კანის კინოფესტივალზე ლარს ფონ ტრიერის ახალი ფილმის – “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა” პრემიერა შედგა. ფილმის მთავარი გმირი, ჯეკი (მეთ დილონი) ინჟინერია, რომელსაც არქიტექტორობა სურს. ის სახლს იშენებს და ადამიანებს კლავს. სახლი ცუდი გამოსდის, მკვლელობები – კარგი: არავინ აპირებს მის დაჭერას, მსხვერპლები თავად უსხდებიან მანქანაში და თავად აღებენ სახლის უკანა კარს. ჯეკისთვის მკვლელობა შემოქმედებით აქტად იქცევა. ის სხეულებს სპეციალურ მაცივარში ინახავს და საბოლოოდ, მათგან ერთ დიდ ფიგურას ქმნის.
შვიდი წლის წინ, ჰიტლერზე ხუმრობის გამო, ჯერ კიდევ სასიცოცხლო ძალებით სავსე ლარს ფონ ტრიერი კანის კინოფესტივალმა მოკვეთა, ახლა კი მას ფესტივალის კიბეებზე სხვების დახმარების გარეშე ასვლა უჭირს. ახალი ფილმი მისი შემოქმედების დასასრულს, შემოქმედ-მანიპულატორის ფინალურ ნაწარმოებს ჰგავს. გმირის წითელი ტანსაცმელი და თანამგზავრის სახელი ვერჯი (ვერგილიუსთან ასოციაციით) ეჭვებს არ ტოვებს: ჩვენ წინაშე ახალი დანტეა, რომელიც ცდილობს, აღწეროს და მწყობრში მოიყვანოს მის შიგნით არსებული ჯოჯოხეთი.
პრემიერის დროს, ყოველ მომდევნო მკვლელობას, დარბაზის კარის მიბრახუნება ახლდა თან, თუმცა ჯეკის მუდმივი თანამოსაუბრე ტყუილად არ ციტირებს Doors-ის სიმღერას whisky bar. სიმღერის ტექსტი ეკუთვნის კურტ ვაილეს, რომელიც თავის მხრივ ბერტოლტ ბრეხტის ლექსებს ეყრდნობოდა, ბრეხტს, რომელმაც შექმნა “ეპიკური თეატრი”, სადაც მსახიობი და მაყურებელი ერთმანეთისგან დისტანცირებულია.
დასახიჩრებული სხეულები საშინლად გამოიყურება. ტრიერი სიუჟეტურ ძაფში თხრობითი კინოქრონიკის, ფოტოგრაფიის და ნახატების ჩართვით, ჯეკთან ერთად სვამს კითხვას: იქნებ ტირანებიც არტისტები არიან? ეს ადამიანები, რომლებიც მასობრივ მკვლელობებს სჩადიან და ასობით ათასი დასახიჩრებული გვამის ინსტალაციას ტოვებენ?
თავის დროზე ალექსეი ბალაბანოვის ფილმი – ტვირთი 200 არცერთმა მნიშვნელოვანმა კინოფესტივალმა არ ჩართო პროგრამაში. კანის ფესტივალის კონსულტანტმა კი ტრიერს მეგობრული ტონით ჰკითხა, მომავალშიც ასეთივე ფილმების გადაღებას თუ აპირებდა. როგორც ჩანს, დანიელი რეჟისორი, პროვოკაციული რეპუტაციის მქონე ბალაბანოვის მსგავსად, დღეს საკმაოდ კონვენციონალურად გამოიყურება საღამოს სეანსის აუდიტორიისთვის, სადაც პუბლიკას სმოკინგისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე არ უშვებენ.
ყოველ მაყურებელს განსხვავებული მგრძნობელობა და აღქმა აქვს გამოსახულებისა და ხმის მიმართ, რომელიც უმოწყალოდ ეხლება აღმქმელის ორგანოებს. ტრიერის ბოლო ფილმის ყურების შემდეგ მთავარი ემოცია არც ზიზღია, არც აღშფოთება და არც აღფრთოვანება, არამედ, უბრალოდ, სინანული, – ეპოქის დიდი ავტორებისა და დიდი ფილმების წასვლით გამოწვეული სინანული. ჯეკს, ისევე, როგორც ტრიერს, როგორც ყოველ ჩვენგანს, გაუხარდებოდა, თუკი თავს ხუხულას შეაფარებდა.
წყარო: www.kinopoisk.ru
მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა