გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 850 წლიანი ისტორიის მქონე შენობის დიდი ნაწილი განადგურდა. საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლო ისეთი ვეღარასდროს იქნება, როგორიც ადრე. ჩვენ კი ამ სტატიაში გავიხსენებთ ფილმებს, სადაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, მთელი თავისი დიდებულებით ჩანს….
კუზიანი ნოტრ-დამიდან
მიუხედავად იმისა, რომ 1939 წელს გამოსული ფილმის ძირითადი სცენები ჰოლივუდის პავილიონებშია გადაღებული, სურათში არაერთხელ ვხედავთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს. ვიქტორ ჰიუგოს რომანის ერთ-ერთ საუკეთესო ეკრანიზაციაში კვაზიმოდოს ჩარლზ ლოუტონი ანსახიერებს.
ამერიკელი პარიზში
ვინსენტ მინელის მიუზიკლში ჯინ კელისა და ლესლი კერონის პერსონაჟები, სენის სანაპიროზე კათედრალური ტაძრის წინ ხვდებიან და ჯორჯ გერშვინის “Our Love Is Here To Stay”-ს სიმღერას იწყებენ.
უკანასკნელ ამოსუნთქვაზე
ჟან-ლუკ გოდარის ახალი ტალღის კლასიკად ქცეულ ფილმში, ჯინ სიბერგის პერსონაჟი ნოტრ-დამის ახლომდებარე სასტუმროში ცხოვრობს, სწორედ აქ ხვდება ის ჟან-პოლ ბელმონდოს გმირს.
შარადა
სტენლი დონენის ფილმში ოდრი ჰეპბერნისა და ქერი გრანტის გმირები მკვლელის ვინაობის შესახებ სწორედ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფონზე მსჯელობენ.
მწარე მთვარე
რომან პოლანსკის რომანტიული დრამის მთავარი გმირები ნოტრ-დამის წინ სკამზე სხედან.
ამელი
ამელი პულენი ყოველწლიურად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დედასთან ერთად დადის და ღმერთს პატარა ძამიკოს სთხოვს. სწორედ ამ ტაძრიდან გადმომხტარი ტურისტი დატოვებს მშობლის გარეშე ფილმის მთავარ გმირს.
ვან ჰელსინგი
მონსტრებზე მონადირე ვან ჰელსინგი ნოტრ-დამის სახურავიდან გადმოაგდებს მისტერ ჰაიდს.
მზის ჩასვლამდე
ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში მრავალ კინომოყვარულს სწორედ ეს ფილმი გაახსენდა, რომელშიც ჟიული დელპის პერსონაჟი საბედისწერო წინასწარმეტყველებას აკეთებს: “ერთ დღეს ნოტრ-დამი აღარ იქნება”
სამი მუშკეტერი
დიუმას რომანის საკმაოდ ცუდ ადაპტაციაში დარტანიანისა და როშფორის დუელი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავზე მიმდინარეობს.
შუაღამე პარიზში
ოუენ უილსონის პერსონაჟი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფონზე გიდს პაბლო პიკასოს წერილის თარგმნას სთხოვს.