დრიუ ბერიმორი სულ რაღაც ხუთი წლის იყო, როდესაც პირველად გამოჩნდა ეკრანებზე. შვიდი წლის ასაკში კი, პატარა გოგონა საერთაშორისო ვარსკვლავი გახდა. 1982 წელს, სტივენ სპილბერგმა მისი მონაწილეობით ყველასათვის საყვარელი და დღეს უკვე კლასიკად ქცეული სამეცნიერო ფანტასტიკა – უცხოპლანეტელი გადაიღო. დრიუ ბერიმორი დროის უმეტეს ნაწილს გადასაღებ მოედანზე ატარებდა. ნიჭიერ გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა და თინეიჯერი დრიუს ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დადგა. მსახიობი ეკრანს ჩამოშორდა და ამის მიზეზი მისი ალკოჰოლიზმი და ნარკოდამოკიდებულება იყო. საბედნიეროდ, მან პრობლემების დაძლევა მოახერხა და ნელ-ნელა თავის პროფესიულ საქმიანობასაც დაუბრუნდა.
სინემანია წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს დრიუ ბერიმორის შესახებ:
1.გარდა იმისა, რომ დრიუ ბერიმორი ერთდროულად მსახიობიც არის და პროდიუსერიც, ასევე მწერლობით და ფოტოგრაფიითაა გატაცებული. მან თავისი პირველი წიგნი 14 წლის ასაკში დაწერა, უკანასკნელი ნამუშევარი კი, სულ ახლახანს გამოაქვეყნა. მსახიობმა თავისი ფოტოების კრებულიც გამოსცა წიგნად. ჟურნალისტები ხშირად ხუმრობენ, რომ თითქმის არ არსებობს პროფესია, რომელსაც დრიუ ბერიმორი ვერ შეისწავლის.

2. უცხოპლანეტელის გადაღებების პერიოდში პატარა დრიუს ხანდახან ტექსტი ავიწყდებოდა, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე, ეს ბუნებრივიც იყო. ერთ დღესაც, როდესაც ზედიზედ რამდენიმეჯერ გააფუჭა დუბლი, სტივენ სპილბერგი ძალიან გაბრაზდა და გოგონას ხმამაღლა დაუყვირა. ბერიმორი ატირდა, რადგან ძალიან მაღალი სიცხე ჰქონდა და ფილმზე მუშაობა იმიტომ უჭირდა. როგორც კი სპილბერგმა სიმართლე შეიტყო, გოგონას მოუბოდიშა, მოეფერა და სახლში გაუშვა.
3. დრიუ ბერიმორს სკოლა არ დაუმთავრებია. ეს ფაქტი აღარ გაგვიკვირდება, თუ გავიხსენებთ, რომ მსახიობი 13 წლის ასაკში უკვე ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, ხოლო 14 წლისა სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა.
4. 2003 წელს დრიუ ბერიმორმა ჟურნალ Contact Music-თან ინტერვიუს დროს აღიარა, რომ ქალები ყოველთვის იზიდავდა და საკუთარ თავს ბისექსუალად თვლის. მან ჟურნალისტებს ისიც გაუმხილა, რომ ახალგაზრდობაში რამდენიმე გოგონასაც ხვდებოდა.

5. დრიუ ბერიმორი სულ რაღაც 9 წლის იყო, როდესაც პირველად მიიღო ალკოჰოლი. ეს შემთხვევა რობ ლოუს დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა, სადაც მსახიობი დედასთან ერთად იმყოფებოდა. გოგონა შოუ-ბიზნესის წრეში იზრდებოდა და სხვადასხვა წვეულებებსა და ღონისძიებებზე ხშირად ხვდებოდა, მითუმეტეს, რომ დედა ყველგან თან დაატარებდა. დრიუ ბერიმორს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიმართ ინტერესიც სწორედ მაშინ გაუჩნდა.
6. ცნობილია, რომ დრიუ ბერიმორი დიდი მელომანია და როგორც თავად ამბობს, რთული პერიოდის დროს მუსიკის მოსმენა ძალიან ეხმარება. მისი საყვარელი მუსიკალური ჯგუფებია: The Beatles, Coldplay, Daft Puck და The Strokes. ამ უკანასკნელის დრამერთან კი, ბერიმორს რამდენიმე წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.

7. დრიუ ბერიმორი და კამერონ დიაზი დიდი ხნის მეგობრები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, ჩარლის ანგელოზების გადასაღებ მოედანზე უფრო მეტად დაახლოვდნენ და მას შემდეგ საუკეთესო ურთიერთობა აქვთ.
8. 2009 წელს დრიუ ბერიმორმა ბევრი მსახიობის ოცნება აიხდინა და საზოგადოებას წარუდგინა თავისი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სრულმეტრაჟიანი რეჟისორული ნამუშევარი – გასრიალდი. ფილმი ტეხასელი თინეიჯერი გოგონას ცხოვრებაზე გვიყვება და მთავარ როლს ელენ პეიჯი თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს დიდი წარმატება არ მოჰყოლია, დრიუ ბერიმორმა ყველას დაუმტკიცა, რომ კამერის უკან დგომაც შეუძლია.

9. სტივენ სპილბერგი დრიუ ბერიმორის ნათლიაა და მათ მამაშვილური ურთიერთობა აქვთ. 1999 წელს, როდესაც ბერიმორმა ჟურნალ Playboy-ის შიშველ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სპილბერგმა მისი ფოტო ჟურნალიდან ამოჭრა, ფოტოშოფის საშუალებით შიშველი სხეული ტანსაცმლით დაუფარა და მსახიობს გაუგზავნა წარწერით: “ჩაიცვი!”
10. 1997 წელს, დრიუ ბერიმორი ჟურნალმა People პლანეტის ყველაზე ლამაზი 50 ადამიანის სიაში შეიყვანა.
მოამზადა ნინო დოლიაშვილმა
წყარო: ohfact.com; therichest.com