ავტორი: მარიკა ბაკურაძე
1949 წელი. პოლონეთი. ზამთარი. შავ-თეთრი ფერები. ნახევრად დანგრეული ქვეყანა. ომის შემდგომი პერიოდი. ჯერ კიდევ კვამლის სუნი. ხალხის გამოღვიძება. ფოლკლორის გაცოცხლება. ომგამოვლილი ადამიანების სიმღერები, ცეკვები, კულტურული ცენტრის გახსნა. ერთი კაცი და ერთი ქალი.
1959 წელი. ისევ პოლონეთი. ისევ შავ-თეთრი ფერები. ცივი ომი. ისევ ის ერთი კაცი და ისევ ის ერთი ქალი.
შუალედი – 10 წელი.
2018 წელი. საფრანგეთი. კანი. ახალი ფილმის პრემიერა, ფილმის, რომელიც პიანისტის და მომღერლის სიყვარულის ამბავს გვიყვება. გვიყვება პოლონურ და პარიზულ ცხოვრებაზე, ურთიერთობაზე, ღალატზე, დაშორებასა და შერიგებაზე. ცივ ომზე და ცივი ომის დროს გაჩენილ ცხელ სიყვარულზე.
არაფერი ახალი ამ ჩამონათვალში არ იძებნება. არცერთი სიტყვა და არცერთი განცდა უცხო არ არის. ომზე და სიყვარულზე უამრავი წიგნი დაწერილა და უამრავი ფილმი გადაღებულა. ამიტომ, როცა ამ მარადიულ თემებს ეხები, ძნელია, მისი საინტერესო და ახლებური ვერსიის წარმოჩენა. მითუმეტეს, იცი, რომ კრიტიკა არ დაგაკლდება, რადგან ოსკაროსანი რეჟისორი ხარ და შენს გამოჩენას ყველა ელის; რომ მე-20 საუკუნის შუა წლები ჯერ კიდევ ახლო წარსულია და როცა რეალურ სურათს აცოცხლებ, აუცილებლად მოიძებნება ადამიანი, რომელიც იტყვის – ეს ასე არ იყო.
პოლონელი რეჟისორი, პაველ პავლიკოვსკი ქართველმა მაყურებელმა 2014 წელს იდას დამსახურებით გაიცნო. იდა და მანდარინები ოსკარზე ერთ ნომინაციაზე იყვნენ წარდგენილნი და კინოაკადემიამ უცხოენოვან ფილმებს შორის საუკეთესოდ სწორედ იდა დაასახელა. ამერიკული ტრიუმფიდან 4 წლის თავზე კი რეჟისორმა არანაკლებ საინტერესო ნამუშევარი – “ცივი ომი” გვიჩვენა. კინოსეანსის დასრულების შემდეგ კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ “ცივი ომი” იდაზე უკეთესია.
ფილმს რეჟისორი მშობლებს უძღვნის, სწორედ მათ ურთიერთობას აცოცხლებს და პერსონაჟებს სახელებსაც კი არ უცვლის. ცდილობს, გვიჩვენოს, თუ როგორი რთულია ურთიერთობის წარმართვა, ბედნიერების შენარჩუნება, განშორება, შერიგება, არეულობა, კარგად ყოფნაც კი. ეს მუსიკით დაწყებული ურთიერთობაა – როცა პოლონეთის ერთ სოფელში ფოლკლორის მომღერალ-მოცეკვავეებს შორის მუსიკოსი ერთ ნიჭიერ გოგოს აღმოაჩენს. მუსიკა მათ ურთიერთობას მუდმივად თან გასდევს. თუ პოლონეთში ფოლკლორი ისმის, პარიზულ ცხოვრებაში ეს მელოდიები ჯაზში გადადის. ისმის შოპენიც და ამერიკული ჯაზიც. მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი ფილმი მუსიკის და გრძნობების ჯემსეიშენია. თბილი “ცივი ომი”.
“ცივი ომის” მსგავსად, ფესტივალის მთავარ საკონკურსო სიაშია ახალი ეგვიპტური ფილმი, რომელიც წლევანდელ პროგრამაში უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნამუშევარია.
ეგვიპტელი რეჟისორის, ას აბუ ბარ შაკის ფილმი მოგვითხრობს ხეიბარ კეთროვანზე, რომელიც დაახლოებით 40 წლისაა, და დაახლოებით იმიტომ, რომ მან ზუსტად არც საკუთარი ასაკი იცის, არც გვარი და არც წერა-კითხვა. ის მშობლებმა ბავშვობაშივე მიაგდეს და კეთროვანთა დასახლებაში დატოვეს. ბიჭი გადარჩა, გაიზარდა და მშობლების მოძებნა გადაწყვიტა. მთელი ფილმიც სწორედ ეს ძებნაა, ეს გზა – ეგვიპტის ქალაქებს შორის, მატარებელში, მიწურებში, ქუჩაში, უდაბნოში. ესაა მოგზაურობა ნამდვილ ადამიანებთან ერთად, იმ ხალხთან ერთად, ვინც ქუჩაში ცხოვრობს და თავს მოწყალებით ირჩენს; კაცთან ერთად, რომელსაც წელზე მატარებელმა გადაუარა; მეორე კაცთან ერთად, რომელიც ისედაც გასაცოდავებულ ადამიანს ერთადერთ ჩანთას ართმევს და გარბის; ბიჭთან ერთად, რომელსაც ობამა ჰქვია. რატომ ობამა? პასუხი ასეთია: ვიღაც კაცის გამო, რომელიც ხშირად ჩანს ხოლმე ტელევიზორში. აი, ასეთი პასუხების, სინამდვილის და გულწრფელობის ფილმია “Yomeddine”.
“Yomeddine” – “განკითხვის დღე”.
ფილმში ერთი სცენაა. ბიჭი (ობამა) და კაცი ვირთან ერთად მიუყვებიან ეგვიპტის უსასრულო გზებს. მერე ვირი კვდება და ლაგამი ფუნქციას იცვლის – ის ახლა ვირის საფლავში ჩარჭობილი ჯვარია. ეს ყველაფერი დილით ხდება, საღამოს კი ბიჭი კაცს ეკითხება:
-ცხოველებს განკითხვის დღე აქვთ?
-არა, – პასუხობს კაცი, – ისინი პირდაპირ სამოთხეში ხვდებიან.