ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ საუკეთესო კაბები ოსკარის ისტორიიდან, ახლა კი დროა ყველაზე ცუდად ჩაცმული ვარსკვლავების ჩამონათვალს გავეცნოთ:
1. ბეტი დევისი – 1936
მსახიობი დარწმუნებული იყო, რომ იმ წელს ჯილდოს მისაღებად სცენაზე ასვლა არ მოუწევდა, ამიტომ ცერემონიაზე ძველ კოსტიუმში გამოწყობილი გამოცხადდა.
2. შერი – 1974
მომღერალი თავს ზედმეტად გულახდილი კოსტიუმით იწონებდა, რომლის ჩაცმაც, ალბათ, ზღვისპირა კურორტზე უფრო ადეკვატური იქნებოდა, ვიდრე ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოებაზე.
3. ედი უილიამსი – 1974
იმავე წელს, საცურაო კოსტიუმსა და ქურქში გამოწყობილი ედი შერიზე არანაკლებ უცნაურად გამოიყურებოდა. ამ ყოველივეს კი ძაღლთან ერთად მისვლამ კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე შესძინა.
4. კვლავ შერი – 1986
დიზაინერ ბობ მაკის შავი, მუცელზე ამოჭრილი კაბა და უზარმაზარი თავსაბურავი ოსკარის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ჩაცმულობადაა მიჩნეული.
5. და აქვე ედი უილიამსიც – 1986
როგორც ჩანს, ეს ორი ქალბატონი ერთმანეთს უგემოვნობასა და სიშიშვლეში გამუდმებით ეჯიბრებოდა!
6. ისევ შერი – 1988
ვფიქრობთ, ამ ბრძოლაში შერიმ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა მას შემდეგ, რაც საკუთარ კარიერაში პირველი ოსკარი ბობ მაკის მორიგი გულახდილი კაბით მიიღო!
7. დემი მური – 1989
უმშვენიერესი მსახიობი საკუთარი დიზაინით შექმნილ საკმაოდ უცნაურ კაბაში მოგვევლინა, რასაც გემოვნებიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
8. კიმ ბესინჯერი – 1990
საკუთარი თავი მაღალ მოდაში კიმმაც მოსინჯა და საზოგადოების წინაშე აი, ამ ჰიბრიდული კაბით წარსდგა!
9. ჯინა დევისი – 1992
საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ნომინირებული ჯინა იმ წელს თავს საუკეთესო კაბით ნამდვილად ვერ მოიწონებდა… თეთრ ქათქათა კაბაზე შავი კოლგოტი? – რავიცით აბა…
10. ვუპი გოლდბერგი – 1993
ორნამენტებიან, ცისფერ კომბინიზონთან ერთად იისფერისა და მწვანის კომბინაციით გაწყობილი კაბა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უგემოვნო შეხამებაა, რაც კი ოსკარის 90 წლიანი ისტორიის განმავლობაში გვინახავს.
11. ლიზი გარდინერი – 1995
American Express-ის ვადაგასული ბარათებისგან დამზადებულ კაბაში გამოწყობილ დიზაინერთან ერთადერთი კითხვა გვაქვს – დაჯდომას როგორ ახერხებდა?
12. სუზან სარანდონი – 1996
90-იან წლებში მზის სათვალე ჰოლივუდის ვარსკვლავებისათვის მართლაც განუყრელ აქსესუარად იქცა, თუმცა მთლიანად ოქროსფერ ტონებში გადაწყვეტილი სუზან სარანდონის ჩაცმულობაში ის ყველაზე ნაკლებ პრობლემას წარმოადგენდა.
13. შარლიზ თერონი – 2000
ერთი შეხედვით, ამ კაბაში განსაკუთრებული არაფერია – ასე ღრმად ამოჭრილი ზურგი ხომ ზემოთ ნანახი კოსტიუმების შემდეგ ნამდვილად აღარ გვიკვირს, თუმცა მსახიობმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სწორედ ამ კაბის გამო ის ძალიან ბევრ როლზე დაიწუნეს…
14. მეტ სტოუნი და ტრეი პარკერი – 2000
ამ უცნაური ჩაცმულობით სამხრეთ პარკის შემქმნელები შეეცადნენ ჯენიფერ ლოპესისა და გვინეთ პელტროუსათვის დაეცინათ.
15. ბიორკი – 2001
ამ სიას, რა თქმა უნდა, ისლანდიელი მომღერლის ლეგენდარული კაბის გარეშე ვერ დავტოვებდით!
16. ქეით ჰადსონი – 2001
მოდის კრიტიკოსებმა ქეითის სადებიუტო ჩაცმულობა ვარცხნილობასთან ერთად მიწასთან გაასწორეს, თუმცა, როგორც მსახიობმა წლების შემდეგ აღნიშნა, ის თავს ძალიან ლამაზად გრძნობდა და ამ კაბას გარდერობში კვლავ ინახავდა.
17. გვინეთ პელტროუ – 2002
გვინეთის გოთური იმიჯი ყველასთვის ძალიან უცნაური აღმოჩნდა, ამ ყოველივეს კი, რა თქმა უნდა, მოშიშვლებული მკერდი კიდევ უფრო ამძაფრებდა.
18. ჰოლი ბერი – 2002
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლის კაბას ხშირად ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიხსენიებენ, ყველანი ვთანხმდებით, რომ გამჭირვალე ზედატანი და ნაქარგი ყვავილებით დაფარული მკერდი უდაოდ იმსახურებს სკანდალური ჩაცმულობის ჩამონათვალში მოხვედრას.
19. კვლავ შარლიზ თერონი – 2010
როგორც წესი, შარლიზი წითელ ხალიჩაზე უბადლოდ გამოიყურება, თუმცა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ მისი კაბა კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა ხოლმე…
20. მადონა – 2011
პოპის ვარსკვლავი არაორდინალური ჩაცმულობით ყოველთვის გამოირჩეოდა და ჩვენც მის ამ უცნაურ ლუქს, რა თქმა უნდა, ვერ გამოვტოვებდით!