“შვედი სფინქსი”, “ყინულის დედოფალი”, “მარტოობის ქალღმერთი”, ამგვარი თიკუნების ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, ეს ყველაფერი კი ჰოლივუდის ოქროს ხანის ლეგენდარულ მსახიობს გრეტა გარბოს მიეწერება. ის მსახიობობაზე ოცნებობდა, როდესაც ნანატრ მიზანს მიაღწია, დიდების ზენიტში, ჰოლივუდის კარი გამოიხურა, სახელი შეიცვალა და მარტო განაგრძო ცხოვრება, ყველასგან ჩუმად და განმარტოებით. გარბოს ცნობილი ფრაზა, “მარტო ყოფნა მსურს”, შესაძლოა არც წარმოთქმულა, მაგრამ მსახიობის ცხოვრების წესმა, მისი ხასიათის თავისებურებებმა ეს გამოთქმა დაადასტურა. გარბო არ აძლევდა ჟურნალისტებს ინტერვიუს, თაყვანისმცემლებს – ავტოგრაფს, არც წერილებს პასუხობდა.
გარბოს პერსონა დღემდე ინტერესის საგანია. შეიძლება ადამიანებს მისი უცნაური გაუჩინარება იზიდავს, შეიძლება ის, რომ დღემდე ყველაზე ლამად ქალად სახელდება… საინტერესო ფაქტია, რომ მასზე ბიოგრაფიული ფილმი არ გადაღებულა. ვინ გაბედავს ხორცი შეასხას ლეგენდას, რომლის ცხოვრებაც მითებისა და ჭორების საბურველში გახვეულა? ალბათ, ვერავინ.

როგორც ძველ კინოში ხდებოდა და მიღებული იყო, “გარბო” მსახიობის ფსევდონიმია. გრეტა გუსტაფსონს ახალი გვარი შვედმა რეჟისორმა, მორიც სტილერმა მოუგონა. ერთ-ერთი ვერსიით, მან ამ გვარის გამოგონებისას ნორვეგიელი მსახიობის, ერიკ დარბოს გვარი გამოიყენა.
გრეტა ძალიან ღარიბ ოჯახში გაიზარდა. არ უყვარდა ფუფუნება, ოსკარის ცერემონიაზე ერთი ჩვეულებრივი ავტომობილით ჩნდებოდა, მაშინ როდესაც ნაკლებად ცნობილი მისი კოლეგები თეთრი ლიმუზინებიდან გადმოდიოდნენ. 14 წლისას მამა გარდაეცვალა. მას სწავლის მიტოვება და სამსახურის ძებნა მოუწია. მალევე ქუდების მაღაზიაში მოეწყო, სადაც მფლობელმა რეკლამისთვის ფოტოს გადაღება შესთავაზა. სწორედ ამ შემთხვევის წყალობით მიიპყრო ფოტოგენურმა გოგონამ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის ყურადღება. თავიდან ის მოდელად მუშაობდა, თუმცა ახალგაზრდა გრეტას მსახიობობა აინტერესებდა და სამსახიობო სკოლაში ჩააბარა.
იმდროინდელი სტანდარტებით ფერხორციან გრეტა გუსტაფსონს გახდომა და ფორმაში ჩადგომა სწორედ რეჟისორმა მორიც სტილერმა აიძულა. მიუხედავად ამისა, ჰოლივუდში ის მაინც არასაკმარისად გამხდრად ჩათვალეს. შეიძლება სწორედ ამიტომ, გარბოს არასრულფასოვნების კომპლექსი განუვითარდა. მას არასოდეს მოსწონდა საკუთარი თავი და ყოველთვის ნაკლს ეძებდა. თავიდან ინგლისური ენის სწავლა გაუჭირდა, თუმცა მალევე Metro Goldwin Mayer-თან გააფორმა კონტრაქტი.
სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, გარბომ კარგად გადაიტანა მუნჯი კინოს დასასრული. 1930 წელს ეკრანებზე მისი მონაწილეობით პირველი ხმოვანი ფილმი გამოვიდა – “ანა კრისტი“, რომლის პოსტერზეც სლოგანად შემდეგი ფრაზა ეწერა, “გარბო ლაპარაკობს“. გარბოს ხავედოვანი ხმა მისი კიდევ ერთი პლიუსი იყო.

50-იან წლებში გარბო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე ლამაზი ქალი. ცნობილია, რომ კინოლეგენდას სიმეტრიული სახე ჰქონდა, რაც საკმაოდ იშვიათია. მსახიობი თვლიდა, რომ მისი და, ალმა, მასზე ლამაზი და ნიჭიერი იყო. სამწუხაროდ ის 24 წლის ასაკში დაიღუპა სიმსივნით.
გრეტა ჯონ გილბერტზე უნდა დაქორწინებულიყო. უცნობი მიზეზით ქორწილის დღეს, ის არ გამოცხადებულა და მას მერე, არც არასდროს დაქორწინებულა. მისი პირადი ცხოვრება ისეთივე გასაიდუმლოებული იყო, როგორც საზოგადო. ცნობილია, რომ გარბოს რომანტიკული ურთიერთობა ქალებთანაც ჰქონდა.

გარბომ ფილმებში მონაწილეობა 36 წლის ასაკში შეწყვიტა (შესაბამისად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, აღარავის უნახავს მისი სახე გარდაცვალებამდე, 84 წლამდე). მისი უკანასკნელი ფილმი კომედია “ორსახოვანი ქალი” გამოდგა, რასაც კრიტიკა საკმაოდ ცივად შეხვდა. კინოდან წასვლის შემდეგ მან მანჰეტენზე, ჰარიეტ ბრაუნის მოგონილი სახელით განაგრძლო ცხოვრება. გარბო სახლში ჩაიკეტა და პირობა (“ეკრანი გარბოს ვეღარ იხილავს!”) აღარასოდეს დაურღვევია. 70–იან წლებში გამოიცა მისი მეგობრის დაწერილი წიგნი “ღვთაებრივი გარბო“. როდესაც მას ჰკითხეს (რა თქმა უნდა, უიშვიათეს ინტერვიუში) თუ რატომ აღარ იღებდა ფილმებში მონაწილეობას, გრეტამ უპასუხა: “ერთი ადამიანისთვის საკმარისი სახეები შევქმენი”.
გარბო ბრიტანული დაზვერვის აგენტი იყო. მსახიობმა შვედეთის მეფე, გუსტავი დაარწმუნა მიეღო ქვეყანაში 500 ებრაელი, რომელთაც გერმანიაში სიკვდილი ელოდათ. მან იხსნა სიკვდილისგან დანიელი ფიზიკოსი ნილს ბორიც. ცნობილია, რომ ადოლფ ჰიტლერი მისი დიდი თაყვანისმცემელი იყო და 40-იან წლებში მსახიობი გერმანიში მიიწვია. მოგვიანებით მსახიობი ნანობდა, რომ ცუდი ქნა, როცა მიპატიჟებას არ დათანხმდა და ფაშისტის მოკვლის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან…
გრეტა გარბო 1990 წელს გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ ჰქოლია და მთელი თავისი ქონება დისშვილს, გრეი რაინსფილდს დაუტოვა. მსახიობის სურვილი სტოკჰოლმში დასაფლავება იყო. ეს ნატვრა მისი გარდაცვალებიდან ათი წლის თავზე ასრულდა.