ავტორი: ბექა სუხიტაშვილი
ყველა ზღვისპირა ქალაქი ამინდით ერთმანეთს გავს: როდის დაგაწვიმს თავზე, დღის რა მონაკვეთში, არავინ იცის, ამიტომ საწვიმრით შეიარაღებული უნდა იყო. ბათუმის კინოფესტივალიც წვიმების სეზონს დაემთხვა, წვიმას კი საღამოსა და ღამის საათებში სიგრილე მოჰქონდა. მოკლედ, სექტემბრის ბათუმში ადამიანს ყველანაირი სისქისა და ზომის ტანსაცმელი გამოადგება.
ფესტივალის მომდევნო დღეს ორი საკონკურსო ფილმი, ინგლისელი რეჟისორის რიჩარდ ბილინგჰემის ფილმი, “რეი და ლიზი” და თურქი სემიჰ კაპლანოღლუს “მარცვალი” ვნახე.
ბილინგჰემი ბირმინგენის შემოგარენში მცხოვრები ოჯახის შესახებ გვიყვება, მისი ბავშვობის წლებით ნასაზრდოვებ ამბავს. ფილმის მშვიდი რიტმი და დამთრგუნველი აურა, გმირების უეცარი შემზარავი ქმედებებით კიდევ უფრო მძაფრდება. სიდუხჭირე და შიმშილი ადამიანებს მხეცებს ამგვანებს. პერსონაჟები იდეალურად გადმოსცემენ ტეტჩერის ინგლისის განწყობას და იმის გათვალისწინებით, რომ ფილმი რეჟისორის სადებიუტოა, ნამდვილად შთამბეჭდავი და ძლიერი ნამუშევარია. კადრების აგება, ფერთა პალიტრა, განწყობა – ფილმი, რომელიც კიდევ დიდხანს ემახსოვრება ბათუმელ მაყურებელს.

კაპლანოღლუს ფილმი ფუტურისტულ, მომავლის სურათს გვიხატავს: კლიმატის ცვლილებების გამო დედამიწაზე ბიოლოგიური არსებები მცენარეულ საფართან ერთად განადგურებულია. მთავარ გმირი, პროფესორი ეროლი ცდილობს გაიგოს, რა დანიშნულება ჰქონდათ ადამიანებს წარსულში, რატომ მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, გენმოდიფიცირებულ რეალობამდე. ახლა კაცობრიობის მთავარი საზრუნავი სწორედ ისეთი მარცვლის პოვნაა, რომელიც რეალურად თუ გადატანითი მნიშვნელობით, მათ ხსნას მოუტანს. ბიბლიური ალუზიებითა და ნაცნობი სახე-ხატებით კაპლანოღლუ დღევანდელი მსოფლიოს კლიმატზე რეაგირებს, თუმცა დიალოგის ზოგიერთი ეპიზოდი, მაყურებელს შესაძლოა ცოტა ვულგარული და მომაბეზრებელი ეჩვენოს. რიტორიკა – როგორ ვანადგურებთ დედამიწას ყველაფერი ხელოვნურით, როგორ არ ვუფრთხილდებით ბუნებას და სხვა და სხვა საშიშ სივრცეს ქმნიდა გადაქცეულიყო ფილმი შემაწუხებელ ჭკუისდარიგებად, თუმცა კაპლანოღლუ ახერხებს შეარბილოს დამოძღვრა. მისი კოზირი მთავარი მსახიობი, ფრანგი ჟან-მარკ ბარი იყო, რომელიც ცნობილი მაყურებლისთვის ლარს ფონ ტრიერის ფილმებში შესრულებული როლებით გახდა. მისი ნაოჭებიანი სახე და სანდო, მიმზიდველი გამომეტყველება, როლის ძლიერი შესრულებით, შესაძლოა კაცის მთავარი გამარჯვებულიც გახდეს კინოფესტივალზე.
სულ თუ არაფერი, “მარცვალი” კიდევ ერთი ერთგვარი შეხსენებაა იმაზე, რომ ბევრი ფიქრი გვმართებს დღეს ბუნებაზე და ეკოლოგიურ საკითხებს მეორეხარისხოვანება არ უნდა მივანიჭოთ.

მხიარულ გუნებაზე ვდგები, როდესაც კი-დუკ კიმის სეანსზე მაყურებლის რეაქცია მახსენდება. უმეტესობა მათგანი ძველი კიმის განწყობით იყო მოსული და როგორც ჩანს, კორეელი ავტორის ბოლოდროინდელი ნამუშევრები ნანახი არ ქონდათ. ამ ფაქტს ფილმის სათაურიც “ადამიანი, სივრცე, დრო და ადამიანი” ამძაფრებდა და ნოსტალგიურ გადაძახილს პოულობდა რეჟისორის შედევრთან, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და ისევ გაზაფხული.
კიმი წლიდან წლამდე უფრო მეტად ძალადობრივი და სისხლიანი ხდება, გაშმაგებული ცდილობს რაც შეიძლება მეტი სიცხადით დაგვანახოს ადამიანების ცხოველური, დაცემული, მოძალადე, ინსტინქტებს დაქვემდებარებული ბუნება. კიმის მაგალითზე ჩანს, რომ ყოველ წელს ერთი ახალი ფილმის გადაღება მთლად კარგი აზრი არაა. კიმის ბოლო ფილმები უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს: ვერაფრით ხვდები როგორ იღებს ერთდროულად უსუსტეს, მდარე, მარტივ სცენებს და ამავდროულად უზოგადეს, დიად საკაცობრიო თემებზე გელაპარაკება და აქვს ეპიზოდები, რომლებიც მართლაც ძალიან საინტერესო მიგნებები და ხედვებია.
ასეა თუ ისე, ვფიქრობ, ახალი ნამუშევარიც, მხოლოდ და მხოლოდ, რეჟისორის ერთგული თაყვანისმცემლებისთვისაა, რომელთაც არასოდეს მობეზრდებათ საკუთარი თავის მუდმივი გამეორება რეჟისორთან და უნდა გამოვტყდე, ამ თაყვანისმცემლებში, მეც ვწერივარ.