შოტლანდიელმა მსახიობმა იუენ მაკგრეგორმა თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში ბევრი საინტერესო პერსონაჟი განასახიერა. ნიჭიერი მსახიობის ფილმოგრაფია მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ის მონაწილეობდა როგორც დაბალბიუჯეტიან და დამოუკიდებელ ფილმებში, ასევე ბლოკბასტერებსა და მიუზიკლებში. ცნობილია, რომ მაკგრეგორს ეკრანს მიღმაც მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება აქვს.
სინემანია წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს ქველმოქმედი, ბაიკერი და თავგადასავლების მოყვარული მსახიობის, იუენ მაკგრეგორის შესახებ:
1.იუენ მაკგრეგორმა მსახიობობა საკმაოდ ადრეულ ასაკში გადაწყვიტა. ამ პროფესიისადმი მისი სიყვარული იმდენად აშკარა იყო, რომ მშობლებიც და ოჯახის სხვა წევრები ყველანაირად გვერდში დაუდგნენ და სულ რაღაც 16 წლის ასაკში ის თეატრის მსახიობი გახდა.
2. იუენ მაკგრეგორმა მსახიობის პროფესია ლონდონის სამსახიობო სკოლაში შეისწავლა, სადაც მისი ოთახის თანამობინადრე ასევე ბრიტანელი მსახიობი ჯუდ ლოუ იყო. ისინი დღემდე საუკეთესო მეგობრები არიან.

3. იუენ მაკგრეგორისთვის საკუთარი მოტოციკლეტით სეირნობა განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ამ ტრანსპორტისადმი მისი სიყვარული ამით არ მთავრდება: 2004 წელს, მსახიობმა გადაწყვიტა, რომ ასევე მსახიობ მეგობართან – ჩარლი ბორმენთან ერთად მოტოციკლით მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წასულიყო და ასეც მოიქცა. 114 დღის განმავლობაში მათ ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ნაწილი მოიარეს.
4. იუენ მაკგრეგორისთვის ოჯახთან სიახლოვე და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მსახიობი მათ გარეშე დიდი ხნით არსად მიდის და რაც მთავარია, როდესაც გადაღებები მისი სახლისგან შორს მიმდინარეობს, ოჯახი ყოველთვის თან მიჰყავს.
5. როდესაც იუენ მაკგრეგორი დენი ბოილის ფილმში ჩხერკეთელაობა რენტონის როლზე დაამტკიცეს, მსახიობმა მაშინვე დაიწყო ჰეროინისა და კოკაინის შესახებ წიგნების კითხვა და ამ ნარკოტიკების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მოძიება. უფრო მეტიც, პერსონაჟის სრულყოფისთვის მსახიობი სარეაბილიტაციო კლინიკებში ყოფილ ნარკოდამოკიდებულებსაც სტუმრობდა.

6. იუენ მაკგრეგორი აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში და როგორც UNICEF-ის ელჩი, არაერთ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობს. მსახიობი თავის მოტოციკლეტს შიგადაშიგ საქველმოქმედო მიზნითაც კი იყენებს. ასე მოხდა მაგალითად, 2012 წელს, როდესაც მან ინდოეთის, ნეპალისა და კონგოს მიუდგომელი ტერიტორიები თავისი მოტოციკლეტით მოიარა და მოსახლეობას ვაქცინები დაურიგა.
7. მიუხედავად იმისა, რომ იუენ მაკგრეგორი თავისი პროფესიული არჩევანით კმაყოფილია და მსახიობის ამპლუაში თავს შესანიშნავად გრძნობს, მას კინორეჟისურაც აინტერესებს. 2016 წელს, მსახიობმა დიდი ხნის ოცნება აიხდინა და თავისი სადებიუტო ნამუშევარი ამერიკული პასტორალი გადაიღო, სადაც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს თავად თამაშობს.
8. იუენ მაკგრეგორი სხვადასხვა ჟურნალისა და გამომცემლის მიერ წარმოებულ გამოკითხვებში არაერთხელ მოხვედრილა ყველა დროის საუკეთესო ბრიტანელ მსახიობებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული, ის ოსკარზე არასდროს ყოფილა ნომინირებული.

9. იუენ მაკგრეგორი მუსიკის დიდი მოყვარულია. თუმცა, ეს სიყვარული მხოლოდ მისი მელომანობით სულაც არ შემოიფარგლება. მსახიობმა გიტარაზე დაკვრაც შეისწავლა და რამდენიმე სიმღერაც კი დაწერა.
10. 2018 წელს, იუენ მაკგრეგორმა პირველად მოიპოვა ოქროს გლობუსი. მსახიობმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო სერიალში – ფარგო ბრწყინვალედ შესრულებული როლისთვის მიიღო.
მოამზადა ნინო დოლიაშვილმა
წყარო: factinate.com; imdb.com