ავტორი: ბექა სუხიტაშვილი
ოდესაში საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე მეცხრედ ტარდება. მიუხედავად პატარა ასაკისა, პროგრამა მრავალფეროვანია, ხოლო კინოჩვენებების გარდა კინოფესტივალზე არაერთი პანელ დისკუსია, პიჩინგები და სხვადასხვა ქვეყნის პროდიუსერების შეხვედრები ეწყობა.
საპატიო სტუმრის რანგში ფესტივალს ეწვია ამერიკელი მსახიობი ერიკ რობერტსი, ფრანგი მსახიობი დენი ლავანი, იაპონელი რეჟისორი ნაომი კავასე და სხვები. ამ სტატუსით იმყოფებოდა ასევე ქართველი პროდიუსერი თამარ ტატიშვილი. ზოგადად ქართველები და ქართულ კინოში მოღვაზე ადამიანები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფესტივალის მიმდინარეობაში. მსახიობი ია შუღლიაშვილი მთავარი საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთ წევრია, ხოლო რეჟისორი და სცენარისტი ლევან კოღუაშვილი უკრაინის ნაციონალური კონკურსის ჟიურის წევრი.
შარშან, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს დაფინანსებით ოდესისა და კოტბუსის კინოფესტივალებზე პანელ-დისკუსია გაიმართა, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების ექვსი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა და ბელორუსია. დისკუსიაზე განიხილეს თუ როგორ შეუძლია კინოფესტივალს წინ წამოსწიოს საზოგადოებაში არსებული ტაბუირებული თემები, რა პრობლემებს აწყდება დამოუკიდებელი კინოფესტივალი სახელმწიფოს მხრიდან და რა ტიპის კინოცნობიერებას ქმნის ზოგადად ასეთი ღინისძიება.
საჭიროებიდან გამომდინარე წელს მსგავს თემებზე კვლავ გაიმართა დისკუსია და ამჯერად დასახელებული ქვეყნების ფესტივალების წარმომადგენლებს, რუსეთის წარმომადგენელი და კინოჟურნალისტებიც შეუერთდნენ. შეხვედრას პროგრამის დირექტორი, ბერნდ ბუდერი ხელმძღვანელობდა.
სომხეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, თუ რა სირთულეებს გადააწყდა ფესტივალი, როდესაც პროგრამაში ლგბტ თემატიკის ფილმის ჩართვა გადაწყვიტეს. ამის გამო მთლიანი პროგრამა მოიხსნა და ფესტივალი კინაღამ გაუქმდა. მოლდოვაში შარშან ორი დამოუკიდებელი კინოთეატრი ჰქონდათ, წელს ერთი დახურა მთავრობამ. საქართველოში საერთოდ არ არსებობს დამოუკიდებელი კინოთეატრი. რუსეთში კულტურის მინისტრმა სასამართლოში უჩივლა მოსკოვის საერთაშორისო დოკუმენტური ფესტივალის წარმომადგენელს მხოლოდ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი კინოფირი ჩაუშვა პროგრამაში. კულტურის სამინისტრომ კანონიც კი შემოიღო რომლის მიხედვითაც აკრძალულია ნებისმიერ ადგილზე ისეთი ფილმის ყურება რომლის ჩვენება ჯერ სახელმწიფო კინოთეატრებში არ მომხდარა. ეს ფაქტები კარგად აჩვენებს თუ რა ვითარებაში უწევს ფესტივალებს არსებობა. ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია შარშან რუსეთის მიერ ფილმის, სტალინის სიკვდილის აკრძალვა, შედეგად ფილმი აზერბაიჯანშიც აიკრძალა, რადგან მისი დისტრიბუცია მთლიანად მიბმულია რუსეთისას, ისევე როგორც სხვა დსთ-ს ან ყოფილი დსთ-ს ქვეყნებში. რუსეთის დისტრიბუციისგან თავის დაღწევა ყველა ამ ქვეყნის მთავარი საფიქრალია თუმცა თითოეულმა ქვეყანამ ინდივიდუალური გადაჭრის გზა უნდა მოძებნოს. რუსული ფილმებისგან თავის დასაღწევი ერთ-ერთი საერთო გზა ახალგაზრდა თაობაში ინგლისური ენის პოპულარიზება და მაყურებლისთვის სუბტიტრებით ნაჩვენები ფილმების შეჩვევა-შეგუებაა, რაც კინოთეატრებს მეტ გამბედაობას მისცემს. აზერბაიჯანში ახალგაზრდა თაობა კვლავ რუსულად საუბრობს, შესაძლოა სწორედ ამიტომაც, ქვეყანას საერთაშორისო ფესტივალი არ აქვს. წარმომადგენელის თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ მომავალ წელს მაინც ჩაეყრება საფუძველი კინოფესტივალს.
რთულ ვითარებაშია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალიც. მთავრობის უახლესი ცვლილებებიდან გამომდინარე ოთხი სამინისტროს გაერთიანების შედეგად ჩვენ გვყავს ერთი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. ამგვარ ვითარებაში დაფინანსების მოძიება უფრო ბუნდოვანი და ძნელი ხდება, უცნობია თუ რა სირთულეებს გადააწყდებიან მომავალი ფესტივალისთვის ორგანიზატორები.
გარდა სოციალურ-პოლიტიკური გარემოებებისა დისკუსია კინო განათლებასა და კრიტიკასაც შეეხო. ცალსახად ყველა ფესტივალის წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა მათ ქვეყანაში არსებული ვითარებით. გამოიკვეთა საბჭოთა დროში განათლება მიღებული კინოკრიტიკოსთა ერთი ნაწილის, უფროსი თაობის დამოკიდებულებები, რომლებიც ყველაფერს ახალს ან ჰოლივუდურს ავტომატურად ნეგატიურ ჭრილში განიხილავენ. ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ კინოკრიტიკოსები კინოს მხატვრულ მხარეზე კი არ საუბრობენ თავიანთ სტატიებში, არამედ კინოჟურნალისტიკით არიან დაკავებულები და მხოლოდ ცარიელ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას ან იმაზე აკეთებენ აქცენტს, თუ რომელიმე მონაწილე მსახიობს რა ფერის კაბა ეცვა ან რამხელა ყელსაბამი ეკეთე. მოლდოვის წარმომადგენელმა ასევე დაამატა, რომ ქვეყანაში ყველას რეჟისორობა ურჩევნია კინოკრიტიკოსობას.
პანელ-დისკუსია წელს ნოემბრის თვეში კოტბუსშიც გაგრძელდება და შესაძლოა დასახელებული პრობლემების ერთობლივი გადაჭრის გზები უფრო მეტად გამოიკვეთოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ოდესის კინოფესტივალმა მომავალში პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს კვლავ დაუთმოს სივრცე დისკუსიისთვის და ახალი გამოცდილებების, წინ გადადგმული ნაბიჯების გაზიარებისთვის.