ტომ ჰარდის სახელისა და გვარის ამოკითხვა ფილმის პოსტერზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსახიობი მთავარ როლს ასრულებს, თანაც ასახიერებს საკმაოდ ცნობილ და სახელგანთქმულ ადამიანს, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წარმოდგენილი ფილმი აუცილებლად საინტერესო და სანახაობრივი იქნება. მისი ფილმოგრაფია მოიცავს, როგორც განგსტერული/კრიმინალური ჟანრის სურათებს, ისე კომიქსების აკრანიზაციებსაცსამსახიობო ნიჭისა და დახვეწილი ოსტატობის გათვალისწინებით, მსახიობი მუდმივად საინტერესო, ნათელ, დასამახსოვრებელ, ქარიზმატულ და აქტიურ პერსონაჟებს გვთავაზობს.
რთულია გამოყო რომელიმე კონკრეტული პერსონაჟი, რადგან ჰარდის მიერ განსახიერებული როგორც პროტაგონისტები, ისე მეორეხარისხოვანი გმირები და ბოროტმოქმედები ყურადღების ცენტრში აუცილებლად ხვდებიან. ჯეიმს კეზია დელანეი ტაბუდან, ედი ბროკი ვენომიმდან, ტყუპი ძმები – რუნი და რეგი კრეიები ლეგენდიდან, ცივსისხლიანი ჯონ ფიჯერალდი „გადარჩენილიდან“ და საუკეთესო ბოლოსკენ – ბრიტანეთის N1 პატიმარი ჩარლზ ბრონსონი ამავე დასახელების ფილმიდან.
ახლა კი მთავარზე, იმ ფილმზე, რომელშიც ტომ ჰარდიმ ლეგენდარული განგსტერის, მაფიის ბოსისა და კოზა ნოსტრას რიტუალებისა და დაუწერელი კანონების შემოქმედის, ალ კაპონეს როლი შეასრულა. პროგნოზები იმის შესახებ, რომ ფილმი ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა მსახიობის ფილმოგრაფიაში ყველანაირ მოლოდინს აჭარბებდა.
ფილმში მოვლენები ალ კაპონეს ცხოვრების უკანასკნელ ერთ წელიწადზე მოგვითხრობს. ციხეში გაატარებული 10 წლისა და ნეიროსიფილისის საფუძველზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ფიზიკური, ისე მორალური საგრძნობლად გაუარესდა . მას შემდეგ რაც ზედამხედველი ორგანოები ალს უკვე საზოგადაოებისაათვის უსაფთხო ადამიანად მიიჩნევენ მას ფლორიდის შტატში ყველასაგან მოშორებით დასახლების უფლებას აძლევენ, თუმცა მაინც, ფარულად, თუ ნათლად მაინც უყურადებენ და უსმენენ. ფილმი ძირითადად კაპონეს შიდა დემონების შესახებ მოგვითხრობს და იმ მდგომარეობაზე, რომელშიც იგი სიკვდილამდე ერთი წლით ადრე იმყოფებოდა. ფილმი საკმაოდ კარგად გადმოსცემს 20,30, 40-იანი წლების შტატების გარემოს. ჯერ მარტო ფრენკ სინატრას დანახვა და ხმის გაგონება რად ღირს ფილმის ყურებისას, ხოლო შემდგომ ფერწასული და შეშლი ტომ ჰარდის სახე, ნებისმიერ საშინელებთა ჟანრის ფილმის „ბოროტმოქმედს“ აქეთ შეაშინებს, რასაც კაპონე რეალობაში სიკვდილამდე ახერხებდა.
ფილმისაგან დიდი მოლოდინი ჰქონდა ყველას, თუმცა IMDB-ზე მაყურებელებმა მას მხოლოდ 6.6 ★ მიანიჭეს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მაყურებელიც, ასევე როგორც კრიტიკოსები ფილმისაგან აბსოლოუტრად სხვა სანახაობას ელოდა. ყველას ეგონა, რომ ფილმში მოვლენები კრიმინალური დრამებისათვის დამახასიათებელ სტილში განვითარდებოდა, სადაც მხატვრული გადახვევებით ნაჩვენები იქნებოდა ალ კაპონეს, როგორც ადრეული, ასევე ბოლო წლები, იქნებოდა სროლები, თავბრუდამხვევი „ექშენი“ და რა თქმა უნდა სახელგანთქმული ნაწიბურის მიღების ისტორია (რის გამოც ალ კაპონეს Scarface-ს უწოდებდნენ, რაც განსაკუღებულად არ მოსწონდა. თავად ამბობდა, რომ ჭრილობები პირველ მსოფლიო ომში მიიღო, თუმცა ყველამ იცის, რომ იარა მას გალუჩიომ დაუტოვა, მას შემდეგ, რაც კაპონემ გალუჩიოს დას შეურაწყოფა მიაყენა), თუმცა შედეგი რადიკალურად სხვა გამოდგა. დავამატებთ იმასაც, რომ ფილმისაგან დინამიურობასა და ტემს ელოდნენ, თუმცა საბოლოოდ მივიღეთ საკმაოდ ნელი, დამთრგუნველი ფილმი, სადაც ერთადერთი, რაც მკაფიოდ და სწრაფად ვითარდება ტომ ჰარდის პერსონაჟის დემენციაა.
ფილმის ძირითადი დრო რა თქმა უნდა მის პროტაგონისტს ალ კაპონეს ეთმობა, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ პერსონაჟი გეგმავდეს კანადის საზღვრიდან ალკოჰოლური სასმლის შემოტანასა და სხვა კანონით აკრძალულ ქმედებებს, მაგალითად გადასახადების დამალვას, რის გამოც მან 10 წელიწადი პატიმრობაში გაატარა, ის ერთი სცენიდან მეორემდე ზის სკამში, ცდილობს საკუთარ დემონებს ებრძოლოს, საყვარელი სიგარის ნაცვლად „ეწევა“ სტაფილოს და დროდადრო სხვადასხვა სახის ჰალუცინაციებსაც ნახულობს. მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, ის რაც რეჟისორს ჰქონდა დაგეგმილი, შესანიშნავად არის გადმოცემული სურათში. უნდა ითქვას ისიც, რომ ჰარდი განუმეორებელია. თვალითა და მცირეოდენი მიმიკით ისეთი რაოდენობის ემოციებს გადმოსცემს, რომ შეუძლებელი ანალოგიური ეკრანს აქეთ არ იგრძნოს მაყურებელმა, ხოლო ის რასაც ტომი ხმით აკეთებს, ყოველგვარ რაციონალურ ახსნას ეწინააღმდეგება. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ შედარებით დაბალი შეფასებისა, სურათი საკმაოდ საინტერესო საყურებელია, რასაც ტომ ჰარდის განუმეორებელი თამაში ორმაგად მიმზიდველს ხდის.
ფილმის რეჟისორი ჯოშ ტრენკია, რომელმაც სურათი საკუთარი სცენარით გადაიღო. ტომ ჰარდისთან ერთად ასევე სამსახიობო გუნდს შეუერთდნენ: მეტ დილონი, კაილ მაკლაჰენი და ლინდა კარდელინი. ფილმის პრემიერა 2020 წლის მაისის თვეში შედგა.
საბოლოოდ ვიტყვით, რომ ვისაც გიყვართ ფილმები განსაკუთრებული გაფორმებების, მხატვრული დამატებებისა და არარეალური ისტორიების გარეშე, სადაც საყვარელი მსახიობი მის ერთ-ერთ საუკეთესო შესრულებას გთავაზობთ, მაშინ Capone-ს აუცილებლად უნდა უყუროთ.