წელს ბევრისთვის უსაყვარლეს რომანტიკულ კომედიას, ნორა ეფრონისა და რობ რეინერის სურათს როდესაც ჰარი შეხვდა სალის 30 წელი უსრულდება. 1989 წელს გამოსული რომკომი დიდი ხანია ჟანრის კლასიკად მიიჩნევა, მისი მთავარი გმირები – ჰარი (ბილი კრისტალი) და სალი (მეგ რაიანი) – ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რომანტიკულ კინოწყვილად.
თუ კლასიკური რომკომების ერთგული ფანები ხართ, მაშ, ერთად გავიხსენოთ ჰარისა და სალის ისტორია. წარმოგიდგენთ 10 ფაქტს, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება ფილმის გამოსვლიდან 30 წლის თავზეც კი არ იცოდით.
1. ჰარისა და სალის პერსონაჟები რეჟისორ რობ რეინერისა და სცენარისტ ნორა ეფრონის პროტოტიპები არიან (თუმცა შეყვარებულობის გამოკლებით)
რეინერი 1981 წელს თავის კოლეგასა და გერლფრენდს, პენი მარშალს 10-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. 80-იანი წლების შუახანებში მან ნორა ეფრონი გაიცნო. ხელოვანებმა ერთობლივად ახალი ფილმების უამრავი იდეა განიხილეს, მათ შორის იყო რომკომი, რომელიც რეინერის პირად სასიყვარულო გამოცდილებებს დაეყრდნობოდა. ეფრონი დათანხმდა, რეინერის ექსკლუზიური ინტერვიუებიდან გამომდინარე, სასიყვარულო ფილმის სცენარი დაეწერა. ორი შემოქმედი დიდხანს კამათობდა იმის თაობაზე, თუ რა განსხვავებული ხედვა აქვთ მამაკაცებსა და ქალებს სექსის, სიყვარულისა და ზოგადად ურთიერთობების მიმართ.
2. თბილი და გულისამაჩუყებელი “როგორ შევხვდით ერთმანეთს” ჩანართები ნამდვილი სიყვარულის ისტორიებია
ფილმის გადაღებების დაწყებამდე რეინერმა ასაკოვან წყვილებს ინტერვიუები ჩამოართვა და თავიანთი გაცნობისა და სიყვარულის ისტორიები მოაყოლა. ამის შემდეგ მან საგანგებოდ აიყვანა მსახიობები, რათა ეს ამბები კამერის წინ მოეყოლათ, ეს მასალა კი ფილმში ერთგვარ ინტერლუდიებად ჩართო.
3. ნორა ეფრონს ფილმის სათაური არ მოსწონდა
ეფრონს ძალიან გაუჭირდა საკუთარი სცენარისთვის სახელის დარქმევა, მაგრამ განსაკუთრებით არ მოსწონდა “როდესაც ჰარი შეხვდა სალის”. მას რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მათ შორის: “ბიჭი ხვდება გოგოს”, “როგორ შეხვდნენ ისინი” და “ჰარი, ეს სალია”. სათაურზე ზრუნვა საბოლოოდ რეინერმა და რამდენიმე ვარიანტიდან ქასთის წევრებს ამორჩევა სთხოვა. სწორედ ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული სათაური შეარჩიეს ფილმისთვის – როდესაც ჰარი შეხვდა სალის.
4. სცენარის თავდაპირველ ვარიანტში ჰარი და სალი ერთად არ რჩებოდნენ
ეფრონის აზრით, ჯობდა ფილმს “უფრო რეალისტური” დასასრული ჰქონოდა, მაგრამ რომკომები შესაბამის ჰეფიენდს მოითხოვს.
5. ფილმის დამთავრების შემდეგ სიყვარული რეჟისორსაც ეწვია
ფილმის გადაღებისას რეჟისორმა ფოტოგრაფი მიშელ სინგერი გაიცნო და მათ ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ. წყვილი 1989 – ფილმის პრემიერის წელს დაქორწინდა. რეინერის განმარტებით, მან საკუთარი ჰეფიენდი იპოვა, რამაც კიდევ უფრო დაარწმუნა იმაში, რომ ჰარისა და სალის ამბის ბედნიერი დასასრული სრულებით რეალისტურია.
6. ბილი კრისტალი და მეგ რაიანი მთავარ როლებზე პირველი არჩევანი არ ყოფილა
თავდაპირველად ჰარის როლზე უარი განაცხადა ალბერტ ბრუკსმა, რადგან მისი აზრით, ფილმი ვუდი ალენის გადამღერება იყო (სხვათა შორის, მან ასევე უარი თქვა მთავარ როლებზე ფილმებში – დიდი და ლამაზმანი). ქალის მთავარ როლზე კი რობ რეინერი TV show L.A. Law-ს ვარსკვლავ სიუზენ დეის მოიაზრებდა. გარდა ამისა, განიხილავდა ელიზაბეთ პერკინსის (დიდი) და ელიზაბეთ მაკგოვერნის (Ordinary People) კანდიდატურებსაც. ჰარის როლზე თითქმის დაამტკიცეს ჯონ ჰიუზი, მაგრამ გრაფიკის შეუთავსებლობის გამო ამ უკანასკნელმა ფილმზე მუშაობა ვეღარ მოახერხა.
7. თეატრალური ადაპტაცია
2004 წელს უკვე პოპულარული ფილმის ადაპტაცია ლონდონის ვესტ-ენდის თეატრის სცენაზე დაიდგა, თუმცა მას დიდი წარმატება არ მოჰყოლია. პრემიერაში ლიუკ პერი და ელისონ ჰანიგანი მონაწილეობდნენ, შემდეგ კი ისინი მაიკლ ლენდსმა და მოლი რინგვალდმა ჩაანაცვლეს.
8. მეგ რაიანმა სალის როლის არჩევით ჯულია რობერტს დაუთმო ასპარეზი
მეგ რაიანის პირველი მთავარი როლი შეიძლებოდა ყოფილიყო შელბი ფილმიდან ფოლადის მაგნოლიები, მაგრამ მსახიობმა სალის როლი აირჩია. მეგის ადგილი იმ დროის კიდევ ერთმა ამომავალმა ვარსკვლავმა, ჯულია რობერტსმა დაიკავა, ამის შემდეგ კი ჯულიამ ლამაზმანში ითამაშა – მორიგი როლი, რომელზეც მეგ რაიანმა უარი თქვა.
9. ბილი კრისტალი და რობ რეინერი 1975 წლიდან მეგობრობენ
რეინერმა და კრისტალმა ერთმანეთი All in the Family-ზე მუშაობისას გაიცნეს, რომელშიც მეგობრების როლებს ასრულებდნენ. ჰარისა და მის საუკეთესო მეგობარ ჯესს (ბრუნო კირბი) შორის განართული უამრავი დიალოგი სწორედ რეჟისორსა და ბილი კრისტალს შორის გამართული მეგობრული საუბრებით იყო ინსპირირებული. ისევე როგორც სცენები, როცა სხვადასხვა ბინაში მყოფი სალი და ჰარი ერთსა და იმავე ფილმს უყურებენ.
სხვათა შორის, ქერი ფიშერი, რომელიც სალის საუკეთესო მეგობარ მარის თამაშობს, რეინერის ყოფილი ცოლის, პენი მარშალის მეგობარი გახლდათ.
10. წიგნის მაღაზია, რომელშიც ჰარი და სალი მესამედ ხვდებიან, ეფრონის მორიგი წარმატებული რომკომის ინსპირაციად იქცა
ჰარი და სალი საბოლოოდ მაშინ დამეგობრდნენ, როცა ერთმანეთს ბროდვეის 79-ში მდებარე წიგნის მაღაზიაში Shakespeare and Co. შეხვდნენ. ეს პატარა მაღაზია დაიხურა და აფერ ვესტ საიდში მის ნაცვლად Barnes & Noble გაიხსნა, რამაც ნორა ეფრონს ახალი რომანტიკული კომედიის იდეა შთააგონა – “დავითისა და გოლიათის” ბრძოლა წიგნის პატარა მაღაზიასა და უზარმაზარ ქსელს შორის… გეცნოთ? დიახ – ჰარისა და სალის ისტორიიდან დაახლოებით 10 წლის თავზე თქვენთვის წერილია გამოვიდა!