ნეტავ რას მივიღებთ, თუ John Wick-ის ფრანჩიზას, დაუმატებთ „Kill Bill“-ს, გემოვნებისამებრ მოვაყრით ცოტა „The Ghost“-ს, სიცხარისათვის ჩავაყრით „Mighty Joe“-ს, დავატკბოთ ცოტაოდენი ფენტეზით, შემდეგ ამ ყველაფერს მაღალი ხარისხის ანიმაციად მოვზელთ და საბოლოოდ მარველის სამყაროში გამოვაცხობთ… ჩვენც თავიდან მსგავსად ვიფიქრეთ – არაფერს კარგს, თუმცა დისნეიმ და ჰულუმ განსხვავებულად იფიქრეს, თანაც ორიგინალ წყაროდ მარველის კომიქსები აიღეს, შედეგად კი „Hit Monkey“-ის (მკვლელი მაიმუნი) ანიმაციური ტელეშოუ მივიღეთ, რომლის თრეილერსაც ზუსტად ამ წამს გთავაზობთ:
უყურე „Hit Monkey“-ს თრეილერს adjranet-ზე
როგორც თრეილერიდან ხედავთ, თავდაპირველად მოქმედება დაქირავებული მკვლელის, ბრაისის (ჯეისონ სუდეიკისი) ირგვლივ ვითარდება, რომელიც, ჯერ-ჯერობით დაუდგენელი დავალებით იაპონიას სტუმრობს. ჩვენსთვის ამ წუთისათვის უცნობი მიზეზით ბოროტმოქმედები კლავენ ბრაისის, ასევე როგორც იაპონიის ალპებში მცხოვრებ თეთრი მაკაკების პაპიონინს (მაკაკების ტომი). ერთ-ერთი გადარჩენილი პრიმატი, ადამიანების სისასტიკის შემყურე გადაწყვეტს შური იძიოს მისი ტომის გენოციდში დამნაშავე ადამიანებზე. შურისძიებას მოწყურებული მაიმუნი დაქირავებული მკვლელის, ბრაისის აჩრდილთან ერთად ხანგრძლივ მოგზაურობაში მიემართება, სადაც ეცდება ისწავლოს ბრძოლის ხელოვნება, ხოლო შეძენილი უნარებით სამუდამო ძილს მისცეს ყველა დამნაშავე ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ Hit-Monkey-ის დებიუტი 2010 წელს, ამავე დასახელების კომიქსში შედგა და მას შემდეგ მისი ნახვა სხვადასხვა მარველის კომიქსებში იყო შესაძლებელი.უნდა ითქვას, რომ წინ საკმაოდ უცნაური ისტორია გველის, რომელიც ანტრომორფული მაკაკის ადამიანების სისხლში ბანაობას გვპირდება. აქვე აღსანიშნავია, რომ ანიმაციურ სერიალს აუცილებლად „R“ რეიტინგი ექნება, რაც ერთი შეხედვით მარველისა და დისნეის „უყურე ოჯახთან ერთად“ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ამიტომაც შოუ „Disney+“-ის ნაცვლად ექსკლუზიურად Hulu-ზე ამავე წლის 17 ნოემბრიდან გავა.