ავტორი: ბექა სუხიტაშვილი
წლევანდელი CinéDOC-Tbilisi პროგრამის მხრივ მრავალფეროვანია, თუმცა ძალიან იგრძნობა დარბაზების ნაკლებობა. უამრავი საინტერესო ფილმი ერთმანეთს ემთხვევა და არჩეული დარბაზებიც, ამირანი 2, 3 და 4, საკმაოდ მცირეა. ხუთდღიან ფესტივალზე ყველაზე დიდი, 1 დარბაზი მთლიანობაში მხოლოდ ორჯერაა გამოყენებული. შარშან, საერთოდ არ ყოფილა ეს დარბაზი პროგრამაში ჩართული, სამაგიეროდ იყო სხვა ლოკაცია, კინოს სახლი, გაბრიაძის თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი და სხვა. წელს კი ფესტივალს ერთადერთი ლოკაცია დაემატა – არქივის კინოთეატრი, რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა. მანძილით ის არც ისე ხელსაყრელია, რომელიმე სეანსის გადადება გზის გამო აუცილებლად მოუწევს კინომოყვარულს. გაუგებარია კინოთეატრი “რუსთაველის” ბედიც, რომელიც კვლავ დახურულია და მისი სტატუსის გადაწყვეტას ელოდება (იქნებ ის კვლავ კერძო მფლობელობაში, თუ მუნიციპალური გახდება).

შევსებული დარბაზით დაიწყო მოწვეული რეჟისორის, ნიკოლა ფილიბერის “ცხოველების“ ჩვენება, რომელიც 1994 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე. დოკუმენტური ფილმი საფრანგეთის “ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის” განახლებაზე გვიყვება. ის 25 წელი დახურული იყო. მასში არსებული ექსპონატები სხვა ადგილას გადააქვთ, შენობას არემონტებენ და განახლებულ სივრცეში ცხოველების, ფრინველების, თევზების, მწერების ფიტულებს თავიდან ამაგრებენ.
ფილიბერი აქტიურ სამუშაო პროცესებს შორის, ცხოველების გაქვავებულ, გაყინულმზერიან სახეებს ახლო კადრებით გვაჩვენებს, რაც იმ აქტიურ სამუშაოსთან უცნაურ კონტრასტს ქმნის. უსიცოცხლო არსებების ამოძრავება, ნახერხით და თივით გამოტენილი ფიგურების გადაადგილება და კავშირი, რომელთაც არ არსებობს იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში. საბოლოოდ, უცნაურებად მაინც ადამიანები ვჩანვართ, რომელთა თავებშიც ასეთი იდეები იბადება, ხოლო ბუნებას ამ ყველაფერთან არავითარი მიზანი და დანიშნულება გააჩნია.
სამწურაოა ისიც, რომ სახეობათა უმეტესობა კაცობრიობას მხოლოდ ამ ფიტულების სახით თუ შემორჩება. იქნებ სწორედ ამით მართლდება ამ მუზეუმის საჭიროებაც?

უფრო დამაბნეველი და სამწუხაროა იმ ადამიანების ბედი, რომელთაც გადასახლებაში მყოფი რუსი რეჟისორი, ვიტალი მანსკი გვანახებს დოკუმენტურ ფილმში “პუტინის მოწმეები“. 1999 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, რუს ხალხს პრეზიდენტის, ბორის იელცინის მაგივრად, ვლადიმირ პუტინმა მიმართა. იელცინმა ის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, რამდენიმე თვეში კი პრეზიდენტის სკამსაც დაიკავებს. ამ ყველაფრით იწყება რუსეთის ისტორიაში ახალი თავი, რომელსაც პუტინის მმართველობას ვუწოდებთ და რაც დღემდე გრძელდება.
მანსკის დავალებული ჰქონდა პუტინზე ფილმის შექმნა, რაც ერთ წელში გამოვიდა, თუმცა დარჩა უამრავი საინტერესო დეტალი კადრს მიღმა. თითქმის 19 წლის შემდეგ, ეს ყველაფერი საჯარო ხდება და მანსკი რკინის ხელის ისტორიის დამღუპველ და სავალალო შედეგებზე კიდევ ერთხელ გვაფიქრებს. მაშინ ამას ძალიან ცოტა თუ ხვდებოდა, დღეს უკვე ცხადზე ცხადია რუსეთის იმპერიალისტური და დამპყრობლური პოლიტიკა, ყოველ შემთხვევაში ევროპისთვის და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის, რომლებმაც თავის თავზე გამოსცადეს პუტინის დამანგრეველი ძალა. ამ დროს, პირველ წლებში ყველაფერი იმდენად ნაივური და გულწრფელი ჩანდა… თავად ახალგაზრდა პუტინიც, მაყურებელს ასეთად მოეჩვენება. შეიძლება იყო კიდეც ასეთი, მაგრამ ამ ყველაფრის უკან, დიდი ბოროტება იდგა.

ბოროტებას ადასტურებს პუტინის მმართველობის მომდევნო წლები – ყველა ის ადამიანი, რომელმაც პუტინის გაპრეზიდენტებაში წვლილი შეიტანა ან უცნაურ ვითარებაში დაიღუპა, ან ოპოზიციაში წავიდა, ან სულაც, ქვეყნიდან გაქცევით უშველა თავს. პუტინის მოწმეები, რომლებიც თანამზრახველებად იქცნენ და შეეწირნენ კიდეც მას. ერთადერთი ადამიანი, რომელიც დღემდე მის გვერდით “შემორჩა“ ეს დიმიტრი მედვედევია, თუმცა არავინ იცის, როდემდე გასტანს მათი “მეგობრობა“.
დღეს ჩვენ გირჩევთ:
- “მარტივი გაკვეთილები”, რეჟ.: დოროთია ზურბო / 18:00 / ამირანი 4
- “შეხვედრა გორბაჩოვთან”, რეჟ.: ვერნერ ჰერცოგი, ანდრე ზინგერი / 20:00 / ამირანი 1
- “მოლენბეკის ღმერთები”, რეჟ.: რეეტა ჰუჰტანენი / 22:00 / ამირანი 2