ იმედი – სიუჟეტის მიხედვით, ბიზნესმენი, რომლის როლსაც დეი-ლუისი ასრულებს, 15 მეტრის სიღრმის მაღაროში ძვრება. მსახიობმა, რასაკვირველია, ამ სცენის გადაღებისას ნეკნები წარმატებით დაიმტვრია.
შარლიზ თერონი, ფიფქია და მონადირე
ბოროტი დედოფლის როლის შესრულებისას, თავისი პერსონაჟის რისხვისა და სიბნელის გამოსახატად მსახიობი ვიწრო, შემაწუხებელ კაბებს იცვამდა, ატარებდა მძიმე სამკაულებს. ერთხელ კი, როცა ხმამაღლა უნდა ეყვირა, მუცლის კუნთები დაიზიანა. აი, სწორედ ესაა ბოროტი დედოფალი!