ხარისხიანი ფენტეზი, რომელმაც სერიალების შესახებ მთელი მსოფლიოს წარმოდგენა შეცვალა, უამრავი გამოცანით არის სავსე. მრავალფეროვანი და უცნაური მოვლენების კასკადით გვხიბლავს სამეფო კარის თამაშებიც, რომლის ფინალი, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად გვიახლოვდება.
ამ ვრცელ, უამრავი ინფორმაციით და მაგიით დატვირთულ სამყაროში მართლაც ძნელია გაარკვიო ამა თუ იმ გმირისა და მოვლენის ავან-ჩავანი, ამიტომ ზოგიერთ გულმხურვალე ფანსაც კი სჯერა სხვადასხვა გავრცელებული ფანთეორიისგან წარმოშობილი მითების. მაგალითად, ზოგიერთი ვერაფრით იჯერებს, რომ ნედ სტარკი მართლა დასაჯეს სიკვდილით, ზოგსაც გაუგონარი შეთქმულებების სჯერა.
დღეს გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ათი გავრცელებული მცდარი ფაქტი და ცრუ თეორია, რომლებიც სამეფო თამაშების “სტაჟიან” ფანებსაც კი სჯეროდათ ან დღემდე სჯერათ. ერთად გავარკვიოთ ტყუილ-მართალი.
1. ტარგარიენებს ცეცხლი არ წვავთ
პირველი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი დენერისის კოცონში შესვლის სცენაა – ის იქიდან უვნებელი გამოვიდა სამი ახალგამოჩეკილი დრაკონით. რამდენიმე სეზონის შემდეგ ეს სცენა დოშ-ხალინში, დოთრაკთა ხალების ქვრივების სახლში განმეორდა, სადაც დენერისმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დაუწველია. სწორედ ამ ფაქტმა შეუწყო ხელი იმ მითის გაჩენას, რომ ტარგარიენებს ცეცხლი არ წვავთ.
ეს თეორია იმდენად გავრცელდა, რომ მას თავად ჯორჯ მარტინმა უპასუხა. მწერლის სიტყვებით, დრაკონების დედის ცეცხლის მიმართ მდგრადობა მაგიური მოვლენაა და სულაც არ არის მისი გვარის უპირობო თვისება. ამის დასტურია დენის ძმის, ვისერისის სასტიკი სიკვდილი, როცა დროგომ მას გამდნარი ოქრო დაასხა თავზე. წიგნებში ამის არაერთი დასტური გვხვდება – რეიგარ ტარგარიენი ვესტეროსის ისტორიაში პირველად ტრაგიკული მოვლენების: საზაფხულო ციხესიმაგრეში გაჩენილი ხანძრის დროს გამოჩნდა. ამ მოვლენას ტარგარიენთა გვარის ბევრი წარმომადგენელი შეეწირა.
2. ტარგარიენები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ შვიდი სამეფოს მმართველები
დენერისის მისწრაფებას ტახტისადმი უფრო მეტად ამძაფრებს ის, რომ გარშემომყოფები მას “რკინის ტახტის ერთადერთ დედოფალს” უწოდებენ, რადგან, ჯონ სნოუს ნამდვილი წარმომავლობის დადასტურებამდე, ის იყო ტარგარიენების უკანასკნელი წარმომადგენელი, ეს დინასტია კი საუკუნეების განმავლობაში მართავდა შვიდ სამეფოს. თუმცა მთლად ასეც არ არის საქმე: ვესტეროსში მოსული ტარგარიენების დინასტიის პირველ წარმომადგენელს, ეიგონ დამპყრობელს ვერტეროსის ექვსმა სამეფომ მოუყარა მუხლი. გამონაკლისი იყო დორნი, რომელიც ამ პერიოდიდან დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. ეიგონ დამპყრობლის ეპოქიდან ორი ასწლეულის შემდეგ, დენერისისა და მარონ მარტელის ქორწინების შემდეგ დორნელებმა ტარგარიენებთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს. ამგვარად, რადგან დორნის მიწა არავის დაუპყრია და ის როგორც მოკავშირე, შეუერთდა ვესტეროსის სამეფოებს, ამ მიწამ საკუთარი კანონები და ტრადიციები ბოლომდე შეინარჩუნა.
3. სანსას ორსულობა
რემზი ბოლტონისა და სანსა სტარკის ქორწინების შემდეგ უამრავი ფანი დარწმუნებული იყო, რომ სანსა ბოლტონის ბუშისგან დაფეხმძიმდა, მაგრამ მსახიობმა გავრცელებული ხმები უარყო და ეს რომ მართლაც ჭორი იყო, ამჟამად დადასტურდა კიდეც: სერიალში სანსას ტრაგიკული საქორწინო ღამიდან უკვე დიდი ხანია გასული და ვინტერფელის ლედი შვილს არანაირად არ ელოდება.
4. სტანის ბარათეონს მელისანდრე მართავდა
სერიალის მაყურებლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ წითელი ქურუმი ქალი სტანისს მარიონეტივით ათამაშებდა, მაგრამ სინამდვილეში, მელისანდრეს იყენებდა დრაკონის ქვის ლორდი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. თავის მხრივ კი ქურუმს სჯეროდა, რომ სწორედ სტანისი იყო აზორ აჰაი, რომელიც ნათლის ღმერთის მხარეს იბრძოლებდა. სწორედ ამიტომ, წინასწარმეტყველების აღსასრულებლად, მას ყველა მიზნის იღწევაში ეხმარებოდა. გამოდის, რომ თავად მელისანდრემ ვერ შეამჩნია, როგორ იქცა სათამაშოდ სტანის ბარათეონის ხელში, რომელიც ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე და უფლებებზე ფიქრობდა.
5. არია სტარკი მკვდარია
სერიალის, და განსაკუთრებით ლიტერატურული პირველწყაროს გამოცდილ გულშემატკივრებს, რომლებიც სიუჟეტის ნებისმიერ შემობრუნებას არიან შეჩვეულნი, სჯერათ, რომ დაბრმავებული არია ჯერ შავისა და თეთრის სახლის მსახურ გოგოს ვერ დაამარცხებდა ორთაბრძოლაში და მერეც, მრავალსახა ღმერთის ტაძრიდან ასე მარტივად ვერ წამოვიდოდა. ბევრი დღემდე ფიქრობს, რომ ვესტეროსში სწორედ არიას თანამგრავრი გოგო დაბრუნდა მისი სახით. მაგრამ ამავე ხალხს გამორჩა ის ფაქტი, რომ შავისა და თეთრის სახლის კედელზე მსახური გოგოს სახე კედლის ნიშაში იდო, რაც იმას ნიშნავს, რომ არიას ზედამხედველი მკვდარია. თუ მაინცდამაინც არიას სახის მიღებაზეა საუბარი, ეს უფრო ჯეიქენ ჰაგარი იქნება, რომელიც სტარკების უმცროს ქალიშვილს და მის წარსულს კარგად იცნობს.
6. ნედ სტარკი ცოცხალია
ნედ სტარკის სიკვდილით დასჯიდან უკვე რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ დღემდე არსებობს მაყურებელი, რომელსაც მაინც სჯერა, რომ ვინტერფელის ლორდი ცოცხალია. არსებობს თეორია, რომ ნედის სახით უსახო დასაჯეს, რომელიც შეიძლება ვარისს დაექირავებინა. თუმცა, რამდენადაც მიმზიდველი თეორია იყოს, ეს მაინც აბსურდია. ერთი, რომ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ უსახოებს ცოცხალი ადამიანის სახის მიღება შეუძლიათ, მეორე – ვერავის აიძულებ, თუნდაც ნედ სტარკის სიკვდილის გასაყალბებლად მოკვდეს და მესამე – ნედ სტარკის მოკვეთილ თავს, სამწუხაროდ, ნედ სტარკის სახე ჰქონდა.
7. თეთრი მავალები გაცოცხლებული მკვდრები არიან
მკვდრების უზარმაზარ არმიას მათგან განსხვავებული გარეგნობისა და მონაცემების მქონე ყინულოვანი კაცები – თეთრი მავალები, იგივე თეთრი მოხეტიალეები მართავენ. ისინი, გავრცელებული მოსაზრებისგან განსხვავებით, ზომბები არ არიან, არამედ უძველესი, თითქმის გადაშენებული სახეობის წარმომადგენლები, რომელთა წინამძღოლიც ტყის შვილებმა თავიანთი რიტუალური მაგიის გამოყენებით შექმნეს. ტყის შვილების განზრახვა, მავალების დახმარებით აღდგომოდნენ წინ ადამიანებს, რომლებიც მათ რასას ანადგურებდა, სამწუხაროდ, კონტროლიდან გამოვიდა და პირველი თეთრი მოხეტიალე ღამის მეფედ იქცა, თავისნაირები შექმნა, აღდგენილი გვამებით კი, რომლებიც თეთრი მავალების ნებას მონურად ემორჩილებიან, უზარმაზარი, შეუჩერებელი არმია ჩამოაყალიბა.
8. ბრანს მომავლის შეცვლა შეუძლია
თეთრი მოხეტიალეების არმიასთან ბრძოლისას ბევრი მაყურებელი იმედს ბრანზე ამყარებს. მათი აზრით, სამთვალა ყორანი ღამის მეფის გონების გაკონტროლებას და შვიდი სამეფოს ხსნას შეძლებს. მაგრამ სამთვალა ყორანის სწავლებები ამბობს, რომ “წარსული უკვე დაწერილია. მელანი გამშრალია”. ეს ნიშნავს იმას, რომ წარსულის ყოველი მომენტი, რომელშიც ბრანმა იმოგზაურა და კიდევ იმოგზაურებს, უკვე მომავლად არის ქცეული. ეს კანონი მართლა რომ მოქმედებს, ეს ჰოდორის ეპიზოდში დადასტურდა. ნებისმიერი პეპლის ეფექტი, რომელიც წარსულის ქმედებებმა გამოიწვია, უკვე ყინულისა და ცეცხლის სამყაროს ისტორიაა – ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო, და ასევე მოხდება.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრანს ფინალურ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლის მიღება არ შეუძლია.
9. ხუთ მთავარ პერსონაჟს “იმუნიტეტი” აქვს
ფანების დიდ ნაწილს სჯერა, რომ სერიალში არსებობს ხუთი პერსონაჟი, რომელთა მოკვლასაც არ გეგმავენ. ესენია: დენერისი, ჯონ სნოუ, ტირიონი, არია და ბრანი. მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს პერსონაჟები სინამდვილეში ჯორჯ მარტინის კალამს ეკუთვნის, სერიალი კი დიდი ხანია ლიტერატურულ პირველწყაროს დაშორდა, შესაბამისად, აღნიშნული პერსონაჟების ბედიც და რაობაც მკვეთრად არის შეცვლილი. სწორედ ამიტომ, ვერავინ იტყვის, რომ ამ პერსონაჟებს იმუნიტეტი გააჩნიათ და საგის დასრულებამდე იცოცხლებენ.
10. საგას მთავარი გმირი არ ჰყავს
გიფიქრიათ, თუ ვინ არის რეალურად “ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” საგის მთავარი გმირი? დენერისი? ჯონ სნოუ? ტირიონ ლანისტერი? არია სტარკი? გაგიკვირდებათ და, ამ რთულ კითხვაზე პასუხი მათემატიკოსებს აქვთ. მათ დაითვალეს პერსონაჟების გამოჩენა საგაში, შეისწავლეს მთავარი გმირების გზა, კავშირები მათ შორის და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სამეფო კარის თამაშებს (ისევე როგორც მთლიანად “ყინულისა და ცეცხლის სიმღერას”) მთავარი გმირი ჰყავს და ეს არის ტირიონ ლანისტერი. ეს ფაქტი იმითაც მტკიცდება, რომ ტირიონი ჯორჯ რ.რ. მარტინის უსაყვარლესი პერსონაჟია.
ბონუსი: მოკვდება თუ არა მთავარი გმირი და როგორ?
სცენარისტებს, რასაკვირველია, შეუძლიათ “ხელშეუხებელი ხუთეულის” წესი დაარღვიონ და ნებისმიერი მათგანი მოკლან. ამრიგად, საფრთხის ქვეშაა ტირიონიც, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირია. ის თავისუფლად შეიძლება ვიხილოთ როგორც ვესტეროსის ტახტზე (ან სადმე, მის მახლობლად), ისევე – მკვდარი. სერსეიმ ტირიონის უწინდელ თანამგზავრ ბრონს უკვე გადასცა არბალეტი, რომლითაც ჯუჯამ მამამისი, ტაივინ ლანისტერი მოკლა, დაკვირვებულმა მაყურებლებმა კი უკვე შენიშნეს ერთი საინტერესო კანონზომიერება:
- ნედ სტარკმა ღამის გაქცეულ გუშაგს თავი მოჰკვეთა – სწორედ ასევე მოკვდა იგი.
- ოლენა ტაირელმა ჯოფრი მოწამლა – თავად ოლენაც საწამლავით აღესრულა.
- რემზი ბოლტონმა თავისი დედინაცვალი და მისი შვილი ძაღლებს დააგლეჯინა – თავადაც ძაღლებმა დაგლიჯეს.
- რუს ბოლტონმა რობ სტარკს ხანჯლით გამოჭრა ყელი – თვითონ კი გულში ჩარტყმული ხანჯლით მოკვდა.
- ვალდერ ფრეიმ ბრძანება გასცა, კეტლინისთვის ყელი გამოეჭრათ – ასევე ყელი გამოჭრა მას არიამ.
- ქვიშის გველები მათივე იარაღებით დახოცეს.
- იგრიტმა ოლის მშობლები მშვილდ-ისრით დახოცა – იგრიტი ოლიმ ისრითვე მოკლა.
- ლიზა ერინი ადამიანებს მთვარის კარიბჭიდან ყრიდა – პეტირ ბეილიშმა ის მთვარის კარიბჭიდან გადააგდო.
- ტირიონმა ტაივინი არბალეტით მოკლა – სერსეიმ ბრონს არბალეტი გადასცა…