25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე კვენტინ ტარანტინოს უკვე კლასიკად ქცეული ფილმი, მაკულატურა გამოვიდა.
კომედიური ელფერის მქონე კრიმინალური თრილერი საინტერესო სიუჟეტის გარდა, ძალიან ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილისაგანაც შედგება. ჩვენ კი 10 მათგანს, რა თქმა უნდა, იუმორის თანხლებით, სიამოვნებით გიზიარებთ:
1. გამგზავრებამდე ჩამოწერეთ სია
ოდესმე წასულხართ დასასვენებლად და მხოლოდ ჩასვლის შემდეგ აღმოგიჩენიათ, რომ წინდები, კბილის პასტა ან, თუნდაც, ძვირფასი მაჯის საათი, რომელიც მამისგან გერგოთ, შინ დაგრჩათ? დაგვეთანხმებით, რომ საშინელებაა… ამიტომ, გამგზავრებამდე აუცილებლად შეადგინეთ წასაღები ნივთების სია. თანაც, ბონუსად, თქვენს მეორე ნახევართან ჩხუბსაც აიცილებთ თავიდან.
2. ნუ დაპატიჟებთ თქვენი ბოსის ცოლს სადილად მის გარეშე
და თუ ეს მაინც მოგიწევთ, გაითვალისწინეთ, რომ ჰეროინით სავსე ჩანთა საგულდაგულოდ დამალოთ… რადგან, შესაძლოა, მას ის უბრალოდ შაქრის შემცვლელი ეგონოს.
3. მტრის მანქანით გატანა თქვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებს
შესაძლოა, ამით უბრალოდ ცოტა ხნით გადაავადოთ ის, რაც, საბოლოო ჯამში, გარდაუვალია… თანაც, ეს თქვენი დაზღვევის ხარჯებს აუცილებლად გაზრდის.
4. ხუმრობა დაძაბულობის განმუხტვის საუკეთესო გზაა
თუ მომაკვდავ ადამიანს გულში ადრენალინის ნემსი ჩაარჭეთ და ძალიან დაძაბული ხართ, მისი ხუმრობა ხასიათს აუცილებლად გამოგიკეთებთ:
დედა პომიდორი, მამა პომიდორი და შვილი პომიდორი ქუჩაში მისეირნობენ. შვილი პომიდორი მშობლებს ჩამორჩა, მამა კი ძალიან გაბრაზდა, უკან მიბრუნდა და შვილი გაჭყლიტა. შემდეგ კი უთხრა – აბა, დაგვეწიე, კეჩუპო!
5. ყოველთვის თან ატარეთ სველი ხელსახოცები
ის აუცილებლად გამოგადგებათ უსიამოვნო შემთხვევების დროს – მაგალითად, თუ მანქანაში რაიმე დაგექცათ ან, სულაც, იქაურობა სისხლით არის მოსვრილი.
6. ნუ გამოხვალთ სახლიდან ცუდი შიდა თეთრეულით
რადგან, არასოდეს ვიცით, თუ ვის მოუწევს ჩვენი ტანსაცმლის გარეშე ნახვა!
7. სანამ ახალ ადგილს ეწვევით, წაიკითხეთ სხვების შეფასებები
შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ იქ დროს არაჩვეულებრივად გაატარებთ, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ მეპატრონეებმა დაგაბან, ჩაგკეტონ, პირში ბურთები ჩაგიტენონ და, მოკლედ, თავბედი გაწყევლინონ!
8. აარჩიეთ თქვენი პიროვნულობის შესაფერისი აქსესუარები
თვითგამოხატვა მნიშვნელოვანია!
9. თქვენი სამურაის ხმალი საიმედო ადგილას შეინახეთ
წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ მას ბავშვი იპოვის… ან, სულაც, ბრიუს უილისი.
10. ცივი გონებით იმოქმედეთ!
იოლანდა, ჩვენ ახლა ესკიმოებივით ვიმოქმედებთ… იცი, როგორია ესკიმო? მართალია, ის ცივია და ახლა ჩვენც მათსავით მოვიქცევით!
ასე რომ, წყნარად, ბაჭიებო, წყნარად!